ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრიპის უნივერსალური ვაქცინა


ავსტრალიელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათ ვირუსული გრიპის უნივერსალური ვაქცინის შექმნის გზას მიაკვლიეს

ვირუსული გრიპი სერიოზულ რესპირატორულ დაავადებად ითვლება. სეზონური ეპიდემია დედამიწაზე 5 მილიონამდე მძიმე ავადმყოფობას და წელიწადში ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიკვდილს იწვევს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ახალ ვირუსს აქვს უნარი სულ რაღაც ორ თვეში 70 ქვეყნის მოსახლეობას მოედოს.

ავსტრალიელი მკვლევარები ამბიციურ განცხადებას აკეთებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მიაკვლიეს გზას, რომელიც მათ ვირუსული გრიპის უნივერსალური ვაქცინის შექმნაში დაეხმარება. მეცნიერების აზრით, გრიპის უნივერსალური ვაქცინის შექმნის მთავარი გასაღები იმუნური უჯრედების გარკვეულ კლასში, T-უჯრედებშია. კვლევა ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტში, მელბურნის, მონაშის და ჰოლანდიის კვლევით ცენტრებში ჩატარდა.

მეცნიერები ძირითადად აკვირდებოდნენ, თუ როგორ იჭრება ვირუსი ლეიკოციტებში, სისხლის თეთრ უჯრედებში, რომელიც ორგანიზმს ინფექციისგან იცავს. მათი აზრით, სწორედ ის ფაქტორი, თუ რა გავლენას ახდენს ვირუსი T-უჯრედებზე, მისცემს მათ უნივერსალური ვაქცინის შექმნის საშუალებას, რომელიც ვირუსის სწორ შტამს ამოიცნობს. მსგავს ვაქცინას უნივერსალური იმუნიტეტის გამომუშავების უნარი ექნება, რომელიც ადამიანს სეზონური და პანდემური ეპიდემიების ბევრად უფრო ფართო სპექტრისგან დაიცავს, ვიდრე აქამდე არსებული ტრადიციული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები.

დღეს არსებული ვაქცინა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ისეთ იმუნიტეტს გამოგვამუშავებინებს, რომლის დაზიანებაც საკმაოდ იოლია. ვირუსი, როგორც იცით, მუტაციას განიცდის და სამიზნესაც კი იცვლის“ - ამბობს შტეფან ტერნერი, მელბურნის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის და იმუნიტეტის განყოფილების პროფესორი. ის იმედოვნებს, რომ ახალი კვლევა უკვე არსებული სამეცნიერო მიღწევების შევსების და გაუმჯობესების წარმატებული მცდელობაა.

დღეს არსებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ორგანიზმს ანტისხეულების გამომუშავებაში ეხმარება, რომელიც ვირუსის სპეციფიურ შტამზეა გათვლილი. T-უჯრედები, პროფესორ ტერნერის თქმით, სხვა დანარჩენი უჯრედების ზედაპრზე სკანირებისმაგვარი მოძრაობით ინფექციის ნიშნებს ეძებენ. თუმცა, ისინი, როგორც წესი, გრიპის ვირუსთან ვერაფერს აწყობენ და მას ვერ ამარცხებენ. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ახალი ტიპის ვაქცინა, რომლის სამიზნე სწორედ ეს T-უჯრედებია, რამდენიმე შტამის ნაცვლად, ორგანიზმს უნივერსალური იმუნიტეტის გამომუშავებაში დაეხმარება.

„პრობლემა ის არის, რომ ვირუსს აქვს უნარი სახე იცვალოს. პრინციპში, ჩვენ ახალ ვაქცინას კი არ ვქმნით, არამედ უკვე არსებულს ვაუმჯობესებთ. ვირუსის მუტაციის უნარს შეიძლება ითქვას, უნდა დავასწროთ და ისეთი T-უჯრედების იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, რომ ვირუსის ცვლილების შემთხვევაში ჩვენი ჩარევის გარეშეც წინასწარ განსაზღვროს ის და წარმატებით გაართვას თავი მასთან ბრძოლას“ - განმარტავს მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორი.

ვაქცინის შექმნის შემდეგი ეტაპი კლინიკური გამოცდაა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. მკვლევარებს კიდევ ერთი დიდი იმედი აქვთ: გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მათი ნაშრომი საფუძველს ჩაუყრის ისეთი მომაკვდინებელი დაავადებების დამარცხებასაც, როგირიცაა C-ჰეპატიტი, შიდსი და დიდი ალბათობით კიბოც.
XS
SM
MD
LG