ამერიკის კოლეჯების და უნივერსიტეტების სტუდენტებს კოვიდ-19-ის ვაქცინის ლოდინი სულ ცოტა, ორი თვე მოუწევთ. გამონაკლისს მხოლოდ სამედიცინო სასწავლებლები შეადგენს. რა თქმა უნდა, მანამდე აცრიან ისეთ სტუდენტებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მაღალი რისკები აქვთ, როგორიცაა მაგალითად, იმუნოდეფიციტი, ან კიბო.
დანარჩენებს კი ლოდინი მინიმუმ აპრილამდე მოუწევთ. ამ ინფორმაციას ადასტურებს ექიმი ენტონი ფაუჩიც, შეერთებული შტატების წამყვანი ინფექციონისტი. ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი დღეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უფროსი მრჩეველია სამედიცინო მიმართულებით.
პრიორიტეტების სია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დავალებით, მეცნიერებათა, ინჟინერიის და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამ შეადგინა. ახალგაზრდები კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის სიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ პრიორიტეტად მიიჩნევიან.
მართალია, მიმდინარე პანდემიის დროს ახალგაზრდები დაბალი რისკის ასაკობრივ ჯგუფად ითვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვირუსისგან დაცულები არიან. ინფიცირების 400 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული ამერიკის 1 900-ზე მეტ კოლეჯში ან უნივერსიტეტში. კოვიდ-19-ის გართულებებით შეერთებულ შტატებში სულ ცოტა, 90 სტუდენტი გარდაიცვალა.
Facebook Forum