33 წლის ტანზანიელი ნემეს ტარიმო რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის ჯგუფში" იბრძოდა და უკრაინაში დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით. მას სამშობლოში დაკრძალავენ.
ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე, ტანზანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტერგომენა ტაქსმა თქვა, რომ მას სამშაბათს, 24 იანვარს, რუსეთიდან ტანზანიაში მიასვენებდნენ და იქ დაკრძალავდნენ. როგორც ცნობილია, ნემეს ტარიმო უკვე რიგით მეორე აფრიკელია, რომელიც უკრაინაში, რუსეთის მხარეზე ბრძოლაში დაიღუპა.
ტანზანია აცხადებს, რომ "ვაგნერის ჯგუფმა" ტანზანიელი რუსეთის ციხიდან გათავისუფლების პირობით დაიქირავა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ტარიმოს რუსეთის ციხეში 7-წლიანი სასჯელი უნდა მოეხადა.
ტარიმო 2020 წელს რუსეთში მაგისტრატურის ხარისხის მოსაპოვებლად ჩავიდა. ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის რუსეთის სასამართლომ მას განაჩენი გასული წლის მარტში გამოუტანა. თუმცა, შემდეგ "ვაგნერის ჯგუფმა" ის ციხიდან გაათავისუფლა იმ პირობით, რომ ტანზანიელი სტუდენტი მათთან იბრძოლებდა და ამისთვის ხელფასსაც მიიღებდა.
"ამერიკის ხმა" ტარიმოს დედას ესაუბრა. მისი ცნობით, შვილის უკრაინაში დაღუპვის შესახებ მისმა მეგობრებმა დეკემბრის ბოლოს შეიტყვეს.
ტანზანია აცხადებს, რომ ქვეყნის კანონების მიხედვით, არცერთ ტანზანიელს არ აქვს უფლება სხვა ქვეყნის ჯარში სამსახურის. მინისტრმა სტერგომენა ტაქსმა თავისი ქვეყნის მოქლაქეებს მოუწოდა, დაიცვან სამშობლოს კანონები.
კიდევ ერთი დაღუპული აფრიკელი, რომელიც უკრაინაში "ვაგნერის ჯგუფში" იბრძოდა, წარმოშობით ზამბიელია. ლემეკჰანი ნაირენდაც რუსეთში სტუდენტი იყო. მისი ისტორია ტარიმოს თავს გადამხდარ ამბავს ძალიან ჰგავს - სტუდენტობის პერიოდში ის ნარკოტიკების გამო დაიჭირეს. შემდეგ კი, "ვაგნერის ჯგუფში" ბრძოლის პირობით, ნაირენდა ციხიდან გაათავისუფლეს.
უკრაინაში ბრძოლამდე, კერძო სამხედრო დაჯგუფებამ სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით გაითქვა სახელი. შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და მათ პარტნიორებს "ვაგნერის ჯგუფისთვის" სანქციები აქვთ დაწესებული.
Facebook Forum