კუბელი ავიდიო ულოა ბინის გაყიდვას ცდილობს. მისი თქმით აქამდე კუბის მოქალაქეებს მხოლოდ ბარტერული გაცვლის უფლება ჰქონდათ. ახალი ეკონომიკური რეფორმა კი ბინის გაყიდვის საშუალებას აძლევთ. უძრავი ქონების ბაზარი კუბაში პრაქტიკულად თავიდან იქმნება. ბინები ქუჩაში, არაოფიციალური მაკლერების მეშვეობითაც იყიდება და ინტერნეტზეც.
„ეს ბინა ჩემთვის უკვე ძალიან დიდია. მე და ჩემს შვილს უფრო პატარაც გვეყოფა. დარჩენილი ფულით კი ვიცხოვრებთ“ - ამბობს ავიდიო ულოა.
ფრანცისკო პრატი სასახლისავით დიდ სახლს ყიდის. მისი ფასი დაახლოებით 90 ათასი დოლარია. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ის რამდენიმე მილიონი ეღირებოდა. ფრანცისკო ამბობს, რომ სახლი ცოლის მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო. მისი აზრით რაულ კასტროს მიერ გატარებული რეფორმები ქვეყნისთვის აუცილებელი იყო.
„მსოფლიო წინ მიდის, ვითარდება. ჩვენი საზოგადოებაც სამყაროს ნაწილია და უნდა განვითარდეს“ - ამბობს ის.
კუბის დედაქალაქი, ჰავანა სულ მალე შეიცვლება. ქუჩაში ძველებური, ანტიკვარული მანქანები მოძრაობენ, რომლების გაყიდვასაც ბინებივით მალე დაიწყებენ.
მას შემდეგ, რაც ფიდელ კასტროსგან ძალაუფლება მისმა ძმამ, რაულ კასტრომ გადაიბარა, ქვეყანაში ნელა, მაგრამ ცვლილებები იწყება. მთავარია, რომ ახალი ლიდერი რეფორმების აუცილებლობას მიხვდა, აღნიშნავს ლექსინგტონის ინსტიტუტის მკვლევარი ფილიპ პიტერსი.
“ეს არის ეკონომიკა, რომელიც საკმარის პროდუქციას არ აწარმოებს და მთავრობას აქამდე ამის აღიარება უჭირდა“ - ამბობს ექსპერტი.
აქამდე კუბა მხოლოდ შაქრის ექსპორტით იყო დაკავებული, ისიც მას ჯერ მხოლოდ საბჭოთა კავშირში ყიდდა, ახლა კი რუსეთს უგზავნის. 90-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში მცირე მეწარმეობას ჩაეყარა საფუძველი. უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე ლა კასას ქუჩაზე წვრილ-წვრილი რესტორნებიც გაჩნდა. სილვია კარდოსომ რესტორნების მთელი ქსელის გახსნაც კი მოახერხა, სახელწოდებით „პალადარესი“.
სილვიას თქმით მისი წარმატების საიდუმლო დიდ შრომაში და ხარისხიანი პროდუქტის მოპოვებაშია. თუმცა ეს ყველაფერი ნაკლებ მოგებას ტოვებს, ამბობს ის.
„პალადარესის“ ქსელმა ახლახან სარესტორნო მომსახურების შეკვეთების მიღება ბინაზე მიტანითაც დაიწყო. თუმცა ამ სერვისით ჯერ მხოლოდ უცხოელები სარგებლობენ. სილვიას ქმარი, მანუელ რობანია რესტორნების ბიზნესში რევოლუციამდეც მუშაობდა და ამ საქმის დიდი გამოცდილება აქვს.
ქუჩაში გამოკრული ლოზუნგები ამტკიცებენ, რომ რაულ კასტროს ეკონომიკური რეფორმები სოციალიზმის განმტკიცებას ემსახურება. ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსები ცდილობენ კუბის ეკონომიკურ პრობლემებში შეერთებული შტატების 50-წლიანი ემბარგო დაადანაშაულონ.
პარალელურად ქვეყანა გარე სამყაროს კარს უღებს და საბაზრო ეკონომიკის ელემენტებს ნერგავს. თავისუფალი ეკონომიკა სავარაუდოდ თავისუფალ არჩევნებს და იმ პოლიტიკურ ცვლილებებს მოიტანს, რომელიც კუბელ ახალგაზრდებს უფრო ბედნიერ მომავალს უქადის.