„ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადობის, აღდგენისა და რეფორმების მხარდაჭერას“ - საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
ბორელი აცხადევს, რომ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
„მოხარული ვარ, რომ ფიზიკურად ჩავატარეთ სამიტი ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორებთან ერთად. მის ფარგლებში გავცვალეთ აზრები დავით ზალკალიანთან. მასთან ერთად, განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება და ორმხრივი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრადობის, აღდგენისა და რეფორმების მხარდაჭერას" - წერს ბორელი.
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგით, საქართველოში ევროკავშირის ახალი, 2.3 მილიარდი ევროს ღირებულების საინვესტიციო გეგმა განხორციელდება. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის ზოგადი ინსტრუმენტების მაქსიმალური გაძლიერებისა, გულისხმობს მნიშვნელოვანი მოკლე და საშუალოვადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი, 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება. საქართველოსთვის ეს გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. განხორციელდება ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა სარგებელიც მოქალაქეებისთვის ხელშესახები იქნება. მათ შორისაა ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება; რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების შემცირება; მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, „ერასმუს პლუსისა“ და „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამებით სარგებლობის გაფართოება და ა.შ.“ - ნათქვამის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მის ფარგლებში ხდება სტრატეგიული და პოლიტიკური საკითხების განხილვა და შეთანხმება მხარეებს შორის.
Facebook Forum