ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა საგუშაგოსთვის: რა ხდება ჩორჩანაში?


რუსული საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან
რუსული საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან

საქართველოს ხელისუფლებამ დღეს ჩორჩანა არ დათმო. ნერვების ომის მორიგი რაუნდი ქართულ-რუსულ-ოსურ მხარეებს შორის, რომელშიც ულტიმატუმის ენა ფიგურირებდა ამ ეტაპზე ამოიწურა, თუმცა მოლოდინი იმის თაობაზე, რომ ხვალ (პირობითად) სიტუაცია სხვა ადგილას აფეთქდება და ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყება, არსად გამქრალა.

ჩორჩანას ამბავი განსაკუთრებული იმითაა, რომ რუსულმა და ოსურმა მხარემ, სცადეს საქართველოს შიდა სივრცეში ჩარევა და ფაქტობრივად, მოითხოვეს, მათთან შეთანხმდეს ქართული პოსტების განთავსების ლოკაციის თაობაზე, საქართველოს მიერ კონტროლირებად სივრცეში. მსგავსი თვითნებობის პრეცენდენტი, თუ არ ჩავთვლით საგუშაგსეთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს 2012 წელს ზარდიაანთკარში, არ დაფიქსირებულა.

ჩორჩანას გამოწვევა

ჩორჩანას ტყე ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მუნიციპალიტეტზე ხაზგასმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეგრეთ წოდებულ კონფლიქტის ზონაში ყოველი გოჯი იზომება და იწონება არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც. საქართველოს ხელისუფლება, ცალსახად და ხაზგასმულად, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმას აღიარებს, რომ საზღვრებს, როგორც ასეთს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ ცნობს და რომ ის საქართველოს ტერიტორიაა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, თუმცა ამის მიუხედავად დეტალები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა მოცემულობა, რომ ეს ტერიტორია ყოველთვის ხაშურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა და არასდროს ყოფილა სამხრეთ ოსეთის ნაწილი, მაინც მნიშვნელოვანია.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩორჩანას ტყე მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულით. აქ მოიპოვება ტალკი, დოლომიტი და პემზა და ეს რესურსი საინტერესოა დე-ფაქტო ადმინისტრაციისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, შიდა დისკუსიებში პერიოდულად აქტიურდება თემა, რომლის თანახმად, საზოგადოება ხელისუფლებას „ამხელს“ უმოქმედობაში და არასაკმარის ეფექტიანობაში, რადგან ის ვერ ახერხებს უზრუნველყოს წვდომა ბუნებრივ რესურსებზე, „რასაც ქართველები ეპატრონებიან.“ ამგვარი დისკურსის თანახმად, ბუნებრივ რესურსს უნდა განკარგავდეს სამხრეთ ოსეთი, რადგან ეს ტერიტორია მათ ეკუთვნით და ასეც იქნებოდა, რომ არა ხელისუფლების არასაკმარისი ძალისხმევა. ამგვარი „დაკვეთა“ ცხინვალში პერიოდულად ვლინდება, არა მხოლოდ ბუნებრივ წიაღისეულთან დაკავშირებით, არამედ ბაქო-სუფსას ნავთობსადენთან მიმართებითაც, რომლის ერთი მონაკვეთი დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზეა მოქცეული. ცხინვალში პერიოდულად აქტიურდება საუბრები იმის თაობაზე, რომ ამ ნავთობსადენით დე-ფაქტო ადმინისტრაციამ უნდა ისარგებლოს.

რა მოხდა ჩორჩანაში

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში 95-ე შეხვედრაზე ერგნეთში, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართა, ოსური მხარე შეუვალი აღმოჩნდა. მათ უარი თქვეს დღის წესრიგით დაგეგმილი საკითხები განეხილათ და მოითხოვეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ჩორჩანაში განთავსებული საგუშაგოს გაუქმება, რაზეც ქართულ მხარეს ცალსახა პასუხი ჰქონდა. შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ საქართველოში არ განიხილება საგუშაგოს გაუქმების საკითხი, რადგან ის განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს იგორ კოჩიევის, შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის კომენტარს, რომელიც, სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება: „კოჩიევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსურმა მხარემ წამოაყენა პირობა საქართველოს მიმართ - აიღოს უკანონო პოსტი პარასკევს, დილის 6 საათისთვის. „თუ არ შესრულდება ეს პირობა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მიმართავს ყველა კანონიერ ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ხალხისა და სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.“

ულტიმატუმის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვადის ამოწურვის დროისთვის, პარასკევს, დილის 6 საათზე ჩორჩანაში, იმ ადგილას, სადაც ქართული საგუშაგო გაიხსნა, საერთაშორისო და ეროვნული მედიის წარმომადგენლები, ასევე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების მობილიზება მოახდინეს. ამ ქმედებით ოფიციალურმა თბილისმა ერთის მხრივ საერთაშორისო მედიისა და თანამეგობრობის წარმომადგენლების წინაშე დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ ტერიტორია, მართლაც, ხაშურის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს და კონტროლირებადია და მეორეს მხრივ ხაზი გაუსვა მხარდაჭერის მზაობას საერთაშორისო თანამგობრობის მხირდან, რომელიც აკვირდება და ხედავს რუსეთის უკანონო ქმედებების ჯაჭვს საქართველოს ტერიტორიაზე.

ულტიმატუმის ვადა საქართველოს დროით დილის 7 საათზე ამოიწურა. ქართული მხარე იმედს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ ერგნეთის შეხვედრების პარტნიორები კონსტრუქციულ სივრცეში დიალოგის გაგრძელების სასარგებლოდ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ულტიმატუმის ენაზე საუბარს აღარ მოისურვებდნენ. რამდენიმე საათის შემდგომ ტექნიკური შეხვედრა ჩორჩანას სიახლოვეს მხარეებს შორის შედგა და ითქვა, რომ დიალოგი გაგრძელდება, მორიგი ტექნიკური ხასიათის შეხვედრა კი მომავალ კვირას, ერგნეთში გაიმართება.

კახა ქემოკლიძე, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩორჩანაში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ სიტუაციის დრამატიზირება საჭირო არაა.

„ალტერნატივა არ აქვს პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ, დიპლომატიურ მიდგომას. მე არ შემიძლია გითხრათ, რას გულისხმობდა ეს კონტრეტული ულტიმატუმი, მაგრამ ის რომ პროცესს არ აჯანსაღებს, გიდასტურებთ. ერგნეთის ფორმატის დამატებითი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, პრაგმატულად ხერხდებოდა საკითხებზე მსჯელობა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა 2008 წლამდეც და მის შემდგომაც საქართველოს კონტროლირებულ სივრცეშია და აქ ქართველი პოლიციელები, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისია მხოლოდ დღეს არ გამოჩენილა. ისინი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ ადგილებზე პატრულირებდნენ. უბრალოდ, აქ არ იყო სტაციონარული საგუშაგო,“ აცხადებს კახა ქემოკლიძე.

ის ასევე ამბობს, რომ ქართული საგუშაო არაა განთავსებული „ზედ ხაზზე“ და ის საოკუპაციო ხაზიდან სიღრმეში მდებარეობს. მისი მიზანია, რომ ადგილზე უსაფრთხოების გარემო გაუმჯობესდეს. ამ ვითარებას აღიარებს ევროკავშირის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. კახა ქემოკლიძე ზარდიაანთაკრის შემთხვევას იხსენებს, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი ომიდან რამდენიმე წლის შემდგომ, 2012 წელს აღდგა. „ჩვენ მაშინ გადავაადგილეთ პოსტი ჩრდილოეთის მიმართულებით და ამას ინციდენტების პრევენციის ფარგლებში ორი რიგგარეშე შეხვედრა მიეძღვნა იქვე, ზარდიაანთკარში. პრობლემა მოგვარდა მოლაპარაკებების გზით," უთხრა "ამერიკის ხმას" ქემოკლიძემ.

„ამ ტიპის ინციდენტები კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას და ქმნის შემდგომი ესკლაციის საფრთხეს. მნიშვნელოვანია ასევე სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს ყველას აქ არსებული ვითარების თაობაზე,“ გვეუბნება ლაშა დარსალია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ოსურმა მხარემ დღეს სიტყვა „ულტიმატუმს“ გადაჭარბებული უწოდა და ის მედიის წარმომადგენლების ინტერპრეტაციად წარმოადგინა. „ოსური მხარის მოთხოვნა ერთია, რომ ქართული ბლოკ-საგუშაგო, რომელიც სიტუაციას ძაბავს სასაზღვრო ზონაში, უნდა იქნას აღებული. ქართული მხარე დათმობაზე ჯერ არ წასულა. მათი არგუმენტები პოსტის განთავსების თაობაზე ჩვენთვის სავსებით მიუღებელია. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ თუ საკითხი ეხება სოფლის მცხოვრებთა უსაფრთხოებას, დაე, განათავსონ მათი საგუშაგო, თავიანთი სოფლების ფარგლებში. რა შუაშია აქ წნელისი?“- განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან მურატ ჯიოევმა, დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომაგენელმა პოსტ-კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების მიმართულებით.

"ამერიკის ხმის" აუდიტორია მიმდინარე წელს თვალს ადევნებდა ვითარებას ჩორჩანას მიმდებარედ. თებერვალში სამოქალაქო მოძრაობამ ამ ადგილას პატრულირება დაიწყო და განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ხეები ჩორჩანას ტყეში ყვითელი საღებავით მონიშნეს, რაც შეიძლებოდა ქცეულიყო ამ ადგილების ოკუპაციის წინაპირობა. ასევე დაფიქსირდა ადამიანთა გატაცების ფაქტები ჩორჩანას ტყესთან. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ რომ არა ამ ადგილას ქართული საგუშაგოს განთავსება, ტერიტორია ოკუპირებული აღმოჩნდებოდა. საგუშაგოს გახსნით კი ეს პროცესი შეჩერდა.

საგუშაგო ჩორჩანაში

ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 5 დღის წინ გაიხსნა. საგუშაგომდე მიმავალი გზა საკმაოდ რთულია და ის ტყეზე გადის. იმისთვის, რომ პოლიციის პოსტმა ამ ადგილას უსაფრთხოდ იფუნქციონიროს, ფუნდამენტური სამუშაოა განსახორციელებელი. საგუშაგოს სიახლოვეს ერთ დროს აქ არსებული ტალკის ქარხნის ნანგრევებია, ასევე ის დამხმარე ნაგებობები, რასაც მისი თანამშრომლები საცხოვრებლად და სხვა საჭიროებებისთვის იყენებდნენ. მას შემდგომ, რაც ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა, მასთან მისასვლელი გზაც გაპარტახდა და ტყის ბილიკად იქცა. ახლა დღის წესრიგში სწორედ ამ გზის რეაბილიტაციაა. საგუშაგოდან ოკუპირებული სოფელი წნელისისა და გვირგვინას მიმდებარე ტერიტორიები მოსჩანს, ასევე ის ადგილები, სადაც რუსი მესაზღვრეები არიან გამაგრებული. ოსურმა მხარემ დღეს განაცხადა, რომ აპირებს ამ ადგილის სიახლოვეს პოსტი განათავსოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG