ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამოწურვადი თუ ამოუწურავი რუსული სიურპრიზები


მაია ფანჯიკიძე: რუსეთს საქართველოსთან მიმართებით წნეხის რესურსი ამოწურული აქვს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:23 0:00
ბმული

საქართველოში ყურადღებით ადევნებენ თვალს უკრაინასა და სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. პოსტ საბჭოთა ქვეყნების მომავალი რომ კრემლის ფანჯრებიდან მხოლოდ რუსულ კონტექსტში ჩანს ამის თაობაზე დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთში, სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარქისიანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ განაცხადა. „რაც შეეხება ამიერკავკასიას, რუსეთი აქედან წასვლას არასდროს აპირებდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ პოზიციები გავაძლიეროთ. ამ რეგიონში რუსეთის პოზიციები გაძლიერდება ყველაფერ იმ კარგზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის სომხეთთან კეთილ ურთიერთობებზე დაყრდნობით.“

პუტინმა აქვე ისიც დასძინა, რომ ყველა ქვეყნის თავისუფალ გადაწყვეტილებას მიესალმება. სომხეთში ჩასულ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილი აქციით შეხვდა. მათი ბანერების მიხედვით, პუტინი სომხეთს ევროპისკენ სავალ გზას უჭრის.
საქართველო და მოლდოვა, მხოლოდ ეს ორი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელმაც საკუთარი დასავლური არჩევანი ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის პარაფირებით დააფიქსირა. მანამდე დასავლეთისკენ მავალ ელმავალს ორი ქვეყანა, სომხეთი და უკრაინა ჩამოსცილდა. დღეს უკრაინული საზოგადოება კაპიტალურ ევრორემონტს ითხოვს და კიევის მთავარ მოედანს რამდენიმე დღეა არ ტოვებს. ხშირად ისმის სიტყვა რევოლუციაც. ხელისუფლებამ ძალა მომიტინგეების მიმართ უკვე რამდენჯერმე გამოიყენა. დღეს ეს ფაქტი ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც გააკრიტიკა. მას პასუხის გაცემა რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობის შესახებაც მოუხდა.

„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯარები ემზადებიან უკრაინაში შესასვლელად. ასეთი რამ ყველანაირი საერთაშორისო ვალდებულების დარღვევა იქნებოდა. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი შეიკავოთ ძალადობისგან. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან და მოველით, რომ პარტნიორები დაიცავენ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს, პატივს სცემენ კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას,“- განაცხადა რასმუსენმა.

უკრაინაში დემონსტრანტების უფლებების შეზღუდვის ფაქტები გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმაც გააკრიტიკა. საქართველოში კი მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება შედგა, აქტიურად ცდილობენ რუსეთის ნაბიჯების გამოცნობას საქართველოსთან მიმართებით. დღეს მაია ფანჯიკიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც უკვე ნატოს მინისტერიაზეა, განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსთან მიმართებით წნეხის რესურსი ამოწურული აქვს.

„რუსეთს, ფაქტობრივად ყველა იარაღი წნეხისა გამოყენებული აქვს საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ, რასაკვირველია, შეიძლება ველოდეთ გარკვეულ სიურპრიზებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის გარკვეულია, თუ რა მიმართულებიდან შეიძლება იყოს საფრთხე. მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვცდილობთ და გვაქვს კიდეც დადებითი შედეგები, მე არ მინდა დავიჯერო, რომ რუსეთიდან მართლაც საფრთხეა მოსალოდნელი“,- ამბობს მაია ფანჯიკიძე.

რუსეთის მხრიდან საქართველომ უკვე მიიღო ეკონომიკური ემბარგოც, საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფაც და რაც ყველაზე მტკივნეულია, ომი. აქ ამბობენ, რომ რუსეთს საქართველოზე ზეწოლისთვის ყველანაირი ბერკეტი უკვე ამოწურული აქვს. რაც შეეხება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის საკითხს, ის ისევ გრძელდება. უკანასკენლი ოთხი დღის მანძილზე რუსი მესაზღვრეების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები შიდა ქართლში განახლებულია. აქა არა მხოლოდ მავთულხლართები ივლება, არამედ მონტაჟდება საინფორმაციო დაფები, სადაც მინიშნებულია სახელმწიფო საზღვრის არსებობის თაობაზე. ამგვარი ბანერები საზღვრის თითქმის მთელს პერიმეტრზე უკვე დამონტაჟებულია. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთსა და კოდაში გავლებული მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი მიწის ნაკვეთები.
XS
SM
MD
LG