ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ძლიერი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა


სამშაბათს ძლიერმა კიბერთავდასხმამ არაერთი კომპანია დააზარალა რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში, თუმცა განსაკუთრებული ზიანი მიადგა უკრაინის ელექტრონულ სისტემებს. ვირუსმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის, სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ბანკების კომპიუტერები დააზარალა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა უკრიანის ენერგოგამანაწილებელი სახელმწიფო კომპანიაც, შეფერხებულია მეტროსა და აეროპორტების მუშაობა.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა პავლო როზენკომ თავის „ტვიტერის“ გვერდზე დღეს ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ვირუსით დაზიანებული კომპიუტერის ჩაბნელებული ეკრანი ჩანდა. ფოტოს მინაწერში კი ამბობდა, რომ მინისტრთა კაბინეტის სამუშაო კომპიუტერები ახლა ამ მდგომარეობაშია და უკრაინა კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია არაერთი სხვა უკრაინული კომპანიის და ბანკის შესახებაც, რომელთა მუშაობაც ასევე შეფერხებულია მსგავსი პრობლემების გამო.

კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა ქვეყნის სახელმწიფო ენერგოგამანაწილებელი სისტემაც. „უკრენერგოში“ ამბობენ, რომ მათი სისტემა დაზიანდა, მაგრამ საფრთხე არ შექმნია ენერგო მარაგებსა და დისტრიბუტორის უფრო მსხვილ ოპერაციებს.

უკრაინის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებით, კომპიუტერული სისტემები „უცნობმა ვირუსმა“ დააზიანა და ამის გამო ბანკებს სირთულეები აქვთ კლიენტთათვის ჩვეულებრივი სერვისის შეთავაზებისას, და ზოგიერთი საბანკო ოპერაციის განხორციელებისას. თუმცა კონკრეტული კომპანიები თავიდან არ დასახელებულა.

კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა ქვეყნის სახელმწიფო ენერგოგამანაწილებელი სისტემაც. „უკრენერგოში“ ამბობენ, რომ მათი სისტემა დაზიანდა, მაგრამ საფრთხე არ შექმნია ენერგო მარაგებსა და დისტრიბუტორის უფრო მსხვილ ოპერაციებს

„ცენტრალური ბანკი დარწმუნებულია, რომ საბანკო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სისტემა კიბერთაღლითობების წინააღმდეგ მდგრადია და ბანკების IT სისტემებზე კიბერ თავდასხმების მცდელობები ნეიტრალიზირებული იქნება“, - ვკითხულობთ უკრიანის ცენტრალური ბანკის განცხადებაში, რომელიც პირველი ოფიციალური გამოხმაურება იყო მომხდარის შემდეგ.

უკრაინის მთავრობის ვებ-გვერდები ჰაკერთა მსხვერპლი აქამდეც რამდენჯერმე გახდა, რის შემდეგაც კიბერუსაფრთხოება სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა.

ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო კრედიტორის, „ოსჩადბანკის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ „კიბერთავდასხმის მცდელობის“ გამო მათი ზოგიერთი სერვისი დაზარალდა, მაგრამ კლიენტთა მონაცემები გარანტირებულად დაცულია.

უკრაინა ქვეყანაზე განხორციელებულ წინა კიბერთავდასხმებში რუსეთს ადანაშაულებდა. მათ შორის ერთი იყო 2015 წლის ბოლოს ენერგო-სისტემაზე მიტანილი კიბერიერიში, რამაც დასავლეთ უკრაინის ნაწილი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. თუმცა რუსეთი ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას უარყოფდა.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები რუსეთს ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძალად მიიჩნევენ.

უკრიანული გამოცემა „კიევ-პოსტის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ამ თავდასხმის მოწყობაშიც რუსეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს იყო „ქრიფტოლოქერი“ – „ვონაქრაი“-ის მსგავსი ვირუსი. ამ უკანასკნელმა მაისში 150-ზე მეტ ქვეყანაში 200 000-ზე მეტი კომპიუტერი დააზიანა. ვირუსი ამ კომპიუტერებში დაცულ მონაცემებს ბლოკავს და აკონტროლებს, სანამ თითოეული მათგანიდან კონკრეტული რაოდენობის თანხა არ ირიცხება. ამ ვირუსმა სერიოზული ზიანი მიაყენა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას.

„ამ თავდასხმის მიზანი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციაა“, - დაწერა გერაშჩენკომ „ფეისბუქ“ პოსტში, სადაც ასევე დასძინა, რომ ეს თავდასხმები სავარაუდოდ რუსეთიდან მოდის.

„ეს არის ძალიან დიდი კიბერთავდასხმა უკრიანულ კომპანიებზე, ბანკებზე, მედიაზე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებზე, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის დაზვერვის სამსახურების მიერ და ეს მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ჰიბრიდული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრიანის წინააღმდეგ აწარმოებს“, - განაცხადა გერაშჩენკომ ერთ-ერთი უკრიანული ტელევიზიის ეთერში.

„ეს არის ძალიან დიდი კიბერთავდასხმა უკრიანულ კომპანიებზე, ბანკებზე, მედიაზე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებზე, რომელიც ორგანიზებული იყო რუსეთის დაზვერვის სამსახურების მიერ და ეს მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ჰიბრიდული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრიანის წინააღმდეგ აწარმოებს“, - ანტონ გერაშჩენკო

მისი თქმით, თავდასხმა კომპიუტერულ ვირუსს ჰგავს, რომელიც ელექტრონული ფოსტის საშუალებით რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში იტვირთებოდა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო კომპანიების კომპიუტერულ სისტემებში.

„კომპიუტერებში წინასწარ შეყვანილი ვირუსი დღეს გააქტიურდა. ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდნარეობს, ვფიქრობ, სპეციალური სამსახურები, კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტი და პოლიცია მალე გააკრვევენ, როგორ შეაღწია ამ ვირუსმა ჩვენს კომპიუტერებში და ვიპოვით გზას, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

უკრიანის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა კი დღევანდელ თავდასხმას უკვე უწოდა „უპრეცედენტო“, თუმცა განმარტა, რომ საკვანძო მნიშვნელობის IT სისტემეები არ დაზარალებულა.

„ჩვენი IT ექსპერტები იცავენ სტრატეგიულ ინფრასტუქტურას, მნიშვნელოვანი სისტემები არ დაზარალებულა“ - დაწერა მან “ფეისბუქის“ გვერდზე.

სხვადასხვა ცნობებით, შეფერხებულია მუშაობა კიევის ბორისპილის საერთაშორისო აეროპორტებშიც, მეტროს სისტემაში ბარათით გადახდის სისტემა არ მუშაობს, შეზღუდულია ავტო-გასამართი სადგურების რამდენიმე ქსელისა და ფოსტის ფუნქციონირება. დღის ბოლომდე ყველა კომპიუტერი გათიშა „კიივსტარმაც“. „უკრტელეკომმა“ დაადასტურა, რომ მათი კომპიუტერები ვირუსმა დააზიანა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, „სბერბანკი“, „უკრსოტსბანკი“, „უკრგასბანკი,OTP ბანკი და „პრივატ ბანკი“ ასევე დაზარალდნენ.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დღესვე კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა ბრიტანეთიც. ბრიტანული WPP - უდიდესი მულტინაციონალური სარეკლამო და პიარკომპანია ერთ-ერთია იმ დიდ კორპორაციებს შორის, რომელთა ოპერაციებიც მნიშვნელოვნად შეფერხდა.

BBC-ის ცნობით კი, დაზარალდნენ რუსული ნავთობგიგანტი „როსნეფტი“ და დანიის უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია A.P. Moller-Maersk-ი, რომელთაც პრობლემები აქვთ ინგლისსა და ირლანდიაში მდებარე ოფისებშიც კი. „შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კიბერთავდასხმის გამო „მაერსკის“ IT სისტემები დაზიანებულია არაერთ სხვადასხვა ლოკაციაზე, ვაგრძელებთ მდგოამრეობის შეფასებას, რათა დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების, ჩვენი ოპერაციებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება“, - ვკითხულობთ კომპანიის ოფიციალურ „ტვიტერის“ ანგარიშზე. მათ დაადასტურეს, რომ ბიზნესის ყველა მიმართულებითაა შექმნილი შეფერხებები, როგორც სათაო ოფისში ისე, საზღვარგარეთ მიმდინარე ოპერაციებზეც.

ესპანური მედიასაშუალებები კი იტყობინებიან, რომ თავდასხმამ ასევე დააზიანა ისეთი მსხვილი მულტინაციონალური კომპანიების ოფისები, როგორებიცაა კვების სფეროს გიგანტი „Mondelez“ და იურიდიული კომპანია „DLA Piper”. პრობლემები აქვს ფრანგული სამშენებლო მასალების კომპანია St Gobain-ის ქსელსაც.

ერთი საერთაშორისო კორპორაციის დაზარალებას ადასტურებს ნორვეგიის მთავრობაც, თუმცა მის სახელს არ ამჟღავნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG