ავტორიტარული ინტერნაციონალიზმი, არადემოკრატიული ძალების გააქტიურება, პროპაგანდა და უცხოური რბილი ძალის უპირატესობა სუსტ დემოკრატიებში -- სად არის გამოსავალი, და რა როლი აკისრია მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ხალხს ამ გამოწვევების გადალახვაში. ამ თემებზე "ამერიკის ხმა" დემოკრატიის ეროვნული ფონდის კვლევებისა და ანალიზის ვიცე პრეზიდენტს ქრისტოფერ უოკერს ესაუბრა. უოკერმა ამ საკითხებს ცოტა ხნის წინ სტატია მიუძღვნა, სადაც მან დემოკრატიის გლობალური გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
ამერიკის ხმა: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ უკანასკნელ სტატიაში ახალი ტერმინი, „ავტორიტარული ინტერნაციონალიზმი“, შემოიტანეთ. აგვიხსენით, თუ შეიძლება, რას ნიშნავს ის?
ქრისტოფერ უოკერი: მოვლენები, რომელსაც ბოლო დროს ვუყურებთ, დიდი ხანია, მწიფდება. 20 წლის წინ რომ გვესაუბრა, ვიტყოდით, რომ დემოკრატიულ თანამეგობრობაში, მსოფლიო ბიზნესში, პოლიტიკასა და მედიაში რუსეთისა და ჩინეთის ინტეგრაციის ხარისხი და ჩართულობა შეზღუდულია. დღევანდელ გლობალურ სამყაროში კი [ამ ქვეყნების] ამბიციური და რესურსებით მდიდარი ავტორიტარული რეჟიმები ინტერნაციონალისტების როლში არიან. იმ დროს, როდესაც არაერთი ქვეყანა საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, ჩინეთი და რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობენ. სწორედ ამას ვ
იმ დროს, როდესაც არაერთი ქვეყანა საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, ჩინეთი და რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობენ. სწორედ ამას ვუწოდებთ „ავტორიტარულ ინტერნაციონალიზმს.ქრისტოფერ უოკერი
უწოდებთ „ავტორიტარულ ინტერნაციონალიზმს.“
ამერიკის ხმა: რატომ ხდება, რომ ხშირად, გარკვეული ძალები სუსტი და გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში, მაგალითად ყოფილ საბჭოთა კავშირში, უფრო მეტად ექცევიან გარე მავნე გავლენების ქვეშ და საკუთარი ქვეყნის მიერ გაცხადებულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან? ამით, კი ისინი დომინანტ ავტორიტარულ ძალებს, ფაქტობრივად, ეხმარებიან?
ქრისტოფერ უოკერი: ცენტრალური ევროპის მაგალითი ავიღოთ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ამ ქვეყნებს დემოკრატიის წარმატების ნიმუშს უწოდებდნენ, მაგრამ ბოლო დროს იქ დრამატული ცვლილებები ხდება. ფინანსური კრიზისის შემდეგ ამ ქვეყნებმა სერიოზული გამოწვევები გამოიარეს. ამავე დროს, უნგრეთში, ჩეხეთსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოებში რუსეთი უფრო მეტად გააქტიურდა. რუსეთი უარყოფითი ტენდენციების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ამერიკის ხმა: დასავლური ინსტიტუტების კომპრომეტირების გარდა, რა ამოცანები აქვთ ავტორიტარულ რეჟიმებს განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში? ამას ე.წ. რბილი ძალის გამოხატულებად აფასებთ?
ქრისტოფერ უოკერი: ჩემს უკანასკნელ სტატიას „კონკურენციის ახალი ერა“ ჰქვია. ბოლო წლების ერთ-ერთი გამოწვევაა რუსეთის მზადყოფნა, საკუთარი ინტერესების გასატარებლად გლობალურ კონკურენციაში ჩაებას. ღირებულებები, რომელიც რუსეთის მთავრობის საშინაო პოლიტიკას წარმართავს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც აისახება. ცენტრალური ევროპის მედიასისტემა ექსტრაორდინალური ზეწოლის ქვეშაა. ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთსა და სხვებს უჭირთ, დაუპირისპირდნენ იმ ვეებერთელა რესურსს, რომელსაც რუსეთი თავის სახელმწიფო მედია-ინსტრუმენტებში, მათ შორის, ვებგვერდებსა და საერთაშორისო მაუწყებლობაში აბანდებს; უჭირთ, გაუმკლავდნენ სპიკერებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის შეხედულებებს ახმოვანებენ. დღევანდელი ვითარება უფრო რთულია, ვიდრე თუნდაც შვიდი-რვა წლის წინ. ვფიქრობ, დემოკრატიულ ქვეყნებს დააგვიანდათ იმის აღარება, რომ ძალთა ბალანსი შეცვლილია და ახალი დემოკრატიები რთულ პირობებში აღმოჩნდნენ.
ამერიკის ხმა: რა მდგომარეობა გვაქვს თურქეთში? რამდენად სერიოზულია იქ მდგომარეობა?
თურქეთი გზიდან გადახვევის ყველაზე დრამატული მაგალითია.ქრისტოფერ უოკერი
ქრისტოფერ უოკერი: სულ ცოტა ხნის წინ, თურქეთი სწორი მიმართულებით ვითარდებოდა. დღეს ისიც სამხრეთი აფრიკის, პოლონეთის, უნგრეთისა და ფილიპინების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. რეფორმებისა და დემოკრატიული ამბიციების თვალსაზრისით, ყველა ეს ქვეყანა მეტნაკლებად პოზიტიური ტრაექტორიით მოძრაობდა, მაგრამ თურქეთი გზიდან გადახვევის ყველაზე დრამატული მაგალითია. გვახსოვს, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა ღია მედიაგარემოს შესაზღუდად. მედიის შეზღუდვა ინდიკატორი იყო, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო შემდეგ. როდესაც დამოუკიდებელი მედია სამიზნე ხდება, ეს კარგი ბარომეტრია იმის, თუ რა გამოწვევის წინაშე, შეიძლება, დადგეს თურქეთის მსგავსი დემოკრატია. სანამ თურქეთის დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ღირებული ავტონომია და სამოქმედო სივრცე არ მიეცემა, ქვეყანა ძალიან რთული გზით ივლის.
ამერიკის ხმა: რა ტიპის კონკურენციაზე წერთ, როცა ამბობთ, რომ რუსეთში სახელმწიფო და არა-სახელმწიფო ინსტიტუტები ერთმანეთს უპირისპირდება? რა როლი აქვს საზოგადოებას ჯანსაღი პოლიტიკური კულტურის განვითარებაში?
ქრისტოფერ უოკერი: რუსეთი საკუთარ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას დაუნდობლად ექცევა. პლურალიზმის დაკნინება, ალტერნატიული, დამოუკიდებელი აზრის აღკვეთა ის ამოცანებია, რისთვისაც რუსეთის ხელისუფლება ენერგიას არ იშურებს. ბოლო დროს ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. მიმომხილველები ხშირად კითხულობენ, რა ასაზრდოებს რუსეთის ქმედებებს მის საზღვრებს გარეთ. რასაც ვხედავთ, ისაა, რომ რუსეთის მთავრობა არ ახალისებს აზრთა მრავალფეროვნებას. პირიქით, ის დისკუსიისა და პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიზაციისაკენ ისწრაფვის. ევროპის დემოკრატიებსა და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას მოუწევთ ამ რეალობისათვის თვალის გასწორება, რათა რუსეთთან ურთიერთობის ეფექტური სტრატეგია შეიმუშაონ.
ამერიკის ხმა: დაგვიხასიათეთ ისეთი სიტუაცია, როცა მყიფე დემოკრატიის სახელმწიფო, სადაც სუსტი პოლიტიკური პარტიები არა ამომრჩევლის ინტერესებს, არამედ საკუთარი ინტერესების გადარჩენას ემსახურება, ქვეყანაში არ ტოვებენ კომპრომისის ადგილს, და ა.შ? რა არის იქ მთავარი პრობლემა?
ქრისტოფერ უოკერი: რთული შეკითხვაა. ბევრ შემთხვევაში, პარტიების დასუსტებამ სისტემის დასუსტება და ფრაგმენტაცია გამოიწვია. [შესუსტდა] მედია და პოლიტიკური ცხოვრება, რადგან შეფერხდა პოლიტიკური პარტიების განვითარება. ნამდვილ გამოწვევად იქცა იმ არხების პოვნა, რომლის დახმარებით ამომრჩეველი თავის პრიორიტეტებს გააჟღერებს, მთავრობა კი ამომრჩევლის პრიორიტეტებისა და მისწრაფებების შესაბამისად განახორციელებს მართვას. არა მგონია, თქვენ კითხვაზე იოლი პასუხი არსებობდეს, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. [პროცესებში] საზოგადოების მონაწილეობა პრობლემების ეფექტურად მოგვარების აუცილებელი პირობაა. საქართველოს შემთხვევაში უნდა აღნიშნოს, რომ ქვეყნის ბოლო წლების და განსაკუთრებით, ვარდების რევოლუციის შემდგომი წარმატების ნაწილია ის, რომ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანამ მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური კონკურენციის მაღალი ხარისხი შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ პოლიტიკური ოპონენტები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. ზოგადად, ქვეყანამ აჩვენა, რომ ამ ღირებულებებისა და სტანდარტების ერთგულია. თუ საქართველო კვლავაც დემოკრატიული გზით სიარულს აპირებს, სწორედ ეს სტანდარტები უნდა შეინარჩუნოს.
ამერიკის ხმა: ვინ და როგორ უნდა ებრძოლოს უარყოფით, ანტიდემოკრატიულ პროპაგანდას?
ქრისტოფერ უოკერი: შესანიშნავი კითხვაა. თუ ავიღებთ ვეებერთელა, ძლევამოსილ, ავტორიტარულ საინფორმაციო მანქანებს, რომლებიც ამის უკან დგანან, დემოკრატიათა კონკურენტული უპირატესობაა კერძო მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობები. არა მგონია, ამ გამოწვევას რომელიმე ცალკე აღებული სექტორი გაუმკლავდეს. საჭიროა კერძო სექტორის სისხარტე და ინოვაცია, აგრეთვე ამ პრობლემაზე ეფექტურად მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების რესურსი და მიზანდასახულობა. ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთს არაერთი მსგავსი სამოქალაქო ორგანიზაცია აქვს. და რაღა თქმა უნდა, საჭიროა დემოკრატიული მთავრობები, რომლებიც პოლიტიკურ ძალისხმევასა და რესურსებს არ დაიშურებენ ამ ბრძოლაში ჩაბმული კერძო აქტორების მხარდასაჭერად. ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა მათი შრომა რაც შეიძლება, შედეგიანი იყოს.
ამერიკის ხმა: რა როლი აქვს საზოგადოებას ჯანსაღი პოლიტიკური დისკურსის ჩამოყალიბებაში ქვეყანაში?
სოციალური მედია პლატფორმების უეცარმა განვითარებამ, უთვალავი შესაძლებლობების გაჩენის გარდა, წარმოშვა დიდი პრობლემებიც იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ გვესმის ჩვენი საერთო ღირებულებები.ქრისტოფერ უოკერი
ქრისტოფერ უოკერი: მოქალაქეები დემოკრატიულ წყობილებათა საფუძველია. პრობლემა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება, ის ექსტრაორდინალური ცვლილებებია, რომელიც ჩვენმა მედია და საინფორმაციო სისტემებმა განიცადა. ეს სისტემები განსაზღვრავს, თუ როგორ აღიქვამენ რიგითი მოქალაქეები სამყაროს. სოციალური მედია პლატფორმების უეცარმა განვითარებამ, უთვალავი შესაძლებლობების გაჩენის გარდა, წარმოშვა დიდი პრობლემებიც იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ გვესმის ჩვენი საერთო ღირებულებები. ყველას ვალია, უზრუნველვყოთ, რომ საინფორმაციო სისტემები, რომელსაც ვიყენებთ, დემოკრატიულ სახელმწიფოთა მოქალაქეებს უკეთესი შედეგების მიღწევაში დაგვეხმაროს.
ავტორის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.kas.de/wf/en/33.49464/
Facebook Forum