ბელარუსის ოპოზიციის კანდიდატმა სვეტლანა ციხანოუსკაიამ სამშაბათს თქვა, რომ ბელარუსში არჩევნების შემდგომი დემონსტრაციების მეორე ღამის შემდეგ, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, ის მეზობელ ლიეტუვაში გაიქცა.
ციხანოუსკაიამ, არ აღიარა ოფიციალური შედეგები, რომელთა თანახმადაც, მან წააგო არჩევნები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, რომელიც დიდი ხანია ამ თანამდებობას იკავებს. მან თქვა, რომ ბელარუსის დატოვება “რთული გადაწყვეტილება” იყო, მაგრამ მან ეს ნაბიჯი საკუთარი შვილების გამო გადადგა.
“ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი განმსჯის და ბევრი ჩემი მოძულე გახდება, მაგრამ ღმერთმა ყველა დაიფაროს იმ არჩევანისგან, რომლის წინაშეც მე ვიდექი”, თქვა ციხანოუსკაიამ.
სამშაბათსვე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა, რომ ციხანოუსკაია მის ქვეყანაში, უსაფრთხოდ იმყოფებოდა.
ციხანოუსკაიამ კვირის არჩევნების წინ მალვა დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი კამპანიის ორი უფროსი თანამშრომელი და კამპანიის შვიდი სხვა წევრი დააკავა. ის მალვიდან საკუთარი ხმის მისაცემად გამოჩნდა.
ლუკაშენკომ, რომელიც 26 წელია ხელისუფლებაშია, ორშაბათს თქვა, რომ ოპოზიციონერი დემონსტრანტების მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებენ. მან ისინი აღწერა, როგორც უცხოელი პატრონების მიერ მანიპულირებული ცხვრის ფარა და თქვა: “დაემორჩილეთ კანონს და რეპრესიების შესახებ ყველა ეს საუბრები გაქრება”.
ორშაბათ ღამით მომხდარი შეტაკებების ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტრანტებს ხელკეტებით სცემს. პოლიციამ გამაყრუებელი ხელყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლიც გამოიყენა.
ორშაბათს პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქ მინსკში ერთი დემონსტრანტი დაიღუპა, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობის სროლა სცადა, მაგრამ ის ხელში აუფეთქდა.
უფლებადამცველმა ჯგუფებმა თქვეს, რომ დემონსტრანტი პოლიციის სატვირთო მანქანით გადავლის შემდეგ გარდაიცვალა. ხელისუფლება ამას უარყოფს. უფლებადამცველმა ჯგუფებმა ასევე თქვეს, რომ პოლიციის სადამსჯელო ქმედების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. რამდენიმე ასეული დემონსტრანტი დააპატიმრეს.
ინტერნეტის ბევრგან გათიშვის და სოციალურ მედიაზე შეზღუდული წვდომის მიუხედავად, ინტერნეტში პროტესტების ამსახველი ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდებოდა.
ორშაბათს, ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ, ლუკაშენკომ ხმების 80.23 პროცენტი მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ კი, 9.9 პროცენტი.
ციხანოუსკაიამ თავისი შტაბიდან გაკეთებული განცხადებისას თქვა, რომ შედეგს არ აღიარებს.
“ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, რადგან გადავლახეთ ჩვენი შიში, აპათია და გულგრილობა”, თქვა მან. ციხანოუსკაიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების ხელმეორედ დათვლის ოფიციალური თხოვნა შეიტანა.
საერთაშორისო ოფიციალურმა პირებმა, არჩევნების ლეგიტიმურობა და დემონსტრანტების დარბევა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. სააგენტო “როიტერის” ცნობით, 1995 წლის შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლებს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად არ მიუჩნევიათ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ორშაბათს განაცხადა, რომ სიტუაციის გამო “ღრმად შეშფოთებული” იყო და ოპოზიციის კანდიდატების დაშინებამ და მათთვის ბიულეტენებზე წვდომის შეზღუდვამ, ამასთან ერთად კი საარჩევნო უბნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების არყოფნამ “პროცესს ჩირქი მოსცხო”.
“ბელარუსის მთავრობას დაჟინებით მოვუწოდებთ პატივი სცეს ყველა ბელარუსის უფლებებს, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან შეკრებაში, ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და უსამართლოდ დაკავებულები გაათავისუფლონ. მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე ძალადობას და ოპოზიციის მხარდამჭერების დაკავებას, ასევე ინტერნეტის გათიშვის გამოყენებას იმისთვის, რომ ბელარუს ხალხს არჩევნების და დემონსტრაციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაში ხელი შეეშალოს”, თქვა პომპეომ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლეიენმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “მშვიდობიანი დემონსტრანტების შევიწროებას და ძალადობრივ რეპრესიებს ევროპაში ადგილი არ აქვს. მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ გუშინდელი არჩევნების ყველა ხმა დაითვალოს და აკურატულად გამოქვეყნდეს”.
მეზობელი პოლონეთის და ლიეტუვის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება ბელარუსს მოუწოდებს ევროკავშირთან ითანამშრომლოს და “ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები დაიცვას.”
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ორგანიზაცია “მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას გმობს”. მან თქვა, რომ ბელარუსის მთავრობამ “ფუნდამენტურ უფლებებს პატივი უნდა სცეს”.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ორშაბათს ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცა.
პროტესტები ბელარუსის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, გომელში, ვიტებსკში და ბრესტში, გაიმართა, სადაც მიტინგების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
Facebook Forum