ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიულია თუ არა არჩევნები აშშ-ში?


სამართლიანი არჩევნების გამართვისთვის რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვაა საჭირო

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, კოფი ანანი შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ამას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.

ლონდონში „ამერიკის ხმასთან" საუბარში კოფი ანანმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ თავად უნდა შეარჩიოს არჩევნების ჩატარების წესები. მისი თქმით:

„არსებობს ფუნდამენტური საკითხები, რომელთა დაცვას ყველა სახელმწიფო უნდა ცდილობდეს. ყველა პრობლემას ერთნაირად ვერ გადაწყვეტ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია საზოგადოების სპეციფიკა.“

არჩევნების და დემოკრატიის გლობალური კომისიის შემადგენლობაში 12 წევრია, მათ შორის ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები, როგორებიცაა მადლენ ოლბრაიტი და ხავიერ სოლანა. როგორც კომისიის ერთ-ერთი წევრი, დემოკრატიის და არჩევნების განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის თავჯდომარე, ვიდარ ჰელგესენი აცხადებს: „უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე მსოფლიოში გაიზარდა დემოკრატიული ქვეყნების რიცხვი, შესაბამისად, მოიმატა არჩევნების რაოდენობამ, მაგრამ როდესაც საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ზრუნავს, ავტორიტარულმა ლიდერებმა კარგად აითვისეს არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიები.“

კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამართლიანი არჩევნების გამართვისთვის რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვაა საჭირო. ეს არის კანონის უზენაესობა, ზეპარტიული მყარი საარჩევნო სისტემა და არჩევნების დაფინანსების რეგულირება. ბატონი ჰელგესენის აზრით, შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის ნაკლი უკონტროლო პოლიტიკურ დაფინანსებაში მდგომარეობს.

მისი თქმით: „საზოგადოებრივი აზრის გამოკითვის მიხედვით ამერიკელები ამ პრობლემის გამწვავებაზე მიუთითებენ. ამერიკელთა ორ-მესამედი შტატებში არსებული პოლიტიკური სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს. ამერიკელები თვლიან, რომ მათი პოლიტიკური ელიტა სულ უფრო კორუმპირებული ხდება, კონგრესმენები კი საზოგადოებრივი ინტერესების ნაცვლად კერძო და კორპორატიულ ინტერესებს იცავენ.“

ისინი, ვინც ამერიკის საარჩევნო სისტემაში სულ უფრო მეტი კაპიტალის მონაწილეობას უჭერენ მხარს, ამას დემოკრატიის განვითარების აუცილებლობით ამართლებენ. როგორც ლიბერტარიანული საადვოკატო ფირმის წარმომადგენელი პოლ შერმანი აცხადებს, საარჩევნო კამპანიის დროს დახარჯული ფული ელექტორატის გათვითცნობიერებას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG