ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის დიპლომატიური წარმატება


ეგვიპტის დიპლომატიური წარმატება
ეგვიპტის დიპლომატიური წარმატება

ისრაელსა და პალესტინელებს შორის პატიმრების გაცვლა ეგვიპტეს შეიარაღებული ძალებისთვის უდიდესი დიპლომატიური წარმატება იყო. ისრაელის მთავრობამ მადლობა გადაუხადა ქაიროს გარიგების წარმატებით დასრულებაში უმნიშვნელოვანესი როლის თამაშისთვის.

მეგობრული განცხადებების გაცვლა ეგვიპტესა და ისრაელს შორის რადიკალური ცვლილებაა იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ცოტა ხნის წინ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ეგვიპტეს 5 მესაზღვრე მოკლეს, ხოლო ეგვიპტელებმა კი ქაიროში ისრაელის საელჩოზე მიიტანეს იერიში.

გარდა ამგვარი დაძაბულობისა, ისრაელი ასევე შეშფოთებულია ეგვიპტეში ისლამისტების რაოდენობის რადიკალური გაზრდით.

ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ათწლეულების მანძილზე ისლამისტურ მოძრაობებს ზეწოლის ქვეშ აქცევდა, და მათ თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდა. ეგვიპტეს წარსულში ისლამისტები აქტიურად იყვნენ ქვეყნის პოლიტიკაში ჩართული და 1981 წელს მათ მუბარაქის წინამორბედი ანვარ ალ სადათი ისრაელთან მშვიდობის აკორდის ხელმოსწერის გამო სახელმწიფო აღლუმის მიღებისას მოკლეს.

ცოტა ხნის წინ, ქაიროში გამართულ ისლამისტი ფუნდამენტალისტების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაზე აბდულ ელ ზომორმა განაცხადა, რომ ისრაელთან დადებული ხელშეკრულების პირობები არ უნდა დაირღვეს. ზომორი სადათის მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით იყო გასამართლებული. მისი თქმით:

„ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს და მისი პირობების შესრულება უნდა გაგრძელდეს. ეს სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია. გარდა ამისა, ეს ხელშეკრულება საერთაშორისო დოკუმენტია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მაგრამ მასთან ერთად, უნდა ვეცადოთ განვავითაროთ კემპ დევიდის ხელშეკრულების ეკონოიკური და სოციალური ასპექტები.“

კემპ დევიდის ხელშეკრულებას 1978 წელს მოეწერა ხელი, რომელიც ისრაელ-ეგვიპტეს სამშვიდობო შეთანხმების ერთგვაგრი გაგრძელება იყო. ის მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სამომავლო დახვეწას და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მიზნით, პალესტინელების ტერიტორიული საკითხის გადაჭრას.

კემპ დევიდის ხელშეკრულების შესახებ ზომორის პრაგმატულ მოსაზრებას ეგვიპტეს შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭოს წევრებიც იზიარებენ. ისინი წინა მთავრობისგან განსხვავებით, პალესტინელებთან არაკანონიერ ვაჭრობას კრძალავენ. მაგალითად, ეგვიპტესა და ღაზას სექტორის დამაკავშირებელი გვირაბები მუბარაქის მთავრობისთვის ღია საიდუმლო იყო. ახლანდელი მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ გვირაბების განადგურებაზე. ეგვიპტელი გამომცემელი და პოლიტიკური მიმომხილველი ჰიშამ კასემი ამბობს:

„მიმდინარე პოლიტიკა გაცილებით გონივრულია. სამხედრო საბჭომ სპეციალური აპარატურაც კი შეიძინა იმისთვის, რომ ეს გვირაბები დაანგრიოს. გარდა ამისა, ეგვიპტემ ისრაელთან დაკეტილი საზღვარი გახსნა.“

კასემის აზრით, პოლიტიკის ამ მიმართულებას ეგვიპტეს მომავალი მთავრობებიც გააგრძელებენ.

„მომდევნო პრეზიდენტი ქვეყნის მთავარსარდალი არ იქნება. მთავარსარდალი არმიის წარმომადგენელი იქნება - თუმცა შეიძლება ეს არაოფიციალური გარიგება იყოს. ეგვიპტეს ჯარმა კარგად იცის რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ომს.“

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობა ისრაელთან სტაუს ქვოს შენარჩუნების მომხრეა.

პროფესორი საიდ სადეკი ქაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში აცხადებს, რომ ეგვიპტელებს ისრაელის მიმართ შესაძლოა გარკვეული პატივისცემა გაუჩნდეთ, იმის გამო, რომ ქვეყანა უკვე 5 წელი ცდილობდა ერთი ჯარისკაცის გილად შალითის პალესტინელების ტყვეობიდან დახსნას.

„არაბული გაზაფხული ძირითადად შიდა პოლიტიკურ საკითხებს ეხება. ხალხს უნდა პოლიტიკის წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს. მოსახლეობაა უნდა სახელმწიფომ ისე იზრუნოს თითოეულ მათგანზე, როგორც ისრაელის მთავრობამ გილად შალითზე იზრუნა.“

სადეკის თქმით, ეგვიპტელები საკუთარი ლიდერებისგან სწორედ ასეთ დაფასებას და პატივისცემას ელიან.

XS
SM
MD
LG