ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატთა ახალი კანდიდატი და ახალი წინასაარჩევნო დინამიკა


მაიკლ ბლუმბერგი მედიასთან შეხვედრაზე. 25 ოქტომბერი, 2019წ.
მაიკლ ბლუმბერგი მედიასთან შეხვედრაზე. 25 ოქტომბერი, 2019წ.

დემოკრატთა ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ელიზაბეტ უორენმა მილიარდერ მაიკლ ბლუმბერგს ორშაბათს ბრალი დასდო იმაში, რომ ის არჩევნების "ყიდვას" ცდილობს. ბლუმბერგი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატთა მანდატისთვის ბრძოლაში ოფიციალურად კვირას ჩაერთო. მან პირველივე დღეს 37 მილიონი დოლარის ღირებულების სატელევიზიო რეკლამა შეიძინა.

როგორც ჩანს, 77 წლის მედია-მაგნატი მაიკლ ბლუმბერგი არჩევნებზე გამარჯვებისთვის საკუთარ სახსრებს არ დაიშურებს. მისი ქონება 54 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბლუმბერგი აცხადებს, რომ კამპანიისთვის შემოწირულობებს არ მიიღებს. ის ცნობილია, როგორც ზომიერი დემოკრატი.

ელიზაბეტ უორენი 70 წლის ლიბერალ-დემოკრატია. ორშაბათს, აიოვის შტატის ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრა მან ბლუმბერგის ტაქტიკის დაგმობით დაიწყო. "მას არ სჭირდება ხალხი, მხოლოდ ფულის ბევრი ტომარა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბლუმბერგი სცდება" - თქვა უორენმა.

გამოკითხვების მიხედვით, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დემოკრატია. ის საყოველთაო ჯანდაცვის მომხრეა და ამერიკის ყველაზე შეძლებული ფენის მეტად დაბეგვრის მოთხოვნით გამოდის.

უორენის პლატფორმას ბლუმბერგი აქამდეც აკრიტიკებდა, თუმცა ამ კონკრეტულ გამოსვლაზე კომენტარისგან, მისმა კამპანიამ თავი შეიკავა. ორშაბათს, ვირჯინიის შტატის ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე, ბლუმბერგმა თქვა, რომ წლების განმავლობაში იყენებდა საკუთარ სახსრებს იმ იდეებისთვის, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. "მე ჩემს სათქმელს ვიტყვი და არჩევანი დაე ამომრჩეველმა გააკეთოს, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია" - თქვა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთა რიგები ჯერ ისევ მრავალრიცხოვანია. ამ ეტაპზე ნომინაციის მოპოვებისთვის 18 კანდიდატი იბრძვის. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი წელიწადზე ნაკლები რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG