პირველ დეკემბერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი მარტინოვმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც ბელარუსი უარს ამბობს გამდიდრებული ურანის მარაგებზე, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმენლად მთავარი კომპონენტია. ჰილარი კლინტონმა ბელარუსის ამ გადაწყვეტილებას ბირთვული უსაფრთხოების გზაზე პროგრესი უწოდა.
ეს ობამას ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. თავისი პრეზიდენტობის დაწყებიდანვე ბარაკ ობამა აცხადებდა, რომ 21-ე საუკუნეში ბირთვული იარაღის მომავალი, მსოფლიოს გლობალური უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტური საკითხია. გასულ წელს პრაღაში გამოსვლისას, ბატონმა ობამამ განაცხადა: „ათასობით ბირთვული იარაღის არსებობა ცივი ომის ყველაზე საშიში მემკვიდრეობაა.“ მისი თქმით, „საერთაშორისო თანამეგობრობის ახალი მცდელობა უნდა იყოს მომავალი ოთხი წლის მანძილზე ამ ბირთვული არსენალის გაუვნებელყოფა.“
მას შემდეგ შეერთებული შტატების მთავრობა გამდიდრებული ურანის განადგურებაში ექვს ქვეყანას დაეხმარა და ამ მიზნის მისაღწევად ბელარუსთან საკმაოდ გამალებული მუშაობა მიდიოდა.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა რობერტ გიბსმა აღნიშნა, ურანის ამოღება წარმოადგენს პრეზიდენტ ობამას საერთაშორისო მცდელობის მნიშვნელოვან ნაბიჯს. ამ გადაწყვეტილებით, ბელარუსი უერთდება შეერთებული შტატების მცდელობას საერთაშორისო დონეზე, რათა ბირთვული ობიექტები დაბალ დონეზე გადმირდებული ურანის საწვავზე გადაერთონ, ეს ნაბიჯი კი 21- საუკუნის გლობალურ სტანდარტად უნდა აიქცეს. დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანი უფრო მეტად უსაფრთხოა და უფრო იაფი. მას არ გააჩნია ბირთვული იარაღისთვის დანიშნულება და არ წარმოადგენს კრიმინალების და ტერორისტებისთვის დაინტერესების საგანს. ასევე ამ ნაბიჯის შემდეგ ბელარუსი მომავალი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მიწვეულია.
„მე მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ბელარუსს ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის განადგურებას შეეხება,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.
ეს ერთობლივი განცხადება ასევე ამერიკა-ბელარუსის ურთიერთობების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს. ასევე ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისი პატივისცემა ბელარუსში. ბელარუსს შეუძლია ამ მიმართულებით გააგრძელოს სვლა და ეს დეკემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების თანახმად ჩატარებით დაამტკიცოს.