ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარშალის ფონდის ახალი კვლევა და გორდონის მესიჯი


თურქეთის პრემიერი ერდოღანი არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე გამოდის სიტყვით, 13 სექტემბერი, 2011 (AP Photo/Khalil Hamra)
თურქეთის პრემიერი ერდოღანი არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე გამოდის სიტყვით, 13 სექტემბერი, 2011 (AP Photo/Khalil Hamra)

ვაშინგტონში დაფუძნებულ მარშალის ფონდში ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზინტაცია მოეწყო, რომელსაც „ტრანსატლანტიკური ტენდენციების გამოკვლევა 2011“ ჰქვია. კვლევა ყოველწლიურად ტარდება და მისი დანიშნულება ამერიკელი და ევროპელი აკადემიკოსებისა და პოლიტიკოსებისთვის სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდებაა, რომელიც მათ შემდგომი კვლევების ჩატარებაში ან პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარება. როგორც მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური ტენდენციების დირექტორმა ჟოლტ ნირიმ განაცხადა:

"კვლევის შედეგები უკვე 10 წელია გამოიყენება სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში. კვლევის თავდაპირველი დანიშნულება პოლიტიკოსებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება იყო, რომელიც მათ საგარეო პოლიტიკის წარმოებაში დაეხმარებოდა."

წლევანდელი კვლევისთვის მონაწილეები ამერიკაში, თურქეთსა და ევროკავშირის 12 ქვეყანაში გამოკითხეს. კვლევას რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება ჰქონდა, მათ შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, გლობალური შეხედულებები, ეკონომიკა და სტრანატლანტიკური უსაფრთხოება.

კვლევამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხედულება გამოკვეთა - ევროპელების 73 პროცენტი ეთანხმება პრეზიდენტი ობამას ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიას. მაგრამ ამერიკაში გამოკითხულთა მხოლოდ 50 პროცენტი უჭერს მხარს მის საერთაშორისო პოლიტიკას. საკუთარი მთავრობებით არც ევროპელებიარიან სრულიად კმაყოფილი. მაგალითად, ესპანეთში მთავრობის საგარეო პოლიტიკას გამოკითხულთა მხოლოდ 39 პროცენტი უჭერს მხარს, თურქეთში 45, ხოლო შვედეთს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 74 პროცენტი აქვს.

გლობალურ შეხედულებებს რაც შეეხება, ახალგაზრდა ამერიკელებში გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ამერიკისთვის აზია გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ევროპა. ევროკავშირის ქვეყნები კი სხვაგვარად ფიქრობენ-იქ ამერიკას ენიჭება გაცილებით დიდი მნიშვნელობა ვიდრე ჩინეთს.

ეკონომიკასთან დაკავშირებით გამოკითხვის ჩატარებამ ცხადყო, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი ამერიკელების 82 პროცენტს პირადად შეეხო. ეს მაჩვენებელი ევროპაში 61 პროცენტი იყო. აღმოსავლეთ ევროპაში კრიზისი ყველაზე მეტად ბულგარეთის მოსახლეობას შეეხო, სადაც 89 პროცენტი ეკონოიკურად მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს. გლობალური ფინანსური პრობლემა ყველაზე ნაკლებად შვედეთზე აისახა, სადაც მოსახლოების მხოლოდ 31 პროცენტმა განაცხადა, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების შესახებ მოსახლეობის გამოკითხვამ ცხადყო, რომ ევროპელები და ამერიკელები ერთნაირად აფასებენ სამხედრო ოპერაციების საჭიროებას. ამერიკაში, ევროკავშირსა და თურქეთში მოსახლეობის ერთმა და იგივე რაოდენობამ - 66-მა პროცენტმა - განაცხადა, რომ ისინი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას უჭერენ მხარს. მიუხედავად სამხედრო ოპერაციების მიმართ გულგრილობისა, გამოკითხულთა 62 პროცენტს მიაჩნია რომ ნატო ჯერ კიდევ ერთ-ერთი უნმიშვნელოვანესი ალიანსია მსოფლიოში. ამ შეხედულებას მხოლოდ შვედები არ ეთანხმებიან და იქ მხოლოდ გამოკითხულთა 47 პროცენტს მიაჩნია, რომ ნატო მათ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გამოკითხული 14 ქვეყნიდან 10ში მოსახლეობას მიაჩნია, რომ თავდაცვის სფეროში დანახარჯები არ უნდა შემცირდეს.

გამოკითხვის შედეგებმა ევროპელებსა და ამერიკელებს შორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება გამოავლინა. შეკითხვას-აუცილებელია თუ არა ომის დაწყება სამართლიანობის დასამყარაბლად ან აღსადგენად, ამერიკელების 75, ხოლო ევროპელების 31 პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი.

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ მარშალის ფონდში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი გამოვიდა. მან პირველ რიგში ყურადღება ობამას მიმართ ევროპელების მხარდაჭერაზე გააკეთა და განაცხადა:

„ფაქტია, რომ 75 პროცენტიანი მხარდაჭერა დღევენდელ სამყაროში ნებისმიერი საკითხის მიმართ წარმოუდგენლად მაღალია. ამიტომ რამდენიმე პროცენტით მხარდაჭერის დაკლება არც ისე საგანგაშოა, როგორც ამას მედიაში აშუქებენ. თუმცა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩვენსა და ევროპელებს შორის არსებობს განსხვავებები სტრატეგიულ კულტურაში. მაგრამ ეს ყველაფერი რეალურ ურთიერთობებზე არ აისახება. ამისი მაგალითი კი ლიბიაა. იქ სამხედრო ოპერაციის დაწყება სწორედ სამართლიანობის აღდგენას ესმსახურებოდა და ამ შემთხვევაში ამერიკელები და ევროპელები ერთნაირად ჩაერთვნენ ოპერაციაში.“

ბატონმა გორდონმა ისიც აღნიშნა, რომ დემოკრატიის მხარდაჭერასა და დემოკრატიის გავრცელებას ორი განსხვავებული პრინციპი უდევს საფუძვლად. ევროპაში მიაჩნიათ, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა უფრო ჯანსაღი და გამართლებული მიდგომაა, ვიდრე დემოკრატიის გავრცელება:

„[დემოკრატიის] გავრცელება ერაყის ომთან და ნეოკონსერვატორებთან ჯერ ისევ ასოცირდება. ეს ორი შეხედულება განასხვავებს ამერიკელებსა და ევროპელებს. მაგრამ ამის გამართლება ალბათ იმით შეიძლება, თუ როგორ აფასებენ ამერიკელები საკუთარ წვლილს დემოკრატიის მხარდასაჭერად და გასავრცელებლად გაწეულ ძალისხმევას. “

მიუხედავად ამ განცხადებისა, ბატონმა გორდონმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ მიუხედავად თეორიული და იდეოლოგიური განსხვავებებისა, ევროპა ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ რჩება.

XS
SM
MD
LG