25 თებერვალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თარიღია. გასაბჭოების ხანის ათვლა 98 წლის წინ, 1921 წელს სწორედ ამ დღიდან დაიწყო. წითელი საბჭოეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა (რომლის სტატუსი 1920 წლის 7 მარტს საბჭოთა რუსეთს ოფიციალური დოკუმენტით ჰქონდა აღიარებული) უბრძოლველად არ დაუთმიათ. წითელი არმიის მიმართ შეიარაღებული წინააღმდეგობა ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ბრძოლები გაიმართა ჯერ კახეთის გზაზე, შემდეგ თბილისისთვის იაღლუჯასთან, კოჯორსა და ტაბახმელასთან. უკან დახევისას მცხეთასთან, გორთან, ოსიაურთან და სურამის უღელტეხილზე გრძელდებოდა შეიარაღებული წინააღმდეგობა... საქართველოს „გაწითლება“ სრულ გამარჯვებამდე გაგრძელდა.
დამოუკიდებელი საქართველოსთვის ბრძოლაში დაღუპულ ადამიანებს დღეს პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას - ჩვენი ახალგაზრდებისა, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპაციას. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და მათი გმირობის შედეგად არსებობს საქართველო“,- განაცხადა პრემიერმა.
1921 წლის 25 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყანაში, ყველა ტრაგიკულ თარიღად არ აღიქვამს. სტალინის სურათითა და საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშებით მსვლელობა დღეს გორში კომუნისტური პარტიის წევრებმა გამართეს. ისინი სტალინის ბაღში, სტალინის მუზეუმთან მდგარ სტალინის ქანდაკებასთან შეიკრიბნენ და ერთმანეთს გასაბჭოების თარიღი მიულოცეს: „დღეს შესრულდა 98 წელი საქართველოს გასაბჭოების დღიდან. 25 თებერვალი, ესაა საბჭოთა საქართველოს დაბადების დღე. დღე, რომელმაც დასაბამი მისცა ქვეყნის შექმნას, სადაც წარმატებებზე იყო დამყარებული თითქმის ყველაფერი. უფასო იყო სწავლა-განათლება, ვითარდებოდა მეცნიერება, შენდებოდა და მშვენდებოდა ქალაქები, მრავლდებოდა ერი. დღევანდელ დღეს რომ არ გამოვსულიყავით და ამ სახელმწიფოს სულისჩამდგმელისთვის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინისთვის კიდევ ერთხელ არ გადაგვეხადა მადლობა, ალბათ, არ ვიქნებოდით მართლები“, - აცხადებს გორში კომუნისტური პარტიის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი.
მასალას კომუნისტების შეკრების თაობაზე ადგილობრივი ტელეკომპანია "თრიალეთი" ავრცელებს. „ასეთი დამოუკიდებელი, ასეთი თავისუფალი საქართველო მოსახლეობის 80 პროცენტს არ აწყობს“,- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. „9 თვეა მოვითხოვ, აღარ გამიშვათ სასაკლაოზე“,- ამ სიტყვებით ისინი ემიგრაციაში სამუშაოდ წასული ქალების პრობლემებს ეხმიანებიან. უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი უმუშევრობა და სოციალური სიდუხჭირეა, რომელიც, რომ არა დამოუკიდებელი საქართველო, არც იქნებოდა,- ამგვარი გახლდათ შეკრებილების სულისკვეთება. საბჭოთა პერიოდს ისინი კაპიტალიზმს უპირისპირებენ „ის 70 წლიანი ოკუპაცია, ჩვენთვის რენესანსია“,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას დავით ჯიშკარიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი აცხადებს: „ეს ჯგუფი, განსხვავებული განწყობებით, არსებობს საზოგადოებაში, ამას ვერსად წაუვალთ. რამდენად მისაღებია და რამდენად სასარგებლოა, ეს სხვა საკითხია, თუმცა ერთი რამ კარგია, რომ ადამიანებს ამის გამოხატვის საშუალება აქვთ. თუ დააკვირდებით, მათი პროტესტი, ხშირ შემთხვევაში, სოციალური პრობლემებითაა განპირობებული. სწორედ ეს სოციალური უთანასწორობა უბიძგებს მათ ამ იდეის განვითარებისკენ. უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, გარანტირებული სამუშაო ადგილები, ესაა, საბჭოური რომანტიკის ნაწილი.“
2011 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სახელწოდებით „თავისუფლების ქარტია“, რომლის პირველ მუხლში, სადაც კანონის მიზანია გაწერილი, ნათქვამია: „ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.“
კანონის არსებობის მიუხედავად, კომუნისტური სიმბოლიკა საქართველოში არ აკრძალულა. ქუჩები საქართველოში ჯერ კიდევ ატარებს სტალინის სახელს. იმისთვის, რომ კანონმა იმუშაოს, კანონის აღმასრულებელი ორგანო - საბჭო უნდა შეიკრიბოს და მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ კონკრატულად, რა იგულისხმება საბჭოთა სიმბოლიკაში. საბჭო, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის ფრაქციებიდან გაგზავნილი დეპუტატებითაც უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა დრო გადის, სურათი უცვლელი რჩება: ქარტიის აღმასრულებელი საბჭო არა და არ იკრიბება.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თავისუფალია პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, მათი გამოხატვის თავისუფლება, კონსტიტუციაშივეა ჩადებული, რომ როგორც პარტიების საქმიანობა, ისე გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. მოცემულ შემთხვევაში, კომუნისტური მოძრაობის აქცია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის დაკარგვის თარიღის საზეიმო აღნიშვნა წარმოადგენს როგორც პოლიტიკური პარტიის დაუშვებელ საქმიანობას, ისე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ აკრძალული სიმბოლიკის თანხლებით მიმდინარებდა აქცია. აუცილებელია ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასება, რაც უნდა მოახდინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უფლებამოსილი პირების მიმართვის საფუძველზე“.
საქართველოში კომუნისტური რეჟიმის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება არ მომხდარა, ამდენად, თავისუფლად შესაძლებელია 25 თებერვალი, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და მისი გასაბჭოების დღე ერთდროულად ტრაგიკულიც იყოს და მისალოციც - გემოვნების მიხედვით.
Facebook Forum