სამხრეთ ოსეთის ყოფილი განათლების მინისტრი ალა ჯიოევა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში გაიმარჯვა, შედეგები კი მოგვიანებით გაუქმდა, 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციისთვის ემზადებოდა. მაგრამ ამის ნაცვლად დიაგნოზით-თავის ტვინის ინსულტი-ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდა. ექიმი რეანიმატოლოგის თქმით, ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა არ გაუარესდეს. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მისი მკურნალობა ვლადიკავკაზში ან მოსკოვში გაგრძელდეს. ჯიოევას შტაბი და საავადმყოფო, სადაც ოპოზიციის ლიდერი მკურნალობს, სამართალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული.
გავრცელებული ინფორმაციით, ალა ჯიოევას 9 თებერვალს საღამოს შტაბის შტურმის დროს თავში კონდახი ჩაარტყეს. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის მხარდამჭერთა განცხადებით როდესაც სამართალდამცავები საარჩევნო შტაბში შეიჭრნენ, ჯიოევას იარაღის კონდახი მოარტყეს თავში. სეპარატისტული რეგიონის სამართალდამცავები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.
გასული წლის შემოდგომაზე სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტი ვერ აირჩიეს. პირველი ტურის შედეგებით, ხმათა დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა მოიპოვეს ანატოლი ბიბილოვმა და ალა ჯიოევამ. მეორე ტურში, გამოქვეყნებული შედეგების თანახმად ჯიოევამ გაიმარჯვა, მაგრამ სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ არჩევენების შედეგები არ სცნო ”არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების გამო”. პარლამენტმა განმეორებით არჩევნები 2012 წლის 25 მარტს დანიშნა.
იანვრის ბოლოს ჯიოევამ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მიღწეული საარჩევნო შეთანხმებიდან გამოდის და 25 მარტის განმეორებით არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რადგან საკუთარ თავს სამხრეთ ოსეთის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს. სეპარატისტული რეგიონის ლიდერის მოვალეობის შემსრულებლის ვადიმ ბროვცევის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალა ჯიოევას გადაწყვეტილება 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციის გამართვის თაობაზე ”ფაქტიურად ძალაუფლების ხელში ძალით ჩაგდების მოწოდებაა’.
ცხინვალში ვრცელდება ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ჯიოევას შტაბში შეჭრის მიღმა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი დგას. ჯიოევას მხარდამჭერების განცხადებით, იმ სამართალდამცავებს შორის, რომლებიც ჯიოევასთან მისი ”მოწმის სახით დასაკითხად” მივიდნენ, მათ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები დაინახეს, რომლებიც ჯერ კიდევ კოკოითის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ რჩებიან. ამასთან, კოკოითმა საარჩევნო შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენის პოსტი დატოვა და ძალაუფლება პრემიერ ანატოლი ბროვცევს გადააბარა, მაგრამ იგი სეპარატისტული რეგიონის მმართველი პარტიის თავმჯდომარედ რჩება და ითვლება, რომ ხელისუფლებაზე მას ისევ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შენარჩუნებული.
” მას შემდეგ, რაც სამხრეთ-ოსეთის განათლების ექს-მინისტრის და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჯანმრთელობა დასტაბილურდება და იგი საავადმყოფოს დატოვებს, იგი თავის საპრეზიდენტო ამბიციებს დაივიწყებს”- თვლის დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი ფელიქს სტანევსკი.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე თვლის, რომ ინაუგურაციას ალა ჯიოევა ისედაც ვერ ჩაატარებდა და მომხდარი შემთხვევით მას პრაქტიკულად გაუმართლა.