აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან და იმ სიხარულთან ერთად, რაც მორწმუნეებისთვის ამ დღეს ახლავს, ტკივილი და სევდა ძლიერდება მათ ოჯახებში, ვინც ტრადიციული რიტუალის შესრულებას და ახლობელთა საფლავების მონახულებას ვერ ახერხებს.
ოკუპაციის ხაზი ზუსტად სასაფლაოს ღობეზე გადისლია მიქელაძე, სოფელი კოშკა
2008 წლის შემდეგ, იმ ადამიანების რიცხვს, ვინც იმ დრომდე იქცა დევნილად, ის ოჯახებიც მიემატა, საფლავებზე გასვლას რომ ბორდერიზაციის გამო ვერ ახერხებს. შიდა ქართლში ბევრია ისეთი სოფელი, საიდანაც გვერდით მდებარე სასაფლაოს ხედავენ, მაგრამ ერთმორწმუნე ოკუპანტის შიშით, ახლობელთა საფლავზე მისვლას ვერ ახერხებენ. მიტაცებული საფლავების გამო არსებული ტკივილი იმ საერთო ტრაგედიის ნაწილია, რაც კონფლიქტს თან ახლავს.
ლია მიქელაძე შიდა ქართლში, სოფელ კოშკაში ცხოვრობს. აღდგომისთვის ისიც ტრადიციულად ემზადება და კვერცხებს წითლად ღებავს. მისი სოფლის სიახლოვეს ორი სასაფლაოა - ძველი და ახალი. მის ოჯახს გაუმართლა, რომ ახლობლების საფლავზე მიესვლება.
„ოკუპაციის ხაზი ზუსტად სასაფლაოს ღობეზე გადის. წელს აქ ჩვენი პოლიცია დგას და ძალიან გვახარებს, რომ შეგვიძლია უხიფათოდ ვიგრძნოთ თავი და ისე გავიდეთ საფლავებზე ,“– გვეუბნება ლია მიქელაძე.
ზოგჯერ ვფიქრობ, რა მოხდება რომ დამიჭირონ რუსებმა, ვეტყვი, რომ საფლავზე ვიყავი, მიზეზი ხომ მაქვსშამილ თუხარელი, სოფელი კოშკა
კოშკაში ქართული პოლიციის საგუშაგო, ფაქტობრივად, სასაფლაოს შუაშია განთავსებული. „კოშკა–გუგუტიანთკარის სასაფლაო ესაზღვრება სოფელ დისევს. სასაზღვრო ზოლი, როგორც ახლა რუსეთი ამბობს, სასაფლაოს ღობეა. მის იქით თუ გავა ადამიანი, დააკავებენ. შიგნით თვითონ არ შემოვლენ. დისევის სასაფლაოზე დაკრძალული ჩვენი თანასოფლელების საფლავებზე გასვლა შეუძლებელია, ის უკვე ოკუპირებული ტერიტორიაა.“
ნაკლებად გაუმართლა შამილ თუხარელის ოჯახს. ის კოშკასთან, ფაქტობრივად, მიბმულ სოფელ გუგუტიანთკარში ცხოვრობს. მისი ოჯახის წევრები მთაზე მდებარე სასაფლაოზე არიან დაკრძალული, წმინდა გიორგის ეკლესიის მახლობლად. შამილ თუხარელი საფლავებს შორიდან უყურებს, იცის, რომ მიახლოვება სახიფათოა.
„ზოგჯერ ვფიქრობ, რა მოხდება რომ დამიჭირონ რუსებმა, ვეტყვი, რომ საფლავზე ვიყავი, მიზეზი ხომ მაქვს, მამაჩემი, ჩემი ძმა, ბიძაჩემი იქ არიან დაკრძალული ყველა. მინდა, რომ მივიდე, წითელი კვერცხები მივიტანო და ერთი ჭიქა ღვინოც წავიღო. ჯანდაბას თუ დამიჭერენ და ჯარიმას დამაკისრებენ. არ მიღირს 70 ლარის გადახდა იმისთვის, რომ ეს სურვილი ავისრულო?“ – ამბობს ჩვენთან თუხარელი.
ჩვენთან საუბრისას ის ყოფილ სამსახურს იხსენებს: „აქამდე ადმინისტრაციულ სამსახურში ვმუშაობდი. ჩვენ სხვებს ვაფრთხილებდით, გადასვლა არ შეიძლებაო. ახლა აღარ ვმუშაობ, შეიძლება, კიდევაც გავრისკო და გადავიდე. რომ ვმუშაობდი, ვერიდებოდი, ახლა კიდევ თავისუფალი კაცი ვარ. საფრთხე კია გადასვლა, მაგრამ ჩვენი სიყვარული იქაა დარჩენილი და ჩვენც ხომ გვინდა, ავიაროთ, ვნახოთ“.
ნათია მჭედლიძე ნიქოზში ცხოვრობს. ნიქოზი ცხინვალს ესაზღვრება იმდენად ახლოს, რომ მეზობლად სუნთქვის ხმაც კი ისმის. ნათია კმაყოფილია იმით, რომ მისი სოფლის მაცხოვრებლების საფლავები ოკუპაციას გადაურჩა: „ქართული პოლიცია სასაფლაოზე დგას, ჩვენ შეგვიძლია მისვლა საფლავებზე. სასაფლაო ბორდერიზაციის ხაზსა და სპეც–რაზმს შორისაა მოქცეული. ასე რომ იქ მისვლის არ გვეშინია.“
ოკუპირებული საფლავების პრობლემა მწვავედ დგას. ყოველ წელს ეს საკითხი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექმიზმების შეხვედრებზე ერგნეთში და ქართული მხარე ითხოვს მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა მოინახულონ ახლობლების საფლავები. წელს ამ საკითხზე, ისევე როგორც გასულ წლებში, შეთანხმება ვერ შედგა. ერთმორწმუნე ოკუპანტები აღდგომის დღესასწაულზე საქართველოს მოქალაქეებს წინაპართა საფლავებზე მისვლის ნებას ისევ არ აძლევენ.
ნინო დალაქიშვილი
Facebook Forum