ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„კრიზისი ჩრდილოეთ კავკასიაში: არსებობს თუ არა გამოსავალი?“


„კრიზისი ჩრდილოეთ კავკასიაში: არსებობს თუ არა გამოსავალი?“
„კრიზისი ჩრდილოეთ კავკასიაში: არსებობს თუ არა გამოსავალი?“

სამშაბათს, 15 თებერვალს, ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებულ შუა აზიისა და კავკასიის კვლევით ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „კრიზისი ჩრდილოეთ კავკასიაში: არსებობს თუ არა გამოსავალი?“

შეხვედრაზე შენიშვნებით გამოვიდა 1999-2005 წლებში ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილიას ახმადოვი. თავის გამოსვლაში მან კერძოდ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ჩრდილოეთ კავკასია რუსეთსა და მთელს მსოფლიოს ახსენდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩადენილია ესა თუ ის ტერორისტული აქტი.

„ბოლო ტერორისტული აქტი, რომელიც დომოდედოვოში მოხდა და რომელმაც 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და დაახლოებით 180 ადამიანი დაასახიჩრა, კიდევ ერთი საზარელი შეხსენებაა იმისა, რომ კრემლის მიერ დახატული სურათი ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობისა იქ არსებულ სინამდვილეს არ შეესაბამება,“ აღნიშნა ახმადოვმა.

ახმადოვს მიაჩნია, რომ ჩეჩნეთის ომი დემოკრატიის ერთგვარ გამოცდას წარმოადგენდა, რომელიც რუსეთისთვის წარუმატებლად დასრულდა.

„დღეს-დღეობით ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება წარმოადგენს რუსეთის როგორც ფედერაციის მარცხს,“ განაცხადა ახმადოვმა.

მისი თქმით, 2005 წლის გაზაფხულზე ჩეჩნეთის ლეგიტიმური პრეზიდენტის ასლან მასხადოვის მკვლელობამ დაარწმუნა ჩეჩენ მოძრაობაში არსებული რადიკალური ელემენტები, რომ რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმართვა აზრს მოკლებული იყო. იმავდროულად ახმადოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კავკასიელი მეამბოხეების ნაწილის ექსტრემისტული საქმიანობის გაიგივება ალ ყაიდასა და სხვა მსგავს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ არის მართებული რადგან ჩეჩნებსა და სხვებს აბსტრაქტული ფუნდამენტალისტური მიზნები კი არ ამოძრავებთ არამედ ის სავალალო მდგომარეობა და პრობლემები, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში შეინიშნება.

კატოს ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ანდრეი ილარიონოვმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაცია იმპერიის დაშლისთვის დამახასიათებელ მესამე სტადიას განიცდის. ილარიონოვის აზრით, ეს სტადია 2002 წელს დაიწყო და მას რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების გაერთიანება ახასიათებს. თუმცა ჩრდილოეთ კავკასიაში ეს პროცესი დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა როცა კრემლმა ადიღეს გაერთიანება კრასნოდარის ოლქთან წარუმატებლად სცადა.

„რუსეთის ხელისუფლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და იმავდროულად მტკივნეული მომენტი გახლდათ რადგან ამით დამტკიცდა ის, რომ ის პოლიტიკა, რომელიც შეიძლება წარმატებული ყოფილიყო რუსებით დასახლებულ რაიონებში, ეგრეთწოდებულ ეთნიკურ რეგიონებში წარუმატებელი იქნებოდა,“ დასძინა ანდრეი ილარიონოვმა.

XS
SM
MD
LG