თურქეთის პრეზიდენტი ამერიკის საკონსულოს თანამშრომლის დაკავების ფაქტს მართებულად თვლის და დაპატიმრებულს ბრალს ჯაშუშობაში სდებს. "როგორ მოხდა, რომ ამ ჯაშუშებმა ამერიკის საკონსულოში შეაღწიეს?.. არცერთი სახელმწიფო არ დაუშვებდა მსგავს ჯაშუშებს, რომლებიც საშინაო საფრთხეს წარმოადგენენ" - განაცხადა დღეს რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ბელგრადში, სერბიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
გასულ კვირას თურქეთში დააკავეს მეთინ თოფუზი, შეერთებული შტატების საკონსულოს თანამშრომელი. ის იმ ე.წ. ტერორისტულ ქსელთან რეგულარულ კომუნიკაციაშია ეჭვმიტანილი, რომელსაც თურქეთის მთავრობის აზრით, გასულ წელს თურქეთში არშემდგარი გადატრიალების ორგანიზება ბრალდება. ანკარამ საკონსულოს მეორე თანამშრომლის დაკითხვის ფაქტიც აღიარა.
მოვლენების განვითარებამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა საგრძნობლად დაძაბა. ანკარაში მდებარე შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეებისგან არასაემიგრაციო ვიზებზე განაცხადების განხილვა დროებით წყდება. ვაშინგტონის ამ ნაბიჯს თურქეთისგან ანალოგიური ქმედება მოჰყვა.
Facebook Forum