ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა აშშ-ის მოქალაქეთა უსაბუთო მეუღლეების კანონით დაცვა გაახანგრძლივა


ჯო ბაიდენი თეთრ სახლში საპრეზიდენტო განკარგულების გმოცხადებისას. ვაშინგტონი, აშშ. 18 ივნისი, 2024 წელი.
ჯო ბაიდენი თეთრ სახლში საპრეზიდენტო განკარგულების გმოცხადებისას. ვაშინგტონი, აშშ. 18 ივნისი, 2024 წელი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ახანგრძლივებს ამერიკის მოქალაქეთა უსაბუთო მეუღლეების კანონით დაცვას. აღმასრულებელი ძალის მქონე საპრეზიდენტო განკარგულების თაობაზე მან განცხადება 18 ივნისს გააკეთა, როცა ე.წ. "დაკას" 12 წელი შეუსრულდა.

„დაკას“ (DACA) სახელით ცნობილი პროგრამა, რომელიც 2012 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემოიღო, 800 ათასამდე ახალგაზრდა უსაბუთო, ანუ მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების, ან სავიზო დოკუმენტის არმქონე იმიგრანტს დეპორტაციისგან იცავდა და სამუშაო უფლებით უზრუნველყოფდა. პროგრამა იმ იმიგრანტებს აერთიანებდა, რომლებიც მშობლებმა შეერთებულ შტატებში მცირეწლოვან ასაკში არალეგალურად შემოიყვანეს.

თუმცა, განკარგულება განურჩევლად ყველა მსურველს არ დააკმაყოფილებს. როგორც თეთრმა სახლმა განმარტა, ამ უფლებამოსილების მისაღებად, პირი შეერთებულ შტატებში 10-ზე მეტი ხნის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს და ქვეყნის მოქალაქეზე კანონიერად უნდა იყოს დაქორწინებული. განკარგულება რეტროაქტიულია და პროგრამაში მხოლოდ 2024 წლის 17 ივნისამდე დაქორწინებულები მოხვდებიან.

პროგრამის გახანგრძლივების თაობაზე ბაიდენის გუშინდელი გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს, ამერიკის მოქალაქეთა მეუღლეებს. ამას გარდა, ის დამატებით იმ 50 000-მდე უსაბუთო მშობლის არასრულწლოვან შვილსაც დაიცავს, რომლებმაც ამერიკის მოქალაქეებზე იქორწინეს.

სამშაბათის განცხადებაში გაერთიანებულია სამუშაო ვიზების მიღების პროცესის დაჩქარების გეგმაც. ის "დაკას" იმ მონაწილეებს შეეხება, რომლებსაც შეერთებულ შტატებში განათლების დიპლომი აქვთ მიღებული და საკუთარი კვალიფიკაციით დასაქმების შეთავაზება მიიღეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG