ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიგანტური „ციმბირის ძალა" მსოფლიო გეოპოლიტიკას ცვლის


შეთანხმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩინეთის ეროვნული პერტროლიუმის კორპორაციამ საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2018 წლიდან რუსეთი ჩინეთს 38 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწოდებს. რამდენიმე წელში კი მილსადენს მოცულობის თითქმის სამჯერ გაზრდის შესაძლებლობა ექნება.

ჩინეთი მილსადენს საკუთარ ტერიტორიაზე ქვეყნის ჩრდილოეთში ააშენებს, ხოლო რუსეთი კი მილებს ციმბირის მადნებიდან ჩინეთის საზღვრამდე მიიყვანს.

მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, ეს რუსეთისთვის ყველაზე მასშტაბური ენერგო-პროექტი იქნება. ჩინეთის ნაციონალური პეტროლიუმის კორპორაცია შეთანხმებულ ფასსა და პროექტის საბოლოო ღირებულებაზე არ საუბრობს. თუმცა, ენეგრო-ექსპერტები ამბობენ, რომ მილსადენი დაახლოებით 400 მილიარდი დოლარი დაჯდება. მისი სახელი "ციმბირის ძალაა."

„გაზპრომის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ალექსეი მილერი აცხადებს, რომ კომპანია მილსადენის ინფრასტრუქტურის ასაშენებლად 55 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

იმისთვის, რომ რუსეთმა ჩინეთის ბუნებრივი აირის ბაზარი დააკამაყოფილოს ისე, რომ ევროპის ბაზარზე რესურსის ნაკლებობის პრობლემა არ შეექმნას, მოსკოვი პეკინს გაზს შორ აღმოსავლეთში მდებარე ირკუცკ-კოვიკტინსკოესა და ჩაიანდინსკოეს საბადოებიდან მიაწვდის.

მილსადენის აშენებასთან დაკავშირებული მოალაპარაკებები 1990-ანი წლების ბოლოს დაიწყო და მის ბოლომდე მიყვანას ყოველთვის ფასთან დაკავშირებული უთანხმოება უშლიდა ხელს.

ნიუ იორკში დაფუძნებული "ევრაზია ჯგუფის" ენერგეტიკის ექსპერტი ლესლი პალტი გუზმანი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დასრულება, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის და კომპრომისზე წასასვლელად მზადაა:

ეს გარიგება როგორც რუსეთისთვის, ისევე ჩინეთისთვის გამარჯვების მომტანია, თუმცა რუსეთი უფრო მეტადაა დაინტერესებული მის წარმატებაში. ეს მილსადენი რუსეთს ისეთი მსხვილი ბაზრის ათვისების საშუალებას მისცემს, როგორიც ჩინეთია და ეს მაშინ მოხდება, როცა რუსეთი (დასავლეთის) სანქციებიდან გამომდინარე ზეწოლას განიცდის."

ამ ეტაპზე ჯერ ისევ გაურკვეველია მიაღწიეს თუ არა მხარეებმა შეთანხმებას ფასთან დაკავშირებით. ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა იტარ-ტასსთან გაკეთებულ კომენტარში ფასი არ დააკონკრეტა, მაგრამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაწესებული გაზის ფასის ფორმულა, როგორც სხვა კონტრაქტების შემთხვევაში, გამომდინარეობს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გლობალური საბაზრო ფასებიდან." მან ასევე დასძინა, რომ აღნიშნული მილსადენი საბჭოთა კავშირის შემდეგ გაზის სექტორში ყველაზე დიდი კონტრაქტია."

ენერგო ექსპერტები აცხახდებენ, რომ გლობალური გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთი ჩინეთს სავარაუდოდ უფრო დაბალ ფასზე დათანხმდება, ვიდრე ევროპას ახდევინებს. ამჟამად, ევროპული ენერგო კომპანიები რუსეთის ბუნებრივ აირში ათას კუბურ მეტრში $350-$380 იხდიან. მილერმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეთანხმებულ ფასზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ენერგო კომპანიების წარმომადგელები, რომლებიც მოლაპარაკების დეტალებს იცნობენ, აცხადებენ, რომ მოსკოვმა $350-ზე დაბლა ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებიდან გამომდინარე რუსეთი დიდ დათმობაზე არ მიდის, ფაქტები საწინააღმდეგოზე მიუთითებს. მოლაპარაკების დასაწყისში ჩინეთმა „გაზპრომს" ერთ ბრიტანულ თერმულ ერთეულში (ენერგიის საზომი უნივერსალური ერთეული BTU) $10-$11 შესთავაზა, რაზეც რუსეთმა უარი განაცხადა. ევროპულ ბაზარზე BTU ფასი $14 დოლარია და იანვარში ის $18-მდეც კი გაიზარდა. თუ ამჟამად რუსეთი ათას კუბურ მეტრ გაზზე $350-ს დათანხმდა, ეს ერთ BTU-ზე დაახლოებით $10 გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ფასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდა.

არსებული გათვლებით, „ციმბირის ძალის" მოცულობა დღეში 3.5 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, ხოლო რამდენიმე წელში კი გასამმაგდება. საწყისი რაოდენობა ჩინეთის მიერ წელიწადში მოხმარებული გაზის დაახლოებით 25%-ია, 2020 წლისთვის კი მხოლოდ 10% იქნება.

გიგანტური მილსადენის აშენება არა მხოლოდ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთოებების გამყარებაზე მიუთითებს, არამედ იმასაც ცხადყოფს, რომ კრემლი დათმობებზე წასასვლელად მზადაა იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე დამოკიდებულება შეამციროს და ენერგო ექსპორტის ალტერნატივა შეიქმნას.

ამჟამად, რუსეთს სახელმწიფო შემოსავლების დაახლოებით ნახევარი ენერგო რესურსების ექსპორტიდან შესდის და საექსპორტო ბაზარი თითქმის ექსკლუზიურად ევროპაა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არა მხოლოდ კრემლი იყენებს ენერგიას პოლიტიკური ზეწოლისთვის, არამედ ეს ინდუსტრია დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბერკეტს წარმოადგენს კრემლის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის ენერგო-შემოსავლებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე.
XS
SM
MD
LG