ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი პოლიტოლოგები საქართველოს მთავრობას მიმართავენ


ჯეფრი გედმინი
ჯეფრი გედმინი

ამერიკელი მიმომხილველები ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობასა და საქართველოს შიდა, თუ საგარეო გამოწვევებზე მსჯელობენ.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ფიქრობს, რომ რუსეთის პოტენციური აგრესიის შესაკავებლად დასავლეთი უკრაინასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში უნდა დაეხმაროს. ელჩ კორტნის აზრით, უკრაინასა და საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება უნდა გადაეცეთ. ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ, დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას უნდა შეუწყოს ხელი. ელჩი კორტნი ამბობს, რომ ეკონომიკური განვითარება ნატოში ინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანესია:

უილიამ კორტნი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში:

„საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება, ასევე ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება მთავარი ამოცანა უნდა იყოს. დასავლეთს შეუძლია, მიაწოდოს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება, უკრაინაცა და საქართველოც იმსახურებენ ამგვარ დახმარებას. დასავლეთის დახმარებას, შეუძლია, ამ ქვეყნებს თავიდან ააცილოს აგრესია. ქვეყნის შიგნით, პრემიერმა კვირიკაშვილმა და მისმა კოლეგებმა უნდა განამტკიცონ კანონის უზენაესობა, მოემზადონ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და განავითარონ ეკონომიკა. კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, დასავლეთში არსებობს აღქმა, რომ ყოფილი მთავრობის წევრების მიმართ გამოიყენება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს გარემოება დასავლეთის თვალში ზიანს აყენებს ქართულ დემოკრატიას.

საქართველოსათვის ახლო მომავალში ნატოს წევრობა შეუძლებლად მოჩანს. ამასთან, ნატო ფოკუსირებულია ბალტიის ქვეყნების დაცვაზე შესაძლო საფრთხეებისაგან. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ნატოს ყურადღება მისი წევრების უსაფრთხოებაზე იქნება გადატანილი.“

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მკვლევარს, „რადიო თავისუფლებისა და თავისუფალი ევროპის“ ყოფილ პრეზიდენტ ჯეფრი გედმინს მიაჩნია, რომ დემოკრატიის მშენებლობა, შიდა გამოწვევებთან ერთად, აუცილებლად გულისხმობს რამდენიმე კრიტიკული საგარეო ამოცანის შესრულებასაც. გედმინის აზრით, აღნიშნულ ამოცანებთან გამკლავება საქართველოს ევროატლანტიკური ოჯახისაკენ გაუხსნის გზას.

ჯეფრი გედმინი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი:

"რეალურად, რაიმე განრიგი თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ალიანსში, არ არსებობს,1, 2 თუ 5 წელიწადში, ამასთან ერთად არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ვამბობ, რომ ძალიან არარეალისტურია უცბად მიწვევის პროგნოზი. მიუხედავად ამისა, საქართველომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გააძლიეროს, განავითაროს სამოქალაქო სექტორი, უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობა. მეორე- მაქსიმალურად შეზღუდოს, არასაჭირო რუსული გავლენების გააქტიურება და რუსეთის ჩარევა. და ბოლოს, სულ იმუშაოს დასავლეთთან-ვინ იცის რა მოხდება 5 თვეში ან 2 წელიწადში. საქართველო, თავისი გამართული დემოკრატიით, მზად უნდა იყოს ალიანსის საბოლოო გადაწყვეტილებისა და წევრობის შესაძლებლობისთვის."

დასკვნა ერთია: არსებული დაბრკოლებების დასაძლევად, ამერიკელი მიმომხილველები ქართველ მეგობრებსა და დასავლეთის ქვეყნებს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG