ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროში ისევ დაძაბულობაა


მუსლიმთა საძმოს არ სურს ეგვიპტის დროებითი პრეზიდენტის და ახალი არჩევნების დანიშნვის გეგმასთან რაიმე საერთო ჰქონდეს

ქაიროს ქუჩებში მრავალათასიანი მიტინგები გრძელდება. ამჯერად იქ ეგვიპტის ექსპრეზიდენტ მოჰამედ მორსის მხარდამჭერები არიან თავმოყრილი, რომლებიც მის ძალაუფლებაში დაბრუნებას ითხოვენ. მომიტინგეები აღნიშნავენ, რომ ისინი უარს ამბობენ წინა დღით გამოცხადებული კონსტიტუციის დეკლარაციის აღიარებაზე. მათი თქმით, დროებითი პრეზიდენტი ეგვიპტეს დემოკრატიული წესით არ აურჩევია და ამიტომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არალეგიტიმური იქნება.

მუსლიმთა საძმო აცხადებს, რომ არ სურს ეგვიპტის დროებითი პრეზიდენტის და ახალი არჩევნების დანიშნვის გეგმასთან რაიმე საერთო ჰქონდეს. საძმოს ლიდერი, ესამ ელ-ერიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც შეთავაზებაზე კატეგორიულ უარს ამბობს და გარდამავალი პერიოდისთვის დანიშნულ დროებით პრეზიდენტ, ადლი მანსურს ძალაუფლების უზურპირებაში დებს ბრალს.

ეგვიპტის არმია და მუსლიმთა საძმო ორშაბათს მომხდარი ძალადობის ფაქტში, რომელსაც 51 ადამიანი შეეწირა, ერთმანეთს ადანაშაულებენ. მუსლიმთა საძმოს ვერსიით, არმიამ მორსის მხარდამჭერებს ცეცხლი უმიზეზოდ გაუხსნა. მეორე მხარე კი აცხადებს, რომ ცეცხლის გახსნა მხოლოდ ტერორისტების მხრიდან ქაიროში სამხედრო ქვედანაყოფზე იერიშის მიტანის დროს მომხდარი გასროლების შემდეგ მოხდა.
XS
SM
MD
LG