ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური რყევები და ეკონომიკა


ბოლო ორი წლის მანძილზე ხელისუფლებაში მომხდარმა დრამატულმა ცვლილებებმა ეგვიპტის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00
ბმული
ეგვიპტის ისლამისტი პრეზიდენტი, მოჰამედ მორსი არმიამ ხელისუფლებას ჩამოაცილა. ეს იყო ჯერჯერობით უკანასკნელი პოლიტიკური რყევა, რაც ეგვიპტემ ბოლო წლების მანძილზე განიცადა. სულ რაღაც ორი წლის წინ, ისევ არმიის მხარდაჭერით, ქვეყანამ დიდი ხნის ლიდერი, ჰოსნი მუბარაქი მოიცილა.

ცვლილებები ეგვიპტის ეკონომიკას საკმაოდ ძვირი უჯდება. ბოლო ორი წლის მანძილზე ხელისუფლებაში მომხდარი დრამატული რყევები ყველაზე მეტად ტურიზმის სფეროს აზარალებს. ორი წლის წინ მომხდარ რევოლუციამდე ტურიზმი ეგვიპტეში ნაღდი ფულის შემომტანი მთავარი წყარო იყო. მაგდი შეკო, სუვენირების მაღაზიიდან „კაპიტალ ბაზარი“, ყვება, რომ გამუდმებული პოლიტიკური ცვლილებები ტურისტებს აშინებს და ამის გამო ეგვიპტის ეკონომიკა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება.

„ბიზნეს-საქმიანობა როგორც ასეთი, აღარ არსებობს. გაკოტრებული ვართ და ეკონომიკა სიკვდილის პირასაა. ვერავინ გვშველის“ - ამბობს ის.

ქაიროში მხოლოდ სუვენირების გამყიდველები არ დაზარალებულან. საიდი დედაქალაქში მდებარე მაღაზია „გიზას პირამიდებში“ 45 წელიწადზე მეტია საიუველირო ნაწარმს ყიდის. მისი თქმით, მდგომარეობა გასულ წელს შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ ბოლოს მომხდარი ცვლილებების შემდეგ ყველაფერი ისევ უკან მიდის.

„ერთი წლის წინ ბიზნესი უკეთ ამუშავდა. მაგრამ გიზას მოედანზე ახლა ყველაფერი ისევ ცუდად მიდის. ტურისტები აქ საერთოდ აღარ მოდიან. მორსის მხარდამჭერები დიდ პრობლემებს გვიქმნიან“ - ამბობს საიდი.

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ეგვიპტელები შეშფოთებული იყვნენ იმით, რომ ექსპრეზიდენტ მორსის მეთაურობით ხელისუფლებაში ისლამისტების მოსვლამ პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა და ფაქტიურად მთელი ინდუსტრიის მოსპობა გამოიწვია. მაღალი კლასის რესტორნებიც კი დაზარალდა.

„არმადა“, რამდენიმე გემბანიანი საკრუიზო გემი, რომელიც ნილოსზე მოძრაობს, პრაქტიკულად ცარიელია. ხომალდის მფლობელები ხელფასს 30 მზარეულს უხდიან. მაგრამ გენერალური მენეჯერი ზიად ელ-მინაბავი წუხს, რომ რესტორანს კლიენტურა ფაქტიურად აღარ ყავს, და ათეულობით მზარეული ფაქტიურად უქმად ცდება.

„სუეცის არხის შემდეგ ტურიზმი ქვეყანაში შემოსავლის ზომით მეორე წყაროა. წარმოიდგინეთ რა დაემართება ქვეყნის ეკონომიკას, როცა მისი მოცულობით მეორე შემოსავლის წყარო 90 პროცენტით შემცირდება. ეს კატასტროფის ტოლფასია“ - აღნიშნავს რესტორნის გენერალური მენეჯერი.

შექმნილი სიტუაციით ძალიან დაზარალდა აქლემების ბიზნესის მფლობელი მაჰმუდ ატიფ ტარტური, რომელიც მამის შემდეგ ოჯახურ ბიზნესს უდგას სათავეში. იმის გამო, რომ აქლემით გასეირნების მსურველი ტურისტები აღარ ყავს, მაჰმუდს 12-დან 4 აქლემის გაყიდვა მოუწია.

„როგორ უნდა ვიმუშაოთ, ტურისტები თუ არ ჩამოვლენ? რა ვაჭამო ჩემს აქლემებს? როგორ გამოვკვებო ოჯახი? ასეთ სიტუაციაში ერთ წელს კიდევ ვერ გავუძლებთ. დავიღუპებით“ - ამბობს ატიფ ტარტური.

როგორც ბევრი სხვა ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანი, მასაც იმედი აქვს, რომ მუსლიმთა საძმოს ძალაუფლების შეზღუდვასთან ერთად, ეგვიპტეში სიტუაცია გამოსწორდება და ქვეყანაში ტურისტები ისევ დაბრუნდებიან.
XS
SM
MD
LG