ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუდაპეშტში, დუნაიზე გემების შეჯახებისას დაიღუპა 7 და დაკარგულია 21 ადამიანი


პარასკევს, ბუდაპეშტში მაშველები იმ 21 ადამიანს ეძებენ, რომლებიც ტურისტული ნავით დუნაიზე გასეირნებისას, ნავის საკრუიზო გემთან შეჯახებისას დაიკარგნენ. მაშველები დუნაიდან, ჩაძირული გემის ამოტანას ცდილობენ. შეჯახების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა,ხოლო შვიდის გადარჩენა მოხერხდა. ტურისტები, ორის გამოკლებით, სამხრეთ კორეის მოქალაქეები იყვნენ.

უნგრეთის სახელწმიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ყველა გადარჩენილი პირი საავადმყოფოდან გაწერეს, გარდა ერთისა, რომელიც დამტვრეული ნეკნების მკურნალობას გადის.

უნგრეთის პოლიციამ საკრუიზო გემის კაპიტანი, უკრაინელი იური სი. დააკავა. მას ბრალად მდინარეში მოძრაობისას საფრთხის შექმნა ედება, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ადამიანები აკვირდებიან დუნაიზე სამაშველო სამუშაოებს
ადამიანები აკვირდებიან დუნაიზე სამაშველო სამუშაოებს

გამომძიებლების ინფორმაციით, საკრუიზო გემი „ვიკინგი“ და ტურისტული ნავი „ქალთევზა“ გვერდიგვერდ მოძრაობდნენ, როცა ორი გემი ხიდის სვეტებს მიუახლოვდა. "ქალთევზა" გემის წინ მოტრიალდა, რის დროსაც გემი მას დაეჯახა და გადააბრუნა. ნავი, პოლიციის ინფორმაციით, შვიდ წამში ჩაიძირა, რამაც მგზავრებსა და ორ უნგრელ ეკიპაჟის წევრს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დრო არ დაუტოვა.

უნგრელი მაშველების განცხადებით, წვიმა და დუნაის ძლიერი დინებები მათ ხელს უშლის სამძებრო სამუშაოებში. ისინი ძებნას ახლა უკვე სერბეთის ტერიტორიაზე განაგრძობენ.

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ინციდენტი „შოკისმომგვრელია“ და სამართალდამცავებს მომხდარის სრულყოფილი გამოძიება დაავალა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯაე-ინმა განაცხადა, რომ მან ბუდაპეშტში ქვეყნის დელეგაცია და ექსპერტები გაგზავნა სამუშაოებში დასახმარებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG