ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონის კამპანიამ ტრამპის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი კვლევა დააფინანსა


დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა და ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიამ გასულ წელს დააფინანსა კვლევა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპს რუსეთის მთავრობის ოპერატიულ სამსახურებთან ჰქონდა კავშირი.

ამერიკის წამყვანი საინფორმაციო საშუალებები, „ვაშინგტონ პოსტის“ ლიდერობით, აქვეყნებენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ვაშინგტონელმა ადვოკატმა, მარკ ელიასმა, რომელიც კლინტონის კამპანიას წარმოადგენდა, და ეროვნულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, დაიქირავეს „ფიუჟენ ჯი-პი-ესი“ - ვაშინგტონური ფირმა, რათა მას ჩაეტარებინა კვლევა მაშინ, როდესაც კლინტონი და ტრამპი ერთმანეთს ებრძოდნენ.

"ფიუჟენმა" შედეგად შეითანხმა ქრისტოფერ სტილი, ყოფილი ბრიტანული დაზვერვის ოფიცერი, რომელსაც ამერიკის დაზვერვის სამსახურებთან და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან" კავშირები ჰქონდა. მან შეადგინა ანგარიშები, რომლებიც ვარაუდობდა, რომ არსებობდა ფართო კონსპირაციული კავშირი ტრამპის კამპანიის წევრებსა და რუსეთის მთავრობას შორის მის დასახმარებლად. კვლევები ასევე მოიცავდა დაუდასტურებელ მტკიცებებს ტრამპის სექს-მუშაკებთან კავშირისა და რუსეთში იმ ბიზნეს-გარიგებების შესახებ, რომლებიც რეალურად ქრთამს წარმოადგენდა.

მედია მასალები ამბობს, რომ „ფიუჟენ ჯი-პი-ესი“-ის პოლიტიკური ოპოზიციური კვლევა თავიდან იყო დაფინანსებული უცნობი რესპუბლიკელი კლიენტის მიერ, რომელიც ტრამპს ეწინააღმდეგებოდა მანამ, სანამ ის საპრეზიდენტო ნომინანტი გახდებოდა. თუმცა უცნობი რჩება რამდენი გადაიხადა ამ ყველაფერში კლინტონის კამპანიამ და ეროვნულმა დემოკრატიულმა პარტიამ.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ კონგრესში მიმდინარე და სისხლის სამართლის გამოძიებები რუსეთთან მისი კამპანიის წევრების კავშირის შესახებ „კუდიანებზე ნადირობაა“. მისი თქმით, დემოკრატები სწორედ ამით ცდილობენ ახსნან მათი კანდიდატის ტრამპთან დამარცხება. თუმცა რამდენიმე თვის წინ, ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა დაასკვნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავად იყო ჩართული იმ საქმეში, რომელიც დონალდ ტრამპისთვის გამარჯვებაში დახმარებას და ამერიკის დემოკრატიულ არჩევნებზე გავლენის მოხდენას გულისხმობდა.

როგორც კი დაფინანსებული კვლევების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ თავისი საყვარელი არხის „ფოქს ნიუსის“ ლინკი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სწორედ ასე დაიწყო მის წინააღმდეგ მიმართული „ყალბი სიახლეების“ საინფორმაციო კამპანია და ამ პროცესში „მსხვერპლი პრეზიდენტია.“

მოსკოვთან დაკავშირებული გამოძიების ცენტრში კი ისევ სპეციალური მრჩეველი რობერტ მალერია. გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი სწორედ იმ გამოძიებაზეა პასუხისმგებელი, რომელიც მიზნად ისახავს გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ტრამპის კამპანიას კავშირი მოსკოვთან და ამ მიზეზით გაათავისუფლა თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი ფედერალური საგამოძიებო ორგანოს დირექტორი ჯეიმს კომი, რომელიც საქმეს მანამდე იძიებდა, ვიდრე მას მალერი გადაიბარებდა.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუ რა პასუხი აქვს ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიას ამ საკითხთან დაკავშირებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG