ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის მოვლენებმა ნავთობი გააძვირა


ლიბიის მოვლენებმა ნავთობი გააძვირა
ლიბიის მოვლენებმა ნავთობი გააძვირა

ლიბიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს საპროტესტო დემონსტრაციები მოულოდნელი სისწრაფით მოედო. ცოტა ხნის წინ, მსგავსი სიტუაცია ვითარდებოდა ეგვიპტესა და ტუნისში, თუმცა იქ ხელისუფლების შეცვლა შედარებით ნაკლებად ძალადობრივი მეთოდებით მოხდა. ლიბიის შემთხვევაში კი ძალადობა საპროტესტო დემონსტრაციების დასაწყისშივე შემაშფოთებელი იყო. ეს კი ინვესტორებს სიფრთხოლისკენ უბიძგებს.

ლიბია მსოფლიოში ნავთობის რიგით მე-12-ე ექსპორტიორია და დღეში 1.6 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს. ამ რაოდენობის დიდი ნაწილი ევროპის ბაზრებზე იგზავნება.

ორშაბათს ბრიტიშ პეტროლიუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ დადლიმ განაცხადა, რომ „ბი პი“ ლიბიაში ნავთობის მოპოვებას დროებით წყვეტს:

„ჩვენ ლიბიაში უაღრესად შეზღუდული მოცულობის ოპერაცია გვაქვს, რადგან ნავთობის მოპოვება იქ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა, რომლებიც ლიბიაში მსახურობდნენ, უკვე დატოვეს ქვეყნის ფარგლები. „ბი პი“ კვლავ არის დაინტერესებული ლიბიაში გააგრძელოს საქმიანობა, თუმცა, ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას.“

ლიბია ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის - იგივე ოპეკის - ზომით მეოთხე წევრია. გამომდინარე აქედან, ქვეყანაში არსებულმა გაურკვევლობამ გუშინ ნედლ ნავთობზე ფასის აწევა გამოიწვია. ორშაბათს, ბარელ ნავთობზე ორი წლის განმავლობაში რეკორდული ფასი, 105 დოლარი დაფიქსირდა.

ექსპერტბის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური არეულობა ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებშიც დაიწყება, გამორიცხული არ არის, რომ ბარელ ნავთობზე ფასმა ისტორიულად რეკორდულ ფასს, 147 დოლარს გადააჭარბოს.

საინვესტიციო სტრატეგიის ექსპერტი ფილიპ პული ამბობს, რომ ამ სახის ცვლილებები გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს:

„ჩემი აზრით, საქმე სერიოზულ რისკთან გვაქვს. ეს ყველაფერი ინფლაციას შეუწყობს ხელს. ინფლაცია კი უკვე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს განვითარებად ქვეყნებში. ეს მხოლოდ ერთი ასპექტია. მეორე ის გახლავს, რომ ნავთობზე ფასების მომატება სურსათის ღირებულებასაც გაზრდის, ხოლო ხელფასები იგივე დარჩება, რაც მომხმარებელს მძიმე ტვირთად დააწვება.“

ამ ეტაპზე ლიბიაში საპროტესტო დემონსტრაციების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის შედეგად 230-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. საერთაშორისო ორგანიზაცია, „ჰუმან რაიტს ვოჩის“ წარმომადგენელი რიდ ბროდი აცხადებს:

„ლიბიის მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეების წინააღმდეგ ცოცხალი ამუნიციის გამოყენება არ შეიძლება. ეს ისეთი დანაშაულია, რომლისთვისაც გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები შეიძლება მოგვიანებით კანონის ძალით დაისაჯონ.“

მუამარ კადაფის მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევამ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი პროტესტი გამოიწვია. ბევრი ქვეყნის ლიდერი კადაფის შვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამაც შეაშფოთა, რომლის დროსაც მან თქვა, რომ მამამისის მთავრობა უკანასკნელ ტყვიამდე გააგრძელებს ბრძოლას ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას არ ცდილობს. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კევინ რადმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„ეს შემაშფოთებელი პერსპექტივაა. სწორედ ამის გამო, საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვნად გმობს კადაფის რეჟიმის მიერ მიღებულ ზომებს.“

ამ ფონზე გლობალურმა ფინანსურ-სარეიტიგო ორგანიზაცია ფიჩ რეიტინგმა, ლიბიის კრედიტუნარიანობის მაჩვენებელი ერთი საფეხურით ჩამოაქვეითა. მიუხედავად იმისა, რომ ლიბიას ამ ეტაპზე საგარეო ვალი არ აქვს, ფიჩის შეფასება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ამცნობს, რომ ქვეყნაში პოლიტიკური რისკი მატულობს და ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი მუამარ კადაფის თითქმის 40 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG