ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენს დღეს დაზვერვის საპრეზიდენტო ცნობებს მიაწვდიან


ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს პირველად მიიღებს პრეზიდენტისთვის განკუთვნილ იმ სპეციალურ ბრიფს, რომელსაც ქვეყნის დაზვერვის სამსახურები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყოველდღიურად ამზადებენ.

დღესვე ბაიდენი და კამალა ჰარისი ეკონომიკური გუნდის მომავალ წევრებს დაასახელებენ, ადამიანებს, რომლებიც მათ კაბინეტში ეკონომიკის მიმართულებით მაღალი რანგის პოზიციებს დაიკავებენ.

სხვადასხვა მედიასაშუალება გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისს ნირა რანდენი უხელმძღვანელებს, სესილია როუზი კი ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს ლიდერი იქნება. ბაიდენმა ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი უკვე დაასახელა ხაზინის მდივნის პოზიციაზე, მის მოადგილედ კი სავარაუდოდ, უალი ადიელმოს დაასახელებს.

სრულად ქალებისგანაა დაკომპლექტებული ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის კომუნიკაციების გუნდის მენეჯმენტიც, რომელიც კვირას, ბაიდენმა და ჰარისმა დაასახელეს.


"ამერიკელ ხალხთან პირდაპირი და გულწრფელი კომუნიკაცია პრეზიდენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა. ამ გუნდს ჩვენ ვაკისრებთ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომ თეთრი სახლი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთს დააკავშიროს", - ვკითხულობთ ბაიდენის განცხადებაში. "კომუნიკაციის ეს კვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტები მრავალფეროვანი პერსპექტივებით შეავსებენ საკუთარ საქმიანობას და ექნებათ საზიარო ერთგულება ამ ქვეყნის უკეთესი აღმშენებლობისა", - დასძინა მან.

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი ქეით ბედინგფილდი იქნება. ის ბაიდენ-ჰარისის კამპანიის კომუნიკაციების გუნდის ხელმძღვანელი იყო. ის ბაიდენთან მისი ვიცე-პრეზიდენტობის დროსაც მუშაობდა.

ბაიდენისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესი ოფიციალურად გასულ კვირამდე არ დაწყებულა, რადგან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს ბრძოლას იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნების შედეგები არ არის მართებული და რეალობის ამსახველი. ამ დროისთვის ბაიდენმა უკვე დაასახელა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე გუნდი, და პირები, რომლებიც სახელმწიფო მდივნისა და ხაზინის მდივნის პოზიციებს დაიკავებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG