ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები - მდგომარეობა სომხეთში


სომხეთში კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. პარასკევის მონაცემებით, ქვეყანაში 14,669 დაინფიცირებული და 245 გარდაცვლილია. გამოჯანმრთელებულია 5,466 პაციენტი.

სიტუაცია ქვეყანაში მას შემდეგ დამძიმდა, რაც სომხეთმა მაისში ნელ-ნელა ქვეყნის გახსნა და ეკონომიკის ამუშავება დაიწყო. სომხეთის პარლამენტის წევრი, მარი გალუსტიანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულებების გახსნა ყველა წესისა და რეკომენდაციის მიხედვით დაიწყო, შემთხვევების რაოდენობამ მაინც იმატა. მისივე თქმით, სწორედ გამწვავებული ეპიდსიტუაციის გამო სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა.

მარი გალუსტიანი, სომხეთის პარლამენტის წევრი
მარი გალუსტიანი, სომხეთის პარლამენტის წევრი

„მთავრობა საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ტექნიკური რესურსების გაუმჯობესებასა და ადამიანური რესურსების მომატებაზე უკვე მუშაობს“, გვითხრა მარი გალუსტიანმა.

პარლამენტის წევრი ამბობს, რომ თუ მონაცემები არ შეიცვლება და დრამატულად არ მოიმატებს, ამჟამად არსებული მდგომარეობით, სომხეთის ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუმკლავდეს სიტუაციას. „რა თქმა უნდა, უპრობლემოდ არა, მაგრამ სიტუაციის კონტროლი ჯერ შესაძლებელია“, გვეუბნება გალუსტიანი.

რამდენ ხანს და როგორ შეძლებს, რომ ამ მდგომარეობას გაუმკლავდეს სომხეთის ჯანდაცვის სისტემა? ესაა შეკითხვა, რომელიც ახლა საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ყველაზე მწვავედ დგას.

4 ივნისს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა

ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პაციენტების ნაწილის ჰოსპიტალიზაცია, ადგილების უქონლობის გამო ვერ ხერხდებოდა. "ვფიქრობ, რომ უნდა გითხრათ სრული სიმართლე, რამდენად საშინელიც არ უნდა იყოს ის. მეტსაც გეტყვით, სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა", - თქვა ფაშინიანმა.

არსენ ხარატიანი "ალიკ მედიას" დამფუძნებელი და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ყოფილი მრჩეველია. მისი თქმით, საავადმყოფოებში ჯერ საკმარისი ადგილები არის, თუმცა ადგილები არაა რეანიმაციაში. არსენი, რომელიც ახლა სომხეთშია, გვეუბნება, რომ ერევანთან ახლოს მდებარე 3 დიდი საავადმყოფო სპეციალურად კორონავირუსიანი პაციენტების მისაღებად გადაეწყო. სახელმწიფო კი მაქსიმალურად იყენებს ყველა რესურსს, რათა სიტუაციას გაუმკლავდეს.

არსენ ხარატიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი
არსენ ხარატიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი

"მთავრობამ მაქსიმალურად გამოიყენა რესურსები, თუმცა არავინ იცის სადამდე მივა, ან რა სისწრაფით განვითარდება ეს სიტუაცია. მთავრობის მიდგომაა, რომ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. გამოწვევა კი ისაა, რომ გავარკვიოთ თუ როგორ ჰქონდეთ ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობა დაუცველ ადამიანებს," ამბობს არსენ ხარატიანი.

სიტუაციის გამწვავების პარალელურად, საქართველოშიც დაიწყეს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ მეზობელ სომხეთს დახმარებოდნენ. ხუთშაბათს, პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ექიმების ჯგუფი გააგზავნოს სომხეთში.

„მე პირადად ყოველდღიურ კავშირში ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ჩვენს მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს, ეს იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან,“ - განაცხადა გახარიამ.

მარი გალუსტიანი, ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხრიდან ასეთი ტიპის დახმარების შეთავაზება. „მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, დახმარების შემოთავაზებისა და თანამშრომლობისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ცოდნა და ტექნიკური საშუალებები ვირუსის შესაჩერებლად“, გვითხრა მან ინტერვიუს დროს.

თუმცა, პრემიერის განცხადებამდეც, განიხილებოდა დასმარების რამდენიმე ვერსია, როგორც სამოქალაქო, ისე ოფიციალურ დონეზე.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, დახმარების შემოთავაზებისა და თანამშრომლობისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან.


ერთობლივი განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. 18 წლის სანდრო ჩუმაშვილმა კი პეტიცია შექმნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას სომხეთისთვის დახმარებას სთხოვდა. „ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად და რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად“, ეწერა პეტიციაში. პეტიციამ მალევე შეძლო საჭირო ხელმოწერების მოგროვება.

პეტიციას და ქართველი ხალხის დახმარების სურვილს დადებითად გამოეხმაურნენ სომხეთში. თავის ფეისბუქ გვერდზე, სამადლობელი წერილი გამოაქვეყნა სომხურ-ქართული საპარალამენტთაშორისო მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლენა ნაზარიანმა, რომელიც მადლობას უხდიდა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის.

დახმარება გადაწყვიტეს საქართველოში მყოფმა სომხებმაც. პაველ ოგანეზოვმა აქცია „ერთი სიცოცხლე, ერთი ნიღაბი“ დაიწყო. მან საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას სთხოვა ჩაერიცხათ ერთი პირბადის საფასური სპეციალურ ანგარიშზე. კორონავირუსის გამწვავებული მდგომარეობის გამო, სომხეთში პირბადის ტარება ყველგან სავალდებულოა. პაველმაც დახმარება სწორედ ამ მიმართულებით გადაწყვიტა. მან და მისმა მეგობრებმა საქართველოდან უკვე გააგზავნეს სასუნთქი აპარატები.

სომხეთს დაეხმარება ლიეტუვაც. მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთში კორონავირუსთან ბრძოლისათვის სამედიცინო ჯგუფი და ექსპერტები გაიგზავნება. ამის შესახებ ლეიტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

რამდენიმე ხნის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მასაც დაუდგინდა კოვიდ-19, თუმცა, მალევე განაცხადა, რომ გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, შესაძლოა, რომ მოსახლეობის ნაწილი ვირუსის მატარებელი უსიმპტომოდ იყოს.

სომხეთმა მაისში, სხვა ქვეყნების მსგავსად ნელ-ნელა დაიწყო გახსნა. დღეს ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული და აუცილებელია, როგორც პირბადეების ტარება, ისე სოციალური დისტანციის დაცვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG