საქართველოსა და რეგიონში შექმნილი მედია გარემოს, რუსეთის რბილი ძალის გავლენებისა და პროპაგანდასთან ბრძოლის გზებზე "ამერიკის ხმა" ვაშინგტონში ბაზირებული დემოკატიის ეროვნული ფონდის კვლევებისა და ანალიზის დარგში ვიცე პრეზიდენტს, ქრისტოფერ უოკერს ესაუბრა:
ამერიკის ხმა: როგორ აფასებთ მედიის განვითარებას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში, სადაც ბოლო ხანს რუსეთმა რბილი ძალა გაააქტიურა, ადგილობრივი მთავრობები კი მეტ ზეწოლას ახორციელებენ მედიასაშუალებებზე? რა ტენდენციებს ხედავთ?
ქრისტოფერ უოკერი: დღევანდელ მსოფლიოში, კომერციული მედიასაშუალებები არნახულ ზეწოლას განიცდიან. ეს ტენდენცია ვერც სამხრეთ კავკასიას ასცდა, მაგრამ რეგიონში მაინც საკმაოდ მრავალფეროვანი პრესაა. საქართველო, სხვებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაშია. სხვადასხვა გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში მედიაპლურალიზმია. საქართველოსაგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ღრმად რეპრესიული გარემოა. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა დაუპირისპიროს საქართველომ რუსეთის რბილ ძალას: საქართველო პატარა ქვეყანაა. რუსეთის მზარდი ზეწოლის გასანეიტრალებლად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლი მას ძალიან გაუჭირდება.
ამერიკის ხმა: დამოუკიდებლობიდან 25 წლის შემდეგ, საქართველოში კვლავ პრობლემებია მედია სფეროში, განსაკუთრებით - არჩევნების წინ. რით ახსნით ამ ვითარებას?
ქრისტოფერ უოკერი: რეგიონში არსებულ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, საქართველო მეტ-ნაკლებად წარმატებული მაგალითია. დიახ, ჟურნალისტიკის ხარისხისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, იქაც პრობლემებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს მედიამრავალფეროვნება შთამბეჭდავია. მედია გარემო უფრო ფართო პოლიტიკურ გარემოს ვერ გაემიჯნება. აქ უფრო მეტად საკითხავია, რამდენად შეძლებს ქართული საზოგადოება დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებას, რაც თავის მხრივ, მედია გარემოსაც წაადგება.
ამერიკის ხმა: რა პარალელებს გაავლებთ ბალტიის ქვეყნებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ორ ათწლეულზე ნაკლებ დროში, სამაგალითო მედიაგარემო ჩამოაყალიბეს?
ქრისტოფერ უოკერი: ბალტიის ქვეყნებმა ძალიან კარგად განავითარეს არა მარტო მედია სექტორი, არამედ დემოკრატიის ყველა სხვა ფუნდამენტი. სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, ისინი სწრაფად გადავიდნენ ევროპული ინსტიტუტების ყაიდაზე. მედია გარემოზე გლობალური ტენდენციების გავლენა იქაც შესამჩნევია, თუმცა სამივე ქვეყანაში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, მედიაკანონმდებლობა, მედიასტანდარტები და პრესის თავისუფლებისათვის საჭირო დამცავი მექანიზმები მაღალ დონეზეა.
ამერიკის ხმა: რა როლს დააკისრებდით, ერთის მხრივ მთავრობას და მეორეს მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებას-დეზინფორმაციასთან საბრძოლველად?
ქრისტოფერ უოკერი: ეს უზარმაზარი პრობლემაა. დემოკრატიაში მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება საკმარის დროსა და რესურსს უნდა უთმობდეს ამ პრობლემის დაძლევას, პრობლემისა, რომელიც ამ მასშტაბითა და სიღრმით შედარებით ახალია. მაგალითად, რუსეთი ავტორიტარული ქვეყანაა, სადაც მთავრობას არაფერი ზღუდავს. ამიტომ მას აქვს რესურსი საზღვარგარეთ მასშტაბური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საწარმოებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის იმ მექანიზმებს იყენებს, რომლის განეიტრალება დემოკრატიათა შესაძლებლობებს აღემატება. თქვენი კითხვის პასუხად გეტყვით, რომ დემოკრატიულმა მთავრობამ, რომელსაც დემოკრატიული ღირებულებების დაცვა ევალება, კარგად უნდა დაასაბუთოს პროპაგანდასთან ბრძოლის აუცილებლობა, სამოქალაქო საზოგადოებამ კი მთავრობასთან ერთად პრობლემასთან გამკლავების გზები ეძებოს.
ამერიკის ხმა: რა არის პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება?
ქრისტოფერ უოკერი: ჩემი და ორი სხვა ავტორის, მათ შორის პროფესორ ლერი დაიმონდის, ახალი წიგნი: "ავტორიტარიანიზმი გლობალურ მასშტაბებს იძენს"-ჩვენ ვსაუბრობთ იმ ტენდენციაზე, რომელიც დიდი, კარგი რესურსებით შეიარაღებული სახელმწიფოების მხრიდან მომავალი გამოწვევების მასშტაბებს ასახავს, ტენდენციაზე, რომლის მასშტაბები ძალიან ფართოა. თუ მედია სექტორს შევხედავთ რუსეთსა და ჩინეთში, აქ ლაპარაკია მილიარდებით დაფინანსებულ ინდუსტრიებზე, რათა ამ ქვეყნების მთავრობების სათქმელი საერთაშოსო მასშტაბებით გავრცელდეს. ამან კი დემოკრატიული საელმწიფოები სახტად დატოვა და მხოლოდ უახლოეს წარსულში დაიწყო ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილება. პროპაგანდის ქსელი ჩახლართული და კომპლექსურია. მის წინააღმდეგ ბრძოლა, შესაბამისად, ვერ იქნება ნაჩქარევი ან ადვილი. აქ საჭიროა განათლება, მედია [ჟურნალისტების-ა.კ.] განათლების ჩათვლით, ანალიზის სერიოზული საშუალებებები და ფორმები, იმისათვის, რათა ელიტებმაც და ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა ეს პრობლემა კარგად შეიმეცნონ. ასევე, საჭიროა დამოუკიდებელი მედია კონტენტის მხარდაჭერა, განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა, რათა ჟურნალისტიკის სტანდარტები და სიღრმე პრობლემის დასაძლევად გამოდგეს. და ბოლოს, აქედან რომელიმე კომპონენტის არქონის პირობებში--ან პრობლემის გააზრების ან კონტენტის წაროების გარეშე, არ ვფიქრობ, რომ გამოწვევის დაძლევა ადექვატურად მოხდეს.