ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მანქანის ინდექსი“


ამ ინდექსის საშუეალებით ხდება მსოფლიოს საშუალო კლასის ცხოვრების დონის შეფასება

გლობალური ეკონომიკის სუსტი განვითარების პროგნოზების პირობებში, ნაკლებად ცნობილი ეკონომიკური ინდიკატორი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. „მანქანის ინდექსი“ მსოფლიოს საშუალო კლასის ცხოვრების დონეს აფასებს იმაზე დაყრდონიბით, თუ რამდენი ადამიანი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას.

კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის გლობალური ეკონომიკური პროგრამის დირექტორი, ური დადუში ამასთან დაკავშირებით გვეუბნება:

„განვითარებად ქვეყნებში მანქანის მფლობელობა პიკს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო ფენა ძლიერდება. ამის მიზეზი ის არის, რომ მსოფლიოში დაახლოებით 70-მდე განვითარებადი ქვეყანაა 3 მილიარდი ადამიანით, სადაც ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ყოველწლიურად 4000 დოლარს მიაღწევს, და სწორედ ამ ქვეყნებში იზრდება ყველაზე სწრაფად საშუალო ფენა.“

დადუში ამბობს, რომ შემოსავლების შედარებითი ზრდა ეკონომისტებისთვის წარმოადგენს ფენომენს, როცა პროპორციულად იზრდება მოთხოვნა არა-აუცილებელ პროდუქციაზე.

„საშუალო შემოსავლის გაზრდასთან ერთად, ადამიანები უფრო დიდი რაოდენობით დაიწყებენ ყველანაირი პროდუქციის შესყიდვას. მაგრამ როგორც ვვარაუდობთ, ეს იქნება ისეთი საქონელი, რომლებსაც იაპონია, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებენ.“

ამ ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდი იტყობინება, რომ გლობალური ეკონომიკური დაღმასვლის შედეგად, რომელიც 2008 წელს დაიწყო, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის მიერ ხარჯვა შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი ქრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ ევროპის ვალის კრიზისის გამო არსებოული გაურკვევლობა და ამერიკის მთავრობის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების მასიური შემცირება, შესაძლოა, ამერიკის ეკონომიკის სწრაფი დაღმასვლის მიზეზი გახდეს.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ თანდათანობით გაუმჯობესებას, თუმცა გლობალური მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობა ისეთი ტემპებით მაინც ვერ გაუმჯობესდება, როგორც ჩვენ 12 ან 6 თვის წინ გვეგონა.“

ეკონომისტები ამ არასტაბილურ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ რამდენიმე ფაქტორს ამატებენ: კერძოდ, სურსათზე ფასების მატებას და ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ კლიმატს. ქრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ამას სავალუტო ფონდი ვარაუდობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში არსებული მდგომაროება პრობლემატური რჩება, კარნეგის ფონდის ექსპერტი ური დადუში ფიქრობს, რომ სიტუაცია სავალუტო ფონდის პროგნოზებზე უკეთ წარიმართება.

„ევროპაში, ამერიკასა და ჩინეთში დღესდღეობით ეკონომიკური აღმასვლა არ ხდება, თუმცა განვითარებად ქვეყნებში განვითარების და ზრდის მამოძრავებელი ფაქტორები სახეზეა.“

ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, განვითარებად ქვეყნებში სამჯერ უფრო გაიზარდა მოსახლეობის მიერ ფულის ხარჯვის კოეფიციენტი, ვიდრე ამას წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში ჰქონდა ადგილი. ეკონომისტები ამიტომაც ფიქრობენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.
XS
SM
MD
LG