უკრაინის, ისრაელის და გერმანიის პრეზიდენტებმა, უკრაინაში „ბაბინ იარის“ მასობრივი მკვლელობიდან 80 წლის თავზე მემორიალური ცენტრი გახსნეს. კიევთან ახლოს, ნაცისტებმა 1941 წლის 29-30 სექტემბერს 34,000 ებრაელი კაცი, ქალი და ბავშვი ამოხოცეს, ბაბინ იარის ხეობაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, მომხდარს „მსოფლიო ისტორიის შავი, საზარელი ფურცელი უწოდა“ და თქვა, რომ ეს „უკრაინელი და ებრაელი ხალხის საერთო ტრაგედიაა“. თავად ვოლოდიმირ ზელენსკი წარმოშობით ებრაელია და მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდა.
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერზოგმა, მისი სიტყვა მსხვერპლთათვის ლოცვით დაიწყო. „ხსოვნა და მოგონება მთელი კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიბოროტის, სისასტიკის და აპათიის წინააღმდეგ“, - თქვა მან. ხოლო გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ საჭიროა არ შეწყდეს ანტი-სემიტიზმთან ბრძოლა.
ზელენსკიმ, ჰერცოგმა და შტაინმაიერმა მემორიალური ცენტრი გახსნეს, რომლის მშენებლობაც დასრულებული არაა. ცენტრი აღმოსავლეთ ევროპელი ებრაელების ისტორიებს ეძღვნება, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ.
„ბაბინ იარის" მასობრივი მკვლელობიდან 80 წლის თავზე, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეოში, ბლინკენმა დამხვრეტთა ჩანაწერებიდან ნაწყვეტი წაიკითხა.
„მკვლელები სმენებში მუშაობდნენ. ისვენებდნენ კოცონის გარშემო სალაპარაკოდ ან ყავის დასალევად“, - თქვა მან. „ყველა, ვისაც ხვრეტდნენ მაშინვე არ კვდებოდა. ბევრი დაიხრჩო ცხედრების სიმძიმის ქვეშ“, - თქვა ბლინკენმა.
„გადარჩენილები მოგვიანებით იხსენებდნენ, რომ მასობრივი ხოცვა-ჟლეტიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ხეობის მიწა მოძრაობდა და კვნესოდა, თითქოს მიწა თავად ამბოხდა იმის წინააღმდეგ, რასაც მისგან ითხოვდნენ“, - თქვა მან.
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ნაცისტებმა სამხილები გააქრეს, რათა მსოფლიოს არ გაეგო სასტიკი მკვლელობის შესახებ და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, საბჭოთა ისტორია მალავდა, რომ თავდაპირველად მოკლულ ადამიანთა უმეტესობა ებრაელი იყო.
მასობრივი მკვლელობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ნაცისტებმა დამატებით ათასობით ებრაელი, არა-ებრაელი, ბოშა, კომუნისტი ოფიციალური თუ სამხედრო პირი და სამოქალაქო პირი მოკლეს.
Facebook Forum