შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" დასამარცხებლად შეიქმნა, დღეს ვაშინგტონში შეიკრიბა.
კოალიციის წევრებს - 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სხვა არაერთ მაღალი თანამდებობის პირს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მასპინძლობს. 2014 წლის შემდეგ მსოფლიო კოალიცია სრული შემადგენლობით პირველად სწორედ დღეს შეიკრიბა. შეხვედრის მთავარი მიზანი ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის შეაფასება და ახალ მიმართულებებზე მსჯელობაა. როგორც ცნობილია, დაჯგუფებამ ბოლო 2 წელიწადში დაპყრობილი ტერიტორიების დაახლოებით 60 % დაკარგა. თუმცა ის ჯერ კიდევ რჩება ერაყსა და სირიაში. ამიტომ მის მოკავშირე ორგანიზაცებსა და ქსელებთან ბრძოლის გაძლიერებაც აუცილებელია.
"კოალიციამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მიმართულებით არის სამუშაო - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი მარკ ტონერი
„პირველ ყოვლისა, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ახალი ადმინისტრაციისთვის, შეაფასოს, სად ვართ ახლა და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ. არ მინდა მის ნაცვლად ვილაპარაკო, მაგრამ ვფიქრობ, სახელმწიფო მდივანი წარმოადგენს ახალ იდეებსა და მიდგომებს, ხედვას, თუ როგორ დავამარცხოთ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ - უთხრა ჟურნალისტებს მარკ ტონერმა.
სტრატეგიის განსახილველი სესია ტილერსონს მისცემს შესაძლებლობას, რომ პირისპირ შეხვდეს ამერიკის მოკავშირეებს, ამბობს მაიკლ ო’ჰანლონი, ბრუკინგსის ინსტიტუტის წარმომადგენელი:
„მით უკეთესი, თუ იარსებებს ახალი იდეები, მაგრამ ეს პირველ სესიაზე სულაც არაა საჭირო და სავალდებულო. რადგან ამ ადამიანებმა ჯერ ერთმანეთი უნდა გაიცნონ, აქ არ არიან მხოლოდ რექს ტილერსონი და დონალდ ტრამპი, ეს არის ხალხი, რომელსაც საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ფართო საზოგადოება არ იცნობს, მით უმეტეს პიროვნულ დონეზე."
ო’ჰანლონი ფიქრობს, რომ კოალიციის პარტნიორებს ბევრი რთული საკითხი ექნებათ განსახილველი.
"თუ საუბარია თურქეთზე, მათ მილიონობით ლტოლვილი მიიღეს თავიანთ სანაპიროებზე და სირიასთან ომს დასასრული არ უჩანს. დასავლეთ ევროპელები კი კვლავ ღელავენ იმაზე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სახლში ბრუნდებიან. განსაკუთებით კი მათ გამო ნერვიულობენ, ვინც სამშობლოდან სწორედ ბრძოლის ველისკენ გაემართა, ახლა კი უკან ბრუნდება და ტერორისტულ საქმიანობას გეგმავს. ასე რომ არავინაა ბედნიერი, არავინ უნდა იყოს ბედნიერი. ჩვენ ამ კამპანიის სწორედ რომ შუალედურ ეტაპზე ვართ", - ამბობს ო'ჰანლონი "ამერიკის ხმასთან" საუბარში.
პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა მისი წინამორბედი იმის გამო, რომ ის ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ საკმარისად ძლიერად არ ებრძოდა. ასე რომ, ამჟამად ანალიტიკოსები ელიან წარმოადგენს თუ არა ახალი ადმინისტრაცია ბრძოლის ახალ ხედვას, რადგან მოსალოდნელია, რომ მოქმედების ცენტრი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თვითგამოცხადებული დედაქალაქის, რაქასკენ გადაინაცვლებს.
კოალიციის სხდომას ვაშინგტონში ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.