ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადიაციის რისკი ამერიკაში


რადიაციის რისკი ამერიკაში
რადიაციის რისკი ამერიკაში

ჯანდაცვის სამინისტრო ამ მეთოდის კატეგორიული წინააღმდეგია და აფრთხილებს მოსახლეობას კალიუმის იოდიდის გვერდითი მოვლენების შესახებ.

კალიფორნია და ამერიკის დასავლეთ სანაპიროს სხვა შტატები რადიაციის მატების პანიკამ მოიცვა. ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი განცხადების მიუხედავად, მოსახლეობა შიშის ქვეშ იმყოფება. იაპონიაში ფუკუშიმა დაიჩის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი გაჟონვის შემდეგ არსებობს რისკი, რომ რადიაცია წყნარი ოკეანის მხრიდან შეერთებული შტატების ნაპირებამდე მოაღწევს.

ჯანდაცვის სამინისტრო და ამერიკის წითელი ჯვრის ორგანიზაცია აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი ამ წუთას არ არსებობს. საკითხს ამ კვირას პრეზიდენტი ობამაც გამოეხმაურა:

“მინდა გარკვევით განვაცხადო: ჩვენ არ ველოდებით რადიაციის დონის სიცოცხლისთვის საშიშ მატებას არც კალიფორნიაში, არც ჰავაიზე და არც ალასკაზე. - არსად, შეერთებული შტატების არცერთ ტერიტორიაზე“.

დასავლეთ სანაპიროზე პანიკა მაინც გრძელდება. მოსახლეობას აფთიაქებიდან მასიურად გააქვს კალიუმის იოდიდი. აღნიშნული წამალი ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის პრევენციისთვის გამოიყენება. ის ორგანიზმში რადიაქტიულ ნივთიერებას ბლოკავს და არ აძლევს მას საშუალებას გლანდებამდე მიაღწიოს. კალიფორნიელი რობერტ შიბაო წუხს, რომ მრავალი აფთიაქი მოიარა და წამალს ვეღარსად შოულობს. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მეთოდის კატეგორიული წინააღმდეგია და აფრთხილებს მოსახლეობას კალიუმის იოდიდის გვერდითი მოვლენების შესახებ - მით უმეტეს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს.

ქრისტიან ჩანგის - სამხრეთ კორეელი იმიგრანტის აზრით, რადიაციის მატება დასავლეთ სანაპიროზეც მოსალოდნელია:

„ნელა, მცირე დოზით, მაგრამ მაინც მოვა, ისე, როგორც ცუნამის ტალღებმა მოაღწიეს აქამდე“ - ამბობს ის. თან შიშობს, რომ მის მშობლიურ კორეაში რადიაციის დონე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამერიკაში. ფუზი ჰოფერი წარმოშობით იაპონელია. მისი და ახლახანს ჩმოვიდა იაპონიიდან. ისინი ფიქრობენ, რომ რადიაცია საკმაოდ შორსაა და კალიფორნიამდე ვერ მოაღწევს. „ჩვენ უბრალოდ ყოველდღე ვლოცულობთ, რომ ეს არ მოხდეს“- ამბობენ ისინი.

ამერიკელი და იაპონელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჰაერში რადიაციის სიცოცხლისთვის საშიში დონე კონცენტრირებულია მხოლოდ იაპონიის ატომური სადგურის მიდამოებში გამოცხადებულ 20 კილომეტრიან ზონაში. დანარჩენი ქვეყნების ტერიტორიებს საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრებათ.

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ იაპონიაში მცხოვრებ ამერიკის მოქალაქეებს ურჩია 80 კილომეტრით გაერიდონ ფუკუშიმა დაიჩის ელექტროსადგურს. დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ამერიკელებს კი კიდევ ერთხელ მოუწოდა არ აყვნენ პანიკას, რადგან რადიაციის შეერთებულ შტატებამდე მოღწევის შემთხვევაშიც კი, ათასობით კილომეტრის გავლის შემდეგ მისი დონე ჰაერში მნიშვნელოვნად დავარდება.

XS
SM
MD
LG