ამერიკის კიბოს საზოგადოებამ ყოველწლიური სტატისტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. მართალია ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მქონე ავთვისებიანი სიმსივნის ტიპებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით დაეცა, მაგრამ მოულოდნელად გაიზარდა ლეტალური შედეგი რამდენიმე სხვა ტიპის კიბოს შემთხვევაში.
სამეცნიერო კვლევამ, რომელიც შეერთებულ შტატებში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მამაკაცთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება ყოველწლიურად 1.8 პროცენტით აჩვენა, ქალებში კი შედარებით ნაკლები - 1.6 პროცენტით.
გაუმჯობესება ძირითადად აღინიშნებოდა ფერადკანიანთა და სამხრეთ ამერიკული წარმოშობის მამრობითი სქესის პაციენტებს შორის. თუმცა, ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ფერადკანიანთა შორის ჯერ კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიან ადამიანებში.
იმის მიუხედავად, რომ საბოლოო შედეგი იმედისმომცემად გამოიყურება, ეპიდემიოლოგი ედგარ სიმარდი ამერიკის კიბოს საზოგადოებიდან აღნიშნავს, რომ ზედაპირული მონაცემები სრულ სურათს არ ასახავს. საქმე ბევრად უფრო რთულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
„მართალია, ყველაზე კრიტიკული ტიპის კიბოებს შორის სიკვდილიანობის მონაცემებში დრამატული გაუმჯობესება შეინიშნება, მაგრამ მეორეს მხრივ გვაქვს აქამდე ნაკლებად აქტუალური სახის სიმსივნეები, რომლებშიც პირიქით ხდება, სიკვდილიანობა ყოველწლიურად იზრდება“ - აღნიშნავს ის.
შემცირება მამაკაცებში - ფილტვის და ქალებში - მკერდის კიბოს შემთხვევებში მოხდა. ზრდა კი უმეტესად შედარებით ნაკლებად გავრცელებულმა კიბოს სახეებმა: პანკრეასის, ღვიძლის, ადამიანის პაპილომას და ზოგიერთი ტიპის კანის კიბოს დროს ხდება. „არც ეს განცხადება ასახავს სიტუაციას სრული სიზუსტით, რადგან სიკვდილიანობის მონაცემი ერთი და იგივე არ არის სხვადასხვა სქესის, რასის და ეთნიკურ ჯგუფებში“ - ამბობს ბატონი სიმარდი. ერთნაირი მონაცემი იყო მხოლოდ რამდენიმე ტიპის ავთვისებიანი კიბოს შემთხვევებში:
„მოწმე გავხდით ჯირკვლის და თირკმლის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მონაცემის მოულოდნელი ზრდის. და ზრდა მოხდა თითქმის ყველა სქესის, რასის, თუ ეთნიკურ ჯგუფებში“.
ბატონი სიმარდის თქმით ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია ამ ტიპის ავთვისებიანი სიმსივნის გამწვავებები. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მათგანს და ჭარბ წონას შორის სტატისტიკური კორელაცია უკვე არსებობს.
ექიმების აზრით ერთი რამ უდაოა: მინიმალური, რაც შეიძლება კიბოს პრევენციისთვის თითოეულმა ჩვენგანმა გააეკეთოს, ეს არის ზომიერი, ჯანსაღი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად ყოველდღიურად მინიმუმ ნახევარი საათის ვარჯიშს ითვალისწინებს.