როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მოთხოვნით ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ ახალი სანქციები დააწესა. ვაშინგტონის ელჩი გაეროში სუზან რაისი აცხადებს, რომ სანქციების ახალი პაკეტი საკმაოდ მკაცრია.
„ეს ძლიერი, მკაცრი და შთამბეჭდავი რეზოლუციაა. ირანი ამ რეზოლუციის წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერად იბრძოდა. მათ ამისთვის არც ფული, არც მცდელობა და არც ხრიკები არ დაუზოგავთ,“ - განაცხადა რაისმა.
საერთაშორისი სავაჭრო საკითხების იურისტი რიჩარდ ბარკი კი აცხადებს, რომ ეს სანქციები ირანის ვაჭრობას დიდად არ შეუშლის ხელს. მისი თქმით, ირანმა ბევრჯერ შეძლო სანქციებისთვის გვერდის ავლა.
„რეალურად, ირანს შეუძლია, თავის კომერციული საქმიანობა ჩვეულებრივ გააგრძელოს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებთან, შეერთებული შტატების გამოკლებით. თუკი, სანქციების მიზანი ქვეყნის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება ანდა პოლიტიკური ქცევის შეცვლაა, ამ სანქციებით არა მგონია, რომ რამე გამოვიდეს,“ - აცხადებს ბარკი.
ენერგეტიკის დეპარტამენტის დაზვერვის სამსახურის ყოფილი შეფი როლფ მოვატ-ლარსენი, ბირთვული პროგრამის მონიტორინგს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსთან ერთად ახორციელებდა. მას ბარკისგან განსხვავებით სჯერა, რომ ეს სანქციები ირანს საკმაოდ დიდ დარტყმას მიაყენებს. თუმცა, თეირანი არც თავის ბირთვულ ამბიციებზე იტყვის უარს და არც მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება. პირიქით, ამან შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს.
„მე არ ვფიქრობ რომ ეს ხალხი თავს იტყუებს და სჯერათ, რომ ირანი მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება და იტყვის, რომ სანქციებით ისე დაზარალდნენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის. რეალურად, კი მე ვშიშობ, რომ ამ სანქციებმა შესაძლოა ქვეყნის შიგნით გაძლიერება გამოიწვიოს და ბირთვული პროგრამა უფრო მეტი მონდომებით გააგრძელონ,“ - ამბობს ლარსენი.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა კომპრომისი უნდა გამონახოს უშიშროების საბჭოს წევრ და ვეტოთი აღჭურვილ ქვეყნებთან, ისეთი როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რადგან სანქციების დაწესების შემდეგაც ბევრი ნაბიჯი იქნება გადასადგმელი.
როლფ მოვატ-ლარსენი, რომელიც ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობას, ამბობს, რომ ბოლო რეზოლუცია აშკარად განსხავებულია, წინა რეზოლუციებისგან. მისი თქმით, სხვაგვარად გამოიკვეთა თურქეთის და ბრაზილიის პოზიცია. ისინი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდნენ და დოკუმენტს ხმა არ მისცეს. ლარსენი ამბობს, რომ ეს ცუდია, რადგან ეს ხელს შეუშლის რეზოლუციის შემდგომ მოვლენების ისე განვითარებას,როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია.
ახალი სანქციების სამიზნე ის კომპანიები გახდა, რომელთაც ირანი ნავთობით ამარაგებს. ამ ზომებმა კი ანალიტიკოსების თქმით, ირანს შეუძლია საგრძნობლად დააზარალოს. მართალია, ირანი ნავთობის უდიდესი მწარმოებელია, თუმცა მას არ შეუძლია ამ ნავთობის გადამუშავება, რასაც ის ძირითადად ქვეყნის გარეთ ახორციელებს.