ეგვიპტის ოპოზიციური გაერთიანება ეროვნული ხსნის ფრონტი აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. აღნიშნული ალიანსი ლიბერალურ, მემარცხენე და სეკულარულ პარტიებს აერთიანებს. გაერთიანება ასევე უარს აცხადებს პრეზიდენტ მორსის შეთავაზებაზე დიალოგის შესახებ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ედვარდ იერანიანი არკვევდა.
ოპოზიციის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, სიურპრიზი არ ყოფილა. მანამდე მოსახლეობას ბოიკოტისკენ ეროვნული ხსნის ფრონტის ლიდერებმა ჰამადინ სებაჰიმ და მოჰამედ ელ-ბარადეიმ მოუწოდეს. ელ-ბარადეი ეროვნული ხსნის ფრონტის სიმბოლურ ხელმძღვანელად ითვლება. მან შაბათს არჩევნების ბოიკოტის შესახებ თავის თვითერზე დაწერა. ბარადეის თქმით, მას არ აქვს სურვილი, რომ „ყალბ დემოკრატიაში“ ჩაერთოს და მისი ნაწილი გახდეს. მან დაგეგმილ არჩევნებს სიყალბის აქტი უწოდა.
ოპოზიციის ლიდერმა სამეჰ აშურმა კი დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის გარეშე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების გარანტია არ არსებობს. მისი თქმით, პრეზიდენტმა მორსიმ ოპოზიციის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
აშურის თქმით, ოპოზიციამ მთავრობის სხვადასხვა ნაბიჯები გააპროტესტა. მათ შორის ახალი კონსტიტუციის ძალით შემოღება, დამოუკიდებელ სასამართლოზე შეტევა და არჩევნების ჩატარება ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის გარეშე. მისი თქმით, პრეზიდენტის პარტიას მუსლიმთა საძმოს, მონოპოლიზებული აქვს ძალაუფლება და სახელმწიფოს ინსტიტუტებს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ უყენებს.
აშურმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას პრეზიდენტ მორსის მიერ შეთავაზებულ დიალოგში, რადგანაც ამას რეალური შედეგი არ ექნება და ხელისუფლების დემოკრატიულ დეკორაციას ისახავს მიზნად.
ეროვნული ხსნის ფრონტში თერთმეტი ოპოზიციური პარტიაა გაერთიანებული. ისლამისტური მუსლიმთა საძმო და ულტრაკონსერვატული სალაფ-ნურის პარტია აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებენ. ისინი ასევე ეროვნული დიალოგის პროცესშიც ჩაერთვებიან.