ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინული გენშტაბის თქმით, ბახმუტში ვითარება "რთულია"


რუსეთის შეტევა აღმოსავლეთში ქალაქ ბახმუტზე და მის შემოგარენზე უფრო და უფრო რთულ ეტაპზე გადადის. 28 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ სიტუაცია „უაღრესად რთული“ ხდება ქალაქის დამცველებისთვის, რომლებსაც მან „გმირები“ უწოდა. "

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს, განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა 28 თებერვალს, დილის ბრიფინგზე.

რუსეთი აგრეძელებს ლიმანსკის, ავდიევკასა და შახტარსკის მიმართულებებით ფოკუსირებულ იერიშებს, მაგრამ რუსული თავდასხმის მთავარ ვექტორად კვლავ ბახმუტი რჩება.

ზელენსკიმ თქვა, რომ „მტერი ანადგურებს ყველაფერს, რისი გამოყენებაც შესაძლებელია ჩვენი პოზიციების გამაგრებისა და თავდაცვის მიზნით“.

"რუსული ჯარები ცდილობენ ბახმუტი ალყაში მოაქციონ. ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც იცავენ ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიას, ნამდვილი გმირები არიან“, - თქვა ზელენსკიმ 27 თებერვალს თავის ღამის ვიდეო-მიმართვაში.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა კიევის დასავლელ მოკავშირეებს, მიაწოდონ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც საშუალებას მისცემს უკრაინულ ძალებს მთელი ქვეყანა "რუსული ტერორისგან" დაიცვან.

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია ბახმუტის რაიონში "უკიდურესად დაიძაბა".

„მიუხედავად იმისა, რომ მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, მან ბრძოლაში ჩართო ვაგნერის [დაქირავებული ჯარისკაცების] ყველაზე კარგად მომზადებული თავდასხმის ქვედანაყოფები, რომლებიც ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარების თავდაცვა და ალყა შემოერტყან ქალაქს“, - თქვა სირსკიმ.

გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში აღმოსავლეთში რვა სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ხოლო უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის პოზიციებზე ოთხი საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

ერთი დღით ადრე, უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთი აღმოსავლეთში სამხედრო პერსონალის რაოდენობას ზრდის და ლუგანსკის რეგიონში ახალწვეულთა კონტიგენტს აგზავნის.

„არსებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქიდან 200-მდე წვევამდელი გადაყვანილია ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია გენერალური შტაბის საღამოს ანგარიშში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG