ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარია, რატომ დაუწესდათ სავიზო შეზღუდვები


მას შემდეგ, რაც საქართველოში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ ჩართული, ქართველი ოფიციალური პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები აამოქმედა, „ქართული ოცნების“ მთავრობა ამბობს, რომ მათთვის გაუგებარია ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ფრაზის „სანქციები არ იქნება“ ავტორი, თბილისის მერი კახი კალაძე, დღეს ჟურნალისტებთან საუბრობდა იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა, როცა ამას ამბობდა.

"ჩემი განცხადება იყო, დარწმუნებული ვარ არ იქნება სანქციები, რადგან ამის საბაბი არ არსებობს. დღესაც არ არსებობს. ვერავინ ვერ მოიყვანს არგუმენტს, თუ რატომ უნდა დასანქცირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მთავრობის წევრები. უფლებამოსილება, რაც მათ ხალხმა მიანიჭა, რომ მიიღონ კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? ეს არის სწორი? ხომ შეიძლება ვინმემ ერთი არგუმენტი მოიყვანოს, რატომ არის კანონი ცუდი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის პარლამენტში ხელმეორედ წარმდგენი, „ქართული ოცნების“ წევრი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა. მდინარაძეს ანიტერესებს, „ბოლო-ბოლო“ ის და მისი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ არიან თუ არა მსოფლიოში პირველი კანონმდებლები, „რომლებიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს“.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირონიული ტონით წერს, რომ შეწუხებულია იმით, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო დეპარტამენტი „ოპოზიცია-აგენტურას“ საქართველოში.

"ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით. არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ აგერ უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა “რუსულის” ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

სავიზო სანქციების დაწესებისა და ამოქმედების ფონზე, ნინო წილოსანი სიამაყეს გამოხატავს. „ქართული ოცნების“ წევრმა პარალელები უკრაინის ომთან გაავლო.

ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლო, ვის და რატომ სჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება, ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინის ომის შემდეგ ნათელი გახდა. მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!“ - დაწერა ნინო წილოსანმა.

ვაშინგტონის ნაბიჯებს გამოეხმაურნენ ანტიდასავლური ანტიამერიკული რიტორიკით ცნობილ პარტია “ხალხის ძალაში”, რომლებმაც 2023 წელს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი პარლამენტში პირველად დააინიცირეს. პარტიის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ეს არის “დასავლური დემოკრატიის შავი დღე”.

„მთავარი პარტნიორის მხრიდან კიდევ ერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული. ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. [არის] დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე. როდესაც გრიგორიადისი შეწყალებულია იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ძალადობა, ეს არის ძალადობის ხელშეწყობა. როდესაც პოლიციელი სანქცირდება, ეს არის ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა“, - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების ამოქმედების შესახებ განცხადება, 6 ივნისს გააკეთა. დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვა ათობით პირს შეეხება, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.

“სავიზო აკრძალვებს ვაწესებთ ათეულობით პირზე და მათ შორის, ოჯახის წევრებზე, მათზე ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე, თავისუფალი შეკრების უფლებაზე, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე, სამოქალაქო საზოგადოების წევრების დაშინებაზე და მიზანმიმართულად, დეზინფორმაციის გავრცელებაზე. სანქციების ამ პირველ ნაკადში, მოიაზრებიან "ქართული ოცნების" წევრები, პარლამენტის წევრები, ოჯახის წევრები, პოლიცია და კერძო პირები",- განაცხადა მილერმა.

ამ დრომდე “ქართული ოცნების” წევრები, ისინი ვინც ჟურნალისტებს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ მათ ინფორმაცია ვიზის გაუქმების შესახებ არ მიუღიათ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG