ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის სახელწოდებაა „ცენტრალური აზია და კავკასია - ევრაზიის გზაჯვარედინზე 21-ე საუკუნეში.“ წიგნს სამი თანაავტორი ჰყავს: იოჰანეს ლინი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, პრადიპ მიტრა, მსოფლიო ბანკის ყოფილი უფროსი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და მართა ოლკოტი, კარნეგის მშვიდობის ფონდის უფროსი მკვლევარი.
წიგნში ძირითადი აქცენტი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ისეთ თემებზეა გაკეთებული, რომლებიც ამ ორი რეგიონის ქვეყნების მსოფლიო საზოგადოებაში უფრო აქტიურ ჩართავას შეუწყობს ხელს.
პროფესორი ოლკოტის განცხადებით:
„ის ფაქტი, რომ რეგიონის ქვეყნები უკვე 10 წელია დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ, ბევრი ექსპერტისთვის მოულოდნელია. თითოეული ეს ქვეყანა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, იქნება ეს ეკონომიკური განვითარების მიმართულება თუ პოლიტიკური ორიენტაცია.“
მაგრამ მიუხედავად განსხვავებებისა, როგორც ცენტრალური აზიის ასევე კავკასიის ქვეყნებს მსგავსი ეკონომიკური პრობლემები აქვთ. ეს პრობლემები განსაკუთრებით მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გამოიკვეთა. ექსპერტების აზრით, რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან კონკურენციის გაწევა უწევთ იმისთვის, რომ საერთაშორისო დონორებისგან დაფინანსება მიიღონ ან უცხოელი ინვესტორები მოიწვიონ.
ამერიკის ხმასთან საუბრისას, ბატონმა ლინმა განაცხადა, რომ ცენტრალურ აზიაში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა საწყის ეტაპზეა. თუ ქვეყნებმა ერთმანეთთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება შეძლეს, ეს უდიდესი ეკონომიკური წინსვლის დაწყების საწინდარი იქნება. ვითარება კავკასიაში ამ მხრივ რადიკალურად განსხვავდება:
„ჩემი აზრით, ამ მხრივ კავკასიაში ვითარება შედარებით უარყოფითია. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კვლავ უდიდესი გადაუჭრელი კონფლიქტი არსებობს, თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი კვლავ დაკეტილია. საქართველოს კი მოგეხსენებათ კონფლიქტური რეგიონები აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. სამი წლის წინ კი რუსეთსა და საქართველოს შორის სრულმასშტაბიანი ომი მოხდა. ეს ყველაფერი რეგიონში თანამშრომლობას ხელს უშლის და კიდევ დიდი ხანი შეაყოვნებს ახლო-მეზობლურ ურთიერთობებს.“
ბატონი ლინის თქმით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გაცილებით უკეთესი გეოპოლიტიკურ მდგომარეობა აქვს.
„საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ხიდს წარმოადგენს როგორც სამხრეთით მდებარე ქვეყნებისთვის, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობისთვის. გაქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ეკონომიკური კავშირები აქვს, დაინტერესებულია ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში სტაბილურობის შენარჩუბაში.“
ბატონი ლინის აზრით, ერთი პრობლემა, რომელიც ყველასათვის ადვილადაა დასანახი საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებაა. თუცა მისივე თქმით:
„ხშირ შემთხვევაში ასეთი კონფლიქტები პიროვნებებთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე უშუალოდ უთანხმოების თემასთან. შესაძლოა თბილისსა და მოსკოვში პოლიტიკური თაობების შეცვლის შემდეგ ეს ვითარებაც შეიცვალოს და მდგომარეობა გამოსწორდეს. გასაკვირი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში ის არის, რომ საქართველო რუსეთისთვის არ წარმოადგენს დიდი მნიშვნელობის ქვეყანას. რუსეთს გაცილებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები აქვს რეგიონში, მაგრამ საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. რუსეთი საქარველოსთან ურთიერთობისას უდიდეს რისკზე მიდის მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან გეო-სტრატეგიულ ობიექტს არ წარმოადგენს.“
ბატონი ლინი აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთთან უაღრესად დაძაბული ურთიერთობისა, საქართველო რეგიონში მაინც სამაგალითო ქვეყანაა, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური განვითარების მხრივ. მას ბატონი მიტრაც ეთანხმება:
„საქართველოს რეგიონში საუკეთესო მონაცემები აქვს სოციალური უსაფრთხოების ქსელის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის პროპორცია დარღვეულია, სახელმწიფო მაინც ახერხებს სოციალურად დაუცველი ფენისთვის დახმარების გაწევას.“
ბატონი მიტრას განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ საიდან მოდის თანხები სოციალური დახმარებებისთვის:
„მას შემდეგ რაც ფული ბიუჯეტში შევა, კუპიურებს არ აწერაია თუ საიდან მოდის თანხა და სად უნდა წავიდეს.“
მისივე თქმით, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, თუნდაც დონორი ორგანიზაციების მიერ სოციალურად დაუცველი ფენისთვის გამოყოფილი თანხა გაურკვეველ გარემოებებში არ ქრება დ მისი დიდი ნაწილი დანიშნულების ადგილამდე აღწევს.
კიდევ ერთი თემა, რომელზეც ზემოთ ხსენებული წიგნის ავტორები თანხმდებიან არის ის, რომ რეგიონის თითოეულ ქვეყანას ამბიციური ეკონომიკური მიზნები აქვს. მაგალითად, მომავალ წელს თითოეული მათგანი მთლიანი ეროვნული პროდუქტის 6 პროცენტით გაზრდა გეგმავს. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ მათი ამბიცია შესაძლოა ხანმოკლე იყოს გამომდიანრე იქიდან მალე დამთავრდება თუ არა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას გააგრძელებს რუსეთი და რა მოხდება ევროპისა და აზიის ფინანსურ სექტორებში.