ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების შემაჯამებელი ანგარიში


NASA successfully launched five suborbital sounding rockets from its Wallops Flight Facility in Virginia as part of a study of the upper level jet stream, March 27, 2012. (NASA/Wallops)
NASA successfully launched five suborbital sounding rockets from its Wallops Flight Facility in Virginia as part of a study of the upper level jet stream, March 27, 2012. (NASA/Wallops)

ორმხრივ ურთიერთობებში სირთულეები იზრდება და ანალიტიკოსების აზრით, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

2010 წელს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებში გამოწვევების ფართო სპექტრი წარმოიქმნა. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ორ ქვეყანას შორის გარკვეული დაძაბულობა შეინიშნებოდა.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ვილიამ აიდი იუწყება, ორმხრივ ურთიერთობებში სირთულეები იზრდება და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

2010 წელი ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გაუარესებით დაიწყო. პეკინმა ვაშინგტონთან სამხედრო ურთიერთობები შეწყვიტა იმის გამო, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ ტაივანთან შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება გააფორმა და ინტერნეტ საძიებო კომპანია „გუგლმა“ განაცხადა, რომ ჩინეთიდან კომპანიაზე კიბერ შეტევა განხორციელდა.

თებერვალში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პეკინის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ტიბეტის სასულიერო ლიდერ დალაი ლამას შეხვდა. შედეგად ორმხრივი ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ საეჭვო გახდა ის, დაესწრებოდა თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჟინტაო აპრილში ბატონ ობამას ბირთვული უსაფრთხოების უმაღლესი დონის საერთაშორისო კონფერენციას ვაშინგტონში. მაგრამ, როგორც გაირკვა, ხსენებული ეჭვი უსაფუძვლო აღმოჩნდა და ბატონმა ჰუმ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იზრდება და ფართოვდება. ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაცია ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ჩენგ ლი ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობას „პარადოქსს“ უწოდებს:

„ეს იმედისა და შიშის პარადოქსი გახლავთ. ეს პროგრესისა და უზარმაზარი პრობლემების პარადოქსია. ანდა თვითდაჯერებულობისა და შესაძლო კატასტროფის პარადოქსი “- აღნიშნავს ჩენგ ლი.

მართალია, რაც შეეხება ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებას ორმა ქვეყანამ საერთო ენა გამონახა, ვაშინგტონი პეკინს ჩინეთის ფულადი ერთეულისა და ორმხრივი ვაჭრობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით დაუპირისპირდა.

ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის თანამშრომელი ბონი გლასერი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს თანამშრომლობა უჭირთ. მას მიაჩნია, რომ 2010 წელი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ინციდენტების სიმრავლით გამოირჩეოდა. ამასთან დაკავშირებით გლასერმა აღნიშნა:

„ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს ურთიერთობების წარმართვა და იმავდროულად დადებითი ტონალობის შენარჩუნება ნამდვილად გაუჭირდა. 2011 წლის იანვარში დაგეგმილი ჰუ ჟინტაოს ვიზიტი ორივე ქვეყნისთვის დიდი გამოწვევა იქნება. რა არის ის დადებითი ფაქტორი, რომლის შესახებაც ჩვენ საზოგადოებას უნდა მოვახსენოთ ჩვენი ურთიერთობის შესახებ? რომელი საკითხების განხილვა თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს?“

გლასერის აზრით, დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე ისევე, როგორც მიმდინარე წლის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩადენილი პროვოკაციული ქმედებები მეტველებს იმაზე, რომ ხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით ჩინეთი და შეერთებული შტატები თანამშრომლობის ნაკლებობას განიცდიან:

„მარტში სამხრეთ კორეის გემის "ჩეონანის" ჩაძირვიდან მოყოლებული, ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეის დადანაშაულებაზე უარი განაცხადა. ამის მსგავსად, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეა არ დაასახელა, რამაც, ჩემი აზრით, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებზე უდავოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა"- აღნიშნა გლასერმა.

უთანხმოების კიდევ ერთი საკითხი სამხრეთ ჩინეთის ზღვას უკავშირდება. ამ რეგიონს პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. შეერთებულმა შტატებმა პეკინს შუამავლობა შესთავაზა, რათა ჩინეთსა და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ მეზობლებს შორის არსებული ტერიტორიული დავა მშვიდობიანად გადაიჭრას. ამ შემოთავაზებას ჩინეთმა უარით უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ წელს პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წყალქვეშა ნავი გაგზავნა, რომელმაც ზღვის ფსკერზე ჩინეთის დროშა დაამონტაჟა.

ჩინეთმა გლობალური ფინანსური კრიზისი შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანა. შედეგად ჩინეთი საკუთარ გლობალურ ინტერესებს უფრო აქტიურად ახმოვანებს, რაც საერთაშორისო თანამეგობრობაში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ფონზე, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ იზრდება მოლოდინი, რომ ჩინეთის მთავრობა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს წარმატებულად დასძლევს. ეს კი პეკინს არჩევანის წინაშე ტოვებს - დააკმაყოფილოს მოლოდინები ან უგულვებელყოს ისინი.

XS
SM
MD
LG