ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს


კლინტონი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს
კლინტონი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს

ობამას ადმინისტრაციამ ჰილარი კლინტონის მეთაურობით ხაზგასმით გააკრიტიკა ჟურნალისტთა საწინააღმდეგოდ მიმართული სადამსჯელო ღონისძიებები ეგვიპტეში. შეტყობინება გაეგზავნა ეგვიპტის ოფიციალურ პირებს როგორც კაიროში, ასევე ვაშინგტონში. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დევიდ გოლასტი გვატყობინებს სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

აქ შიშობენ, რომ ცალკეული თავდასხმები ეგვიპტელ, ამერიკელ თუ სხვა უცხოელ ჟურნალისტებზე შეიძლება მხოლოდ პრელუდია იყოს და კვირის ბოლოს მან უფრო მასობრივი ხასიათი მიიღოს. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ თავდასხმების მიღმა ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრის ფიგურა იკვეთება. ქალბატონი კლინტონი კატეგორიულად გმობს მსგავს ქმედებებს

„ეს იმ საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, რომელიც პრესის თავისუფლებას უზრუნველყოფს და ამიტომ ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ ასევე ვგმობთ თავდასხმას მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ადამიანის უფლებების დამცვლებზე, უცხოელებსა თუ დიპლომატებზე. შეკრების, გამოხატვის და პრესის თავისუფლება - ეს არის ღია და მიმღები საზოგადოების ქვაკუთხედი. სწორედ კრიზისის დროს უნდა აჩვენოს მთავრობამ ამ პრინციპებისადმი ერთგულება“

პრესმდივანმა ფილიმ ქროულიმ განმარტა, რომ ეს იყო არა შემთხვევითი თავდასხმის ეპიზოდები, არამედ საქმე გვაქვს პრესის შეზღუდვისაკენ მიმართულ მიზანდასახულ ქმედებასთან.

„დღეს ჩვენ რამოდენიმეჯერ ვესაუბრეთ ეგვიპტის ლიდერებს და გამოვხატეთ დიდი შეშფოთება მომავალი კონფრონტაციის და მზარდი რისკის შესახებ. ჩვენ მოველით, რომ ოფიციალური კაირო გაითვალისწინებს მათ“.

ჰილარი კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია შესრულდეს ეგვიპტის ვიცე პრეზიდენტ ომარ სულეიმანის მიერ მიცემული პირობა თავისუფალი არჩევნების შესახებ. ასევე კრიტიკულია დაუყოვნებლივ დაიწყოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა და გამოძიებულ იქნას ჟურნალისტებზე თავდასხმის თვითეული ფაქტი. მასალა ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესახებ უკვე გაეგზავნა ეგვიპტის საგარეო მინისტრს, ეგვიპტის ელჩს ამერიკაში და სხვა ოფიციალურ პირებს.

XS
SM
MD
LG