ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესისთვის ჩამოსულმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ყოფნისას ყველაზე მეტი კონსტიტუციის შესახებ ისაუბრა, რომლის თაობაზეც რეკომენდაციებსა და შეფასებებს მისი უწყება გასცემდა. კონფერენციის შემდგომ, ის თბილისში ყველა იმ აქტორს შეხვდა, ვინც კონსტიტუციის პროექტზე მუშაობდა.
საპარლამენტო უმრავლესობასთან, პრემიერთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო უმცირესობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ პრეზიდენტთან, მისი მთავარი მესიჯი შემდეგი გახლდათ: კონსტიტუცია საყოველთაო კონსენსუსის პირობებში უნდა იქნას მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ლეგიტიმაციის პრობლემა წარმოიშვება. „ის პროცესი დაიბლოკა, რომელშიც სხვადასხვა მონაწილე უნდა ყოფილიყო ჩართული“, – ამბობს ბუკიკიო.
კონსენსუსისკენ მითითების შესახებ მესიჯს საპარლამენტო უმრავლესობა ისე თარგმნის, თითქოს ის მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობისკენაა მიმართული, რომელიც კონსტიტუციის პარლამენტის კენჭისყრაზე წარმოდგენილ ვარიანტს არ ეთანხმება. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე ბევრი დათმო. „ჩვენ, რა თქმა უნდა, გავარძელებთ დიალოგს. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისი გავაკეთეთ და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას.“
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს: „ყველაფერი გააკეთა ბატონმა ჯანი ბუკიკიომ იმისთვის, რომ შემდგარიყო პოლიტიკური კომპრომისი საზოგადოებაში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ჩვენ, საბოლოო ჯამში, ავუხსენით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ის, თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილებების მიღებას საქართველოს პარლამენტში, როგორ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი. საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი.“
პაატა დავითაია, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ კონსტიტუცია უკან უნდა იყოს გათხოვილი და მისი კონსულტირების პროცესი ხელახლა უნდა დაიწყოს: „აუცილებლად უნდა დაიწყოს კონსტიტუციის გამოთხოვის და თავიდან განხილვის პროცედურა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ვენეციის კომისია მზადაა, გაიაროს ეს პროცედურები და დაუშვას პრეცენდენტი საქართველოსთვის (რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რომ ასეთი გზა უნდა გაიაროს საქართველოს პარლამენტმა), გაწელოს რეკომენდაციის ვადა და დაწეროს ახალი რეკომენდაციები.“
მთავარი პრობლემა, რასაც კონსტიტუციის უკვე ორჯერ მიღებულ პროექტში ხედავს ყველა, გარდა მმართველი გუნდისა, საარჩევნო სისტემას ეხება. მმართველი გუნდი თავიდან თანახმა იყო მაჟორიტარული სისტემის გასაუქმებლად. ამგვარი რიტორიკით ჩაატარა მან საერთო სახალხო განხილვებიც, თუმცა პარლამენტში კენჭისყრის პროცესში მხარი საწინააღმდეგოს დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამით ქართულმა ოცნებამ საკუთარი ვარიანტის შემოპარვა სცადა: „ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერაფერს გამოაპარებ და ვერაფერს მოატყუებ. ქართულმა ოცნებამ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მის დემოკრატიულ იმიჯს და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს: დიალოგის, ჩართულობის კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე.“
ამერიკის ხმასთან საუბრისას "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღებით ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი თვითმმართველობების გაუქმებით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას რთულ მომავალს უმზადებს. „ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრისას ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ჩვენთვის პრობლემაა არა მხოლოდ ის, რაც ხდება კონსტიტუციასთან მიმართებით, არამედ, დიდ სურათს თუ შევხედავთ, კიდევ უფრო მეტის თქმაა შესაძლებელი, მათ შორის, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასა და თვითმმართველი ქალაქების გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯები და მათი გაუქმება, პრაქტიკულად. შვიდი ქალაქის სტატუსის მოხსნა და ასე შემდეგ, რაც მიანიშნებს, რომ ეს ნაბიჯები მიმართულია ქართული ოცნების პარტიული მდომარეობის გაუმჯობესებისკენ. შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებაც, ცალსახად, მმართველ პარტიას აძლევს ხელს და ეს ვნახეთ ჩვენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, არაერთხელ. ეს ყველაფერი ერთად, დიდ სურათში არის ის შემაშფოთებელი სიმპტომები, რაც, შეიძლება, ძალიან ცუდად გამომჟღავნდეს მომავალში.“
საქართველოს კონსტიტუცია ორი მოსმენით უკვე მიღებულია, თვითმმართველი ქალაქების სტატუსები კი გაუქმებული. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას წარმატებით იყენებს ერთპარტიული გადაწყვეტილებების რეალიზებისთვის.
Facebook Forum