ახალი ტექნოლოგიების გამოსვლასთან და დამკვიდრებასთან დაკავშირებული აღფრთოვანება ბუნებრივია. მაგრამ რიგითი ადამიანისთვის შეიძლება რთული წარმოსადგენი იყოს ის, თუ რა საფრთხეები იქმნება და როგორ შეიძლება შეიცვალოს სამყარო ხელოვნური ინტელექტის განვითარებით. ამ დარგის 26 წამყვანი მეცნიერის ანგარიშის მიხედვით, პოტენციური საფრთხეები არა საუკუნეების შემდეგ, არამედ შემდეგი 10 წლის განმავლობაში გამოჩნდება, როგორც კი ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემები ადამიანის აზროვნებას დაჯაბნის.
სისტემების ავტომატური გატეხვა, ჰაკერობა ერთ-ერთი პირველი შედეგი იქნება. გახშირდება ინტერნეტ-თაღლითობის, ე.წ. თევზაობის (ფიშინგის) შემთხვევები, როცა ჰაკერი მისთვის საინტერესო ინფორმაციის გაგებას, როგორიცაა პაროლი, საკრედიტო ბარათის დეტალები, კომპანიის საბანკო ოპერაციები და სხვა, ადრესატისთვის ელექტრონული კომუნიკაციით დაგებულ მახეში გამომწყვდევით მოიპოვებს.
„ამ მიმართულებით ადამიანს უზარმაზარი სამუშაოს შესრულება უწევს. ჯერ სამიზნე უნდა შეისწავლო, მისი პროფილი შექმნა, კონკრეტული გზავნილი უნდა მოამზადო, რომელშიც მას შეიტყუებ და ანკესზე წამოაგებ. ახლა იმ ეტაპამდე მივედით, რომ ამ საქმის კეთებაში კომპიუტერების გაწაფვა შეიძლება. ანუ, კომპიუტერი შეისწავლის და შექმნის იმ ადამიანის მოდელს, მის ინტერესებს, წერის მანერას, ახლო მეგობრის წერის მანერას და შექმნის გზავნილს, რომელსაც ის ენდობა და რომელზეც დააწკაპუნებს“ - აღნიშნავს ანგარიშის თანაავტორი შაჰაერ ავინი კემბრიჯის უნივერსიტეტის ეგზისტენციალური რისკის სწავლებათა ცენტრიდან.
საგულისხმოა ის ზიანიც, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ჟურნალისტიკის დარგს და მთლიანად მედიას მიაყენოს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროგრამისტებმა გასულ წელს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი შექმნეს, რომლითაც ვიდეოების მანიპულირება შეიძლებოდა. მათ შეძლეს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვიდეოს ისე დამუშავება, რომ მას ნებისმიერ რამეს ათქმევინებდნენ, რაც მოესურვებოდათ. თანაც ისე, რომ ახალი ამბის სიყალბეს თითქმის ვერავინ შენიშნავდა.
„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - ამბობს შაჰერ ავინი. „ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს შექმნი, რომელსაც პიქსელ-პიქსელ* რომ მიყვე, ამ ადამიანის ნამდვილი ვიდეოს, ან აუდიოსგან ვერ გაარჩევ. ახალი ტექნიკური ზომების მიღება დაგვჭირდება. შეიძლება ეს იყოს ციფრული ავტოგრაფი, რომლითაც წყაროს გადამოწმებას შევძლებთ“.
დიდი აჟოტაჟია ასევე ხელოვნური ინტელექტის მქონე თვითმავალი, ე.წ. ავტონომიური მანქანების ირგვლივ. ავტომწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან და უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ, რომ ბაზარზე პირველი ავტოპილოტზე მომუშავე მანქანა გამოიყვანონ. მაგრამ, სპეციალისტების აზრით, სისტემები იმდენად უსაფრთხოა, რამდენადაც დაცულია ის გარემო, რომელშიც ისინი მუშაობენ.
შაჰერ ავინის თქმით, „შეიძლება შექმნა მანქანა, რომელსაც უკეთესი სანავიგაციო სისტემა ექნება, ვიდრე რიგით მძღოლს. მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ საგზაო ნიშანზე „სტოპ“ უცებ დაიწეროს: „იარე 83 კმ/სთ სიჩქარით“. სისტემა შეიძლება თავისთავად უსაფრთხო იყოს, მაგრამ მუშაობა უწევდეს დაუცველ გარემოში. ეს პრობლემა მოსაგვარებელია. სამყარო შეიძლება გავავსოთ რობოტული ტექნოლოგიებით და სისტემებით, რომელიც ძალიან გამოგვადგება და თან უსაფრთხოც არის. თუმცა, ისინი ღია და დაუცველნი არიან იმ მავნე აქტორების ჩარევისგან, რომელთაც კარგად იციან, რას სჩადიან“.
ანგარიშის ავტორები გაფრთხილებას დრონების და სხვა რობოტული სიტემების იარაღით აღჭურვის შესაძლებლობაზეც ავრცელებენ. ეს თავდამსხმელებს საშუალებას მისცემს შეაიარაღოს ავტოპილოტზე მოძრავი მანქანა, კომერციული დრონი, ან წყალქვეშ მოძრავი აპარატი და თავდასხმა განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე, ინფრასტრუქტურაზე. შესაძლოა, გამოსასყიდიც მოითხოვოს.
არც ისე შორსაა ის დრო, როცა ხელოვნურ ინტელექტს ომებში გამოიყენებენ, რაც წამყვანი მეცნიერების აზრით, კატასტროფული შედეგებს მოიტანს. ადამიანებმა შეიძლება შეიარაღებული რობოტების კონტროლი ვეღარ შეძლონ და მათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყონ. რობოტებზე იმდენი სენსორი იქნება დამონტაჟებული, რომ ადამიანის გონება დაგროვილ ინფორმაციას თავს ვერ გაართმევს და გადაწყვეტილების მიღების დროს სისტემის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს დაეყრდნობა.
კიდევ ერთი საფრთხე: ხელოვნურ ინტელექტს მასობრივი თვალთვალისთვის გამოიყენებენ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ამ საქმეში დიქტატორული რეჟიმები.
მკვლევარები ანგარიშში ხელოვნური ინტელექტის ბევრ სიკეთეზეც საუბრობენ. თუმცა, ინჟინრები და გამომგონებლები აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ იმ მრავალ პოტენციურ რისკზეც, რომელიც მათ მიერ შექმნილ ტექნოლოგიებს ახლავს თან.
_______
* პიქსელი - ციფრული გამოსახულების უმცირესი ელემენტი
Facebook Forum