ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის საქმიანობა და ექსპტრემალური ამინდი


კლიმატოლოგების აზრით, ექსტრემალური ამინდის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი თავად ადამიანი და მისი საქმიანობაა

შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე ხანძრებს კვირაობით და ზოგჯერ მთელი თვის მანძილზე ებრძვიან. ძალიან ხშირად, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა ხოლმე. მაგრამ რა კავშირი შეიძლება იყოს ადამიანის საქმიანობის ნაყოფს - სპეციფიურ საკვებს, გვალვებს და შტორმებს შორის? აქამდე არ არსებობდა სამეცნიერო კვლევა, რომელიც ადამიანის საქმიანობას და ექსტრემალურ ამინდებს შორის კავშირს გამოავლენდა.

ბრიტანული და ამერიკული კლიმატური სააგენტოების მიერ ათობით ექსტრემალური ამინდის შემთხვევის გულდასმით შესწავლა მოხდა. კვლევაში მთელი მსოფლიოდან მოწვეული მეცნიერთა გუნდები მონაწილეობდნენ. ტომას კარლი ეროვნული კლიმატოლოგიური მონაცემების ცენტრის დირექტორია.

მისი თქმით, „ანალიზმა აშკარა მტკიცებულებები გამოავლინა, რომ შემთხვევების დაახლოებით ნახევარი ადამიანის საქმიანობის ხელშეწყობით იყო განპირობებული“.

კვლევის რედაქტირება ეროვნულ საოკეანო და ატმოსფერულ ადმინისტრაციაში და ასევე „ჰედლიში“, ბრიტანული მეტეოროლოგიის ოფისში განხორციელდა. ერთ-ერთი თანარედაქტორი იყო ტომას პიტერსონი კლიმატოლოგიური მონაცემების ცენტრიდან. მისი თქმით, ადამიანის მიერ პროვოცირებული კლიმატური ცვლილებები მოვლენების ინტენსიურობას და მათ ევოლუციას განაპირობებს. გასული წლის გაზაფხულზე და ზაფხულში შეერთებულ შტატებში მომხდარი სიცხის შემოტევები ნორმალური ატმოსფერული დინამიკით აიხსნება. თუმცა ეს ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება, ამბობს მეცნიერი.

ტომას პიტერსონი აღნიშნავს, რომ „სიცხის შემოტევის სიმძლავრის თითქმის მესამედი ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებს უკავშირდება. სითბური აირების ატმოსფეროში დიდი რაოდენობით გამოყოფამ სეზონური სიცხის შემოტევების შანსი შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე 12-ჯერ გაზარდა“.

მეცნიერები არამარტო ატმოსფეროს, არამედ ოკეანის წყლის ტემპერატურის მატებას და არქტიკული ყინულის უჩვეულოდ დიდი რაოდენობით დნობასაც ადამიანის საქმიანობას უკავშირებენ. ტომას კარლი ქარიშხალ „სენდის“ იგონებს, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს, კერძოდ კი ნიუ ჯერსის და ნიუ იორკის შტატების ქალაქებს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. მართალია მსგავსი რამ იშვიათად ხდება და ამაში უშუალოდ თითქოს ადამიანის ხელი არ ურევია, ამბობს ეროვნული კლიმატოლოგიური მონაცემების ცენტრის დირექტორი, მაგრამ მისი მასშტაბის გაზრდაში ადამიანი არაპირდაპირ მონაწილეობას მაინც იღებს.

„ანალიზის მიხედვით, ზღვის დონის ზრდა ამ ტიპის მოვლენას გაცილებით უფრო უარესს ხდის. ამიტომაც ვიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც გასულ წელს მოხდა. თუმცა, უშუალოდ ადამიანის როლის დადასტურება რამდენიმე ანალოგიურ შემთხვევაში ძალზე რთულია“ - აცხადებს მეცნიერი. მისი თქმით, ეს არ არის „ზუსტი მეცნიერება“. ნალექის მატება ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, თუ იაპონიაში ჩვეულებრივ კლიმატურ მოვლენად ითვლება, თუმცა გლობალური დათბობაც ამაში გარკვეულ როლს თამაშობს.

მეცნიერება წინ მიდის და ბუნებრივი კატაკლიზმების მეტად შესწავლა ხდება. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ადამიანი ექსტრემალური ამინდის მზარდ ინტენსიობას უწყობს ხელს. მეცნიერების აზრით, რაც უფრო მეტად მოხდება ამ მოვლენების შესწავლა, მით უფრო მეტად შეძლებენ მკვლევარები პოლიტიკის მიმართულების შემქმნელებს და კანონების ავტორებს სამეცნიერო მონაცემები მიაწოდონ, რათა მდგომარეობა მაქსიმალურად დროულად გამოსწორდეს.

აღნიშნული კვლევა გამოქვეყნდა ამერიკული მეტეოროლოგიური საზოგადოების ბიულეტენში (The Bulletin of the American Metrological Society). მასში 11 ქვეყნის 78 მეცნიერის ნაშრომია შესული.
XS
SM
MD
LG