ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

50 წელი კუბის კრიზისიდან


President John F. Kennedy reports to nation on Cuban missile crisis Nov. 2, 1962
President John F. Kennedy reports to nation on Cuban missile crisis Nov. 2, 1962

50 წლის წინ აშშ და საბჭოთა კავშირი ატომური ომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ

წელს, ოქტომბერში, 50 წელი სრულდება კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, როდესაც შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ატომური ომის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.

ისტორიკოსების აზრით, 1962 წელს საბჭოთა კავშირის ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ კუბაში ატომური რაკეტების განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე წინაპირობა ჰქონდა.

1961 წელს, ჯონ კენედი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, რომლის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი კუბის ლიდერის, ფიდელ კასტროს ნეიტრალიზება იყო.

1959 წელს ფიდელ კასტრომ კუბის პრეზიდენტი გენერალი ბატისტა დაამხო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უჭერდა მხარს. ამის შემდეგ ნაციონალისტი ფიდელ კასტროს კუბა საბჭოთა კავშირის ერთგულ მოკავშირედ გადაიქცა.

1961 წლის აპრილში, პრეზიდენტმა კენედიმ დასტური მისცა ამერიკის სპეცსამსახურების მიერ გაწვრთნილი კუბელი მოხალისეების გადასხმას კუნძულზე პლაია-ხირონის რაიონში, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა.

როგორც ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟი, სერგეი აცხადებს, მოსკოვს ფიდელ კასტროს დახმარება სურდა. საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ზესახელმწიფო იყო და თავისი მოკავშირეები ნებისმიერი რისკის ფასად უნდა დაეცვა. საბჭოთა დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამერიკელები კუბაზე თავდასხმას სწორედ ოქტომბერში აპირებდნენ. ამიტომ ის მოსკოვისთვის იგივედ გადაიქცა, რაც დასავლეთ ბერლინი იყო ვაშინგტონისთვის - მტრულ გარემოცვაში მყოფ პატარა და ძნელად დასაცავ ტერიტორიად.

როგორც კუბის კრიზისზე წიგნის ავტორი, გრემ ალისონი ამბობს, იმ დროისთვის ევროპაში საბჭოთა კავშირს დიდი უპირატესობა ჰქონდა ამერიკასთან შედარებით ჩვეულებრივ შეიარაღებაში.

მისი თქმით: „შეერთებული შტატები ვალდებული იყო, დაეცვა დასავლეთ ბერლინი, ხრუშჩოვს კი ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალისმიერი მეთოდებით სურდა, რაც მიუღებელი იყო როგორც ეიზენჰაუერის, ისე კენედის ადმინისტრაციისთვის. ისინი ბირთვულ დაპირისპირებაზეც არ დაიხევდნენ უკან ბერლინის დაცვის მიზნით. ამ თვალსაზრისით, დასავლეთ ბერლინის პრობლემა მართლაც წააგავს კუბის სარაკეტო კრიზისს.“

თავის მხრივ, სერგეი ხრუშჩოვი პრობლემას მოსკოვის და კუბის თვალსაწიერიდან განიხილავს. მისი თქმით: „თუ არ დაიცავ შენს ინტერესებს ატომური ომის რისკის ფასადაც კი, მაშინ ავტორიტეტს დაკარგავ და მოკავშირეებიც აღარ გენდობიან. შეერთებული შტატებიც ხომ გეგმავდა ატომურ ომს, თუ საბჭოთა კავშირი დასავლეთ ბერლინის გაკონტროლებას შეეცდებოდა.“

1961 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვი და პრეზიდენტი კენედი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ვერ შეძლეს დასავლეთ ბერლინის საკითხზე შეთანხმება, მაგრამ ხრუშჩოვს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ კენედი სუსტი და გამოუცდელი ლიდერი იყო, ამიტომაც გაბედა და კუბაში რაკეტების დამონტაჟება გადაწყვიტა.

როგორც ამერიკელი ექსპერტი, გრემ ალისონი აცხადებს: „ხრუშჩოვისთვის დასავლეთში ასეთი მოკავშირის არსებობა საბჭოთა პოლიტიკის პრესტიჟის საკითხი იყო და ყოველგვარი საშუალებებით ცდილობდა ამის შენარჩუნებას.“

ექსპერტების აზრით, ამ პოლიტიკამ მსოფლიო ატომური ომის დაწყების საფრთხემდე მიიყვანა.
XS
SM
MD
LG