დემოკრატმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა მესამე და წლის ბოლო საპრეზიდენტო დებატებისას განაცხადეს, რომ ყველა მათგანი ამერიკის ეკონომიკის სიჯანსაღესა და ე.წ. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხებაზეა ფოკუსირებული.
სენატორმა ვერმონტიდან ბერნი სანდერსმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი თავი არ უნდა მიიჩნიოს მსოფლიო პოლიციელად, არამედ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა კოალიციას უნდა გულისხმობდეს, რუსეთისა და რეგიონული სახელმწიფოებიდან მუსლიმი ჯარების მონაწილეობით.
"ჩემი გეგმით, ამან უნდა იმუშაოს, საუდის არაბეთს უნდა ვუთხრათ, რომ იემენში ბრძოლის ნაცვლად ის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა ჩაებას.უნდა დავარწმუნოთ კატარი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ორასი მილიარდი დოლარის დახარჯვის ნაცვლად, მან ყურადღება უნდა მიაქციოს "ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურებას რეგიონში."
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი აღნიშნა, რომ კოალიციის ძალისხმევას მხარს უჭერს და რომ ნამდვილად არსებობს ქურთი და სუნიტი მებროლების დახმარების, ჩართულობის საჭიროება.კლინტონის მოსაზრებით, ადგილზე ამერიკული ჯარების გაგზავნა სტრატეგიული შეცდომა იქნება, "რადგან ეს არის რისი ნახვაც მეამბოხეებს სურთ."
მესამე კანდიდატმა, მერილენდის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მარტინ ო'მაილიმ ხაზი გაუსვა ახალი ალიანსების ფორმირების საჭიროებას თანამედროვე საფრთხეებთან გასამკლავებლად.მან აღნიშნა ის ძალისხმევა, რომელიც აფრიკის კავშირმა სომალიში გაატარა.
ჰილარი კლინტონმა, რომელსაც ხშირად თავს ესხმიან რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "საუკეთესო შენაძენი" უწოდა.კლინტონის განცხადებით, ტერორისტულ საფრთხეებზე ზიზღით სავსე საპასუხო განცხადებები არ შედის აშშ-ის ინტერესებში.