ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ დეივიდ კრეიმერთან


ინტერვიუ დეივიდ კრეიმერთან
ინტერვიუ დეივიდ კრეიმერთან

15 მაისს გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა შეერთებული შტატების ჯერმან მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური საკითხების უფროსი მკვლევარის და სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ყოფილი თანაშემწის დეივიდ კრეიმერის სტატია სათაურით „შეერთებული შტატები ტოვებს რუსეთის მეზობლებს.“ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში წარმოქმნილ პრობლემებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ სთხოვა ბატონ კრეიმერს.

როგორც ცნობილია 10 მაისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მან ამერიკელ კანონმდებლებს მშვიდობიან ბირთვულ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირებისკენ მოუწოდა. ხსენებული ხელშეკრულების რატიფიცირება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის განკარგულების თანახმად გადაიდო. თავის წერილში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გარკვევით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კონგრესისთვის რუსეთ-ამერიკის მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულების გაგზავნის შესახებ ეყრდნობა დასკვნას, რომლის თანახმადაც „მდგომარეობა საქართველოში აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას შემოთავაზებული შეთანხმების შესრულებისთვის.“ ბატონ კრეიმერს მიაჩნია, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი გარემოება კარგს არაფერს უქადის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, მართალია პრეზიდენტ ობამას წერილის ხსენებული ნაწყვეტის დანიშნულება თბილისისთვის ნეგატიური გზავნილი როდი იყო, მას სწორედ ამგვარად აღიქვამენ როგორც თბილისში ისე მოსკოვში. მისი თქმით:

„ამდენად მე ვფიქრობ, რომ წერილი და განსაკუთრებით ის ფრაზა, რომ ‘მდგომარეობა საქართველოში აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას შემოთავაზებული შეთანხმების შესრულებისთვის’ დაუფიქრებელად გაკეთდა. ჩემი აზრით წერილში ყურადღება გამახვილებული იყო ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გამაგრებასა და მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულების ამოქმედებაზე. ხოლო რაც შეეხება ამ წერილის შინაარსის აღქმას საქართველოში, ამ რეგიონის სხვა ქვეყნებში და თვით მოსკოვში, ამის შესახებ, როგორც ჩანს, აქ არავის უფიქრია.“

კრეიმერი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ობამას წერილში ყველაზე შემაშფოთებელი ის იყო, რომ მას არც უხსენებია ის, რომ შეერთებული შტატების მთავრობა არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას. შედეგად მოსკოვსა და სხვა ქალაქებში პრეზიდენტ ობამას წერილს იმგვარად განმარტავენ, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ადრე რიტორიკულად მაინც იმეორებდა იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ ახლა ამის საჭიროებაც აღარ არსებობს. ამასთან დაკავშირებით კრეიმერმა აღნიშნა:

„მე არა მგონია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული გზავნილი, მაგრამ მას სწორედ ამგვარად განმარტავენ. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხს აქ გარკვეული უპასუხისმგებლობით მოეკიდნენ.“

პრეზიდენტ ობამას კონგრესისთვის განკუთვნილ წერილში ნათქვამია, რომ რუსეთ-ამერიკის მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირების აუცილებლობა აგრეთვე განპირობებულია შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიღწეული თანამშრომლობით ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ თეირანში გუშინ თურქეთისა და ბრაზილიის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების შედეგად ხსენებული გარემოება სულ სხვა დატვირთვას იძენს. კრეიმერი აღნიშნავს:

„მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ გააზვიადა რუსეთის დადებითი როლი ირანთან მიმართებაში. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთმა წარსულში გაეროს უშიშროების საბჭოს სამ რეზოლუციას მისცა ხმა და სამწუხაროდ ამ რეზოლუციების მიღებას თითქმის არავითარი შედეგი არ მოჰყვა. თვით ის ფაქტი, რომ რუსეთმა გარკვევით განაცხადა, რომ ის ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხოლოდ მაშინ დაუჭერს მხარს, თუ მასში აისახა მის მიერ განსაზღვრული შეზღუდვები, იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ჩვეულებისამებრ მხოლოდ სუსტ რეზოლუციას მისცემს ხმას. ხოლო გუშინ თეირანში თურქეთისა და ბრაზილიის შუამავლობით შემუშავებულ შეთანხმებას რაც შეეხება, მე არა მგონია, რომ ეს გარიგება დიდ ხანს გასტანს. ირანელების მხრიდან ეს არის კიდევ ერთი მცდელობა გაეროში ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვის შეფერხებისა და მე მადარდებს ის, რომ რუსეთი თეირანში მიღწეულ შეთანხმებას გამოიყენებს სანქციების დაწესების თავიდან აცილების მიზნით.“

კრეიმერი აღნიშნავს, რომ მთავარი მიზეზი იმისა, რომ ობამას ადმინისტრაცია განგებ აზვიადებს რუსეთის როლს ირანის საკითხთან მიმართებაში იმაში მდგომარეობს, რომ მას სურს იმის დემონსტრირება, რომ ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მას ძალუძს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის აღდგენა. რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის კონტექსტში ობამას ადმინისტრაციას იმის იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი მხარდაჭერას გამოუცხადებდა ვაშინგტონს ისეთ პრობლემებთან დაკავშირებით როგორიც არის ავღანეთი, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და ირანი. ეს უკანასკნელი კი იქნება სწორედ ის კრიტერიუმი, რომელიც „გადატვირთვის“ პოლიტიკის წარმატებას განსაზღვრავს.

ინტერვიუს დასასრულს ბატონმა კრეიმერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ობამას წერილი სამწუხაროდ წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გაუარესების მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით მან დასძინა:

„ეს ადმინისტრაცია ძალაუფლებაში მოვიდა იმ შეხედულებით, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ძალზედ მყუდრო და პიროვნული იყო. ამდენად მათ სურდათ ამ ურთიერთობის გარდაქმნა და ამ მიზნით ვაშინგტონმა თბილისისგან დაშორება დაიწყო. ამ პროცესის კონტექსტში ჩვენ უკვე დავინახეთ რამდენიმე კონკრეტული მინიშნება, რომ ურთიერთობა მნიშვნელოვნად იცვლება. მათ შორის მე გამოვყოფდი პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას არ შეხვდეს პრეზიდენტ სააკაშვილს, როცა იგი აქ იმყოფებოდა ბირთვული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. როგორც თქვენ მოგეხსენებათ, იგი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, სომხეთის ლიდერს, თურქეთის პრეზიდენტსა და სხვა სახელმწიფო მეთაურებს, მაგრამ არ გამოყო დრო სააკაშვილთან შესახვედრად. შედეგად თბილისმა და მოსკოვმა არასასურველი გზავნილი მიიღეს. ამდენად პრეზიდენტის წერილი ამ ტენდენციის უკანასკნელ გამოვლინებას წარმოადგენს.“

ამ თემაზე სასაუბროდ ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ცოტა ხნის წინ ინტერვიუ ჩაწერა კონგრესის წევრთან, ქალბატონ ელისონ შვარცთან. მან ზოგადად მიმოიხილა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ურთიერთობები რუსეთთან და განაცხადა:

„ დიდ მიღწევად ვთვლი საერთაშორისო შეთანხმებას ბირთვული იარაღის წარმოების შესამცირებლად. ეს ყოფილი ადმინისტრაციისგან განსხვავებით პრეზიდენტ ობამას მთავარი პრიორიტეტია. მსოფლიო ქვეყნების ამ იდეის გარშემო გაერთიანება ამერიკის ინიციატივით, მაგრამ რუსეთთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ გვჭრდება რუსეთთან შეთანხმება ამის გასაკეთებლად. ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის, როგორც მოკავშირის არსებობა. ჩვენ არ ვსვამთ საკითხს: ან საქართველო, ან რუსეთი. საქართველოც და რუსეთიც ჩვენი მოკავშრე გვინდა იყოს. ამიტომაც ვაგრძელებთ რუსეთთან მოლაპარაკებებს მსოფლიოს უსაფრთხოების საერთო საკითხებზე.“ განაცხადა ელისონ შვარცმა.

ამ თემაზე ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ დისკუსიას.

XS
SM
MD
LG