რვა წელი გავიდა რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებიდან. მაგნიტსკი წინასწარი დაკავების საკანში თერთმეტ თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. ადამიანის უფლებების საპრეზიდენტო საბჭოს დასკვნით, მაგნიცკის ციხეში ფიზიკურად უსწორდებოდნენ. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მაგნიცკის სიკვდილი პოლიციელების მიერ ცემამ და წამებამ გამოიწვია.
მაგნიტსკის დაღუპვიდან მერვე წლისთავზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან რუსი ოფიციალური პირების საგადასახადო თაღლითობის ფართომასშტაბიანი სქემა გამოავლინა და მისი დაკავება სწორედ ამ ოფიციალური პირების მიერ მოხდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჰედერ ნაუერტმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ რუსეთის მთავრობამ არამარტო ვერ შეძლო მაგნიტსკის სიკვდილში პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა, არამედ „ბოლო პერიოდში რუსეთის მთავრობა აქტიურობს შეთქმულების თეორიების გავრცელებაში, რათა დანაშაულისგან ყურადღების გადატანა მოხდეს.“
2012 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა გამოსცა სერგეი მაგნიტსკის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის აქტი, ამ დოკუმენტს უფრო ხშირად მაგნიტსკის აქტად მოიხსენიებენ და ის მიზნად ისახავს სერგეი მაგნიტსკის წამებასა და სიკვდილში პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და გასამართლებას. ამ ზომებში ასევე შედის ამ პირებისთვის აშშ-ში შემოსვლის და მათ მიერ ამერიკის ფინანსური სისტემის გამოყენების აკრძალვა.
მაგნიტსკის აქტის განხორციელებისას, ამ დრომდე მის სიკვდილთან დაკავშირებული 35 ადამიანის შეყვანა მოხდა სპეციალურ სიაში. კიდევ ცხრა ადამიანის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. მათ რუსეთის უახლეს ისტორიაში ადამიანის უფლებების დარღვევაში ედებათ ბრალი, თუმცა მაგნიტსკის საქმეში არ ფიგურირებენ. ამ ადამიანების სიაში შედიან პოლ ხლებნიკოვის, უმარ ისრაილოვისა და ალექსანდრ ლიტვინენკოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხისმგებელი პირები.
„სერგეი მაგნიტსკის არაორდინალური სიმამაცის პატივსაცემად, ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ იმ ადამიანების გამოვლენაზე მუშაობის გაგრძელებას, რომლებიც მას არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ამაში კი ჩვენ მთლიანად მაგნიტსკის აქტის განხორციელებას ვგულისხმობთ," განაცხადა ნაუერტმა.
ეს არის ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, რომელშიც გამოხატულია აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოზიცია.
Facebook Forum